კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის მერიიდან თანამშრომლების გათავისუფლება საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო

2 სექტემბერი, 2013
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისის მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედაგად დაწყებული დავა მერიის ახალ ადმინისტრაციასა და თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირთა  შორის სასამართლოში გრძელდება. მიმდინარე წლის 22 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომლების, მათ შორის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის კონტროლის განყოფილების ყოფილი უფროსის კობა გაბიანის სარჩელი დააკმაყოფილა და მათი თანამდებობაზე დანიშვნა მოითხოვა. 

სასამართლოს 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით (მოსამართლე გენადი მაკარიძე), ქუთაისის მერიას ქალაქის მერის 2013 წლის 18 ივნისის ბრძანების ბათილად ცნობა დაეკისრა. სწორედ აღნიშნული ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის კონტროლის განყოფილების უფროსის კობა გაბიანის თანამდებობიდან გათავისუფლება.  

გაბიანი, რომელიც ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის კონტროლის სამსახურის უფროსი იყო და  აღნიშნული თანამდებობიდან რეორგანიზაციისა და  შტატის შემცირების შედეგად გათავისუფლდა, აცხადებს, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლება უკანონოდ მოხდა.

"ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია კანონის უხეში დარღვევით ჩატარა. ქუთაისის  ვიცე-მერს თენგიზ თოფურიძეს, რომელიც მანამდე მერიის ამინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი იყო, არ სურდა მერიაში ადამიანთა იმ ჯგუფის ყოფნა, რომელიც მას პოლიტიკურ წარსულს გაახსენებდა. ანუ იმას, თუ ვინ იყო იგი 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე.  მინდა საჯაროდ განვაცხადო: ჩვენ მე და მერიის სხვა თანამშრომლები თანადებობებიდან გავთავისუფლდით მარტივი მიზეზის გამო - თოფურიძემ კარგად იცოდა, რომ ჩვენ არ დავეთანხმებოდით   მუშაობის იმ სტილს, რომელიც ძირითადად ინტრიგებსა და ერთმანეთის დასმენებზეა დამყარებული", - აცხადებს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის კონტროლის განყოფილების ყოფილი უფროსი კობა გაბიანი.

სასამართლოში გაბიანის, ისევე როგორც მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან  გათავისუფლებული დანარჩენი 10 პირის ინტერესებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტები იცავენ. 

"ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის შემდეგ თავიდან მოხდა ახალი თანამშრომლების მიღება. თუმცა, რეორგანიზაციის და შემცირების დროსაც გამოკვლეული და შესწავლილი უნდა ყოფილიყო კონკრეტული პირის შესაბამისობა. კონკრეტული პირის სამსახურიდან გაშვების საკითხი. რადგან ადმინისტრაციულ ორგანოს ცალსახად აქვს ვალდებულება, როცა წერს ინდივიდუალურად ბრძანებას, ყველაფერი შეისწავლოს. თუ ის არ არის შესწავლილი და დასაბუთებული, მას არ აქვს ძალა და ავტომატურად ბათილია. აღნიშნულ სასამართლო პროცესს პრეცენდენტული ხასიათი აქვს. ამავე დროს, ეს არის კარგი მაგალითი და შემდეგში პრაქტიკა  მსგავს ვითარებაში სარჩელის შემტანი პირებისთვის. რადგანაც აღნიშნულ საქმეში, თითქმის ყველა გარემოებაა, თუ როგორ არ უნდა მოხდეს პირის სამსახურიდან გათავისუფლება", - ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ქუთაისის ოფისის იურისტი თეო ზაქარაშვილი. 

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი სამსახურის სტრუქტურული დაქვემდებარება არ შეცვლილა. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2013 წლის 18 ივნისის ბრძანებით, დამტკიცდა ქუთაისის მერიის საშტატო ნუსხა, რომლის შესაბამისად, განყოფილების უფროსის სამი (მათ შორის კონტროლის განყოფილების უფროსის) საშტატო ერთეული განისაზღვრა.
 
გაბიანისა და მისი ადვოკატების განმარტებით, არ გაუქმებულა ის საშტატო ერთეული, რომელი თანამდებობაც მას ეჭირა. შესაბამისად, მისი სამსახურიდან გათავისუფლება უკანონო და დაუსაბუთებელია.
 
humanrights.ge აღნიშნულ სასამართლო საქმეში მესამე პირად ჩართულ ანა ჩაფიძეს დაუკავშირდა. პროფესიით იურისტი ჩაფიძე მერიის აუდიტისა და კონტროლის სამსახურის კონტროლის განყოფილების უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელია. აღნიშნული სამსახური ქუთაისის მერიაში ადმინისტრაციული სამსახურის კონტროლის განყოფილების რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა. 

"საქმეში ჩართული ვარ როგორც მესამე პირი, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილება შემეხებოდა მე, თუკი, რა თქმა უნდა, დაკმაყოფილებული იქნებოდა გაბიანის სარჩელი აღდგენის თაობაზე. მინდა განვმარტო, რომ ქუთაისის მერიაში შეიქმნა სრულიად ახალი სამსახური, ეს არის აუდიტისა და კონტროლის სამსახური და დაიშვა ახალი შტატი - კონტროლის განყოფილება, რაც, ბუნებრივია, არ ნიშნავს, რომ კონტროლის სამსახურმა პირვანდელი სახე აღიდგინა. აქ არის განსხვავებული ფუნქციები და სამსახური აბსოლუტურად სახეშეცვლილია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სამსახური ფუნქციონირებს სულ სხვა დებულებით და სრულიად სხვა კანონის საფუძველზე მუშაობს. იგი თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. ძველი სამსახური კი, სულ სხვა მიზნებს ემსახურებოდა. აქედან გამომდნარე, ვფიქრობ, რომ კობა გაბიანი საფუძვლიანად იყო გათავისუფლებული. სასამართლოს გადაწყვეტილება კი, დაუსაბუთებელია", - აცხადებს ანა ჩაფიძე.

იგი სასამართლოს გადაწყვეტილებას უსაფუძვლოდ თვლის და განმარტავს, რომ იგი ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შეიჭრა, როცა გადაწყვეტილების საფუძველზე  მერიას კობა გაბიანის არა აღდგენა, არამედ კონკრეტულ თანამდებობაზე მისი დანიშვნა დაავალა.
 
"ეს, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება კანონმებლობას. სასამართლო გადაწყვეტილებით შეიძლება აღადგინო და არა დანიშნო პირი. აღდგენაც მოხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამსახურს ექნებოდა პირვანდელი სახე. საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ" ითვალისწინებს მოხელის ორი წესით დანიშვნას. პირველი, როცა ხელმძღვანელობა გადაწყვიტავს დანიშნოს თუ არა პირი თანამდებობაზე და მეორე, ეს არის კონკურსის წესით არჩევა. ასე რომ, სასამართლოს გადაწყვეტილებით დანიშვნა არ ხდება", - აცხადებს ჩაფიძე. 
 
მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

ახალი ამბები