კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა

2 სექტემბერი, 2013
 
ქეთი ლაბაძე

საქართველოს პარლამენტმა 27 ივლისს მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები. ცვლილებები შეეხო საარჩევნო კოდექსის #49 მუხლსაც, რომლის გამოც ცოტა ხნის წინ, აჭარის უმაღლეს საბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლოში უჩივლეს.

საარჩევნო კოდექსის #49 მუხლი არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე ისეთი პროექტების განხორციელებას კრძალავდა, რაც სახელმწიფო ან ადგილობრივ ბიუჯეტში მანამდე არ იყო გათვალისწინებული. იკრძალებოდა ასევე არჩევნებამდე გათვალისწინებული საბიუჯეტო პროგრამების დაფინანსების ზრდა. საქართველოს პარლამენტმა  საარჩევნო კოდექსის ამ მუხლში ჩანაწერი: „არჩევნების დანიშვნის დღიდან“, ჩანაწერით _ „არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით“ შეცვალა. რაც იმას ნიშნავს, რომ აკრძალვა საბიუჯეტო ცვლილებებზე მხოლოდ არჩევნების დღემდე დარჩენილი ორი თვის ვადაზე გავრცელდება. 

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტში კი, ცვლილებები 2013 წლის 24 ივლისს რიგგარეშე  სხდომაზე 11 ხმით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ. კანონპროექტის მიხედვით, ბიუჯეტი 14 მილიონ 722 ათას 700  ლარით გაიზარდა, საიდანაც 13 მილიონ 554 ათას 400 ლარი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტებისთვისაა განკუთვნილი. კერძოდ, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ადლიის სანაპიროზე ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობისათვის 5 მილიონი ლარი გამოეყოფა. ამავე ფონდიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდება და დასრულდება გოდერძის უღელტეხილზე სამთო კურორტის ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი.

ცვლილებები განხორციელდა ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებებშიც - საყოველთაო დაზღვევის მეორე ეტაპის ამოქმედების შედეგად გამოთავისუფლებული თანხა, კერძოდ 555 ათას 400 ლარი, მოსახლეობისთვის განსაკუთრებულ შემთხვევებში სამედიცინო დახმარებისა და ბავშვთა ფსიქოსომატური რეაბილიტაციის მიმართულებით დაიხარჯება. ცვლილებების შედეგად მორჩენილი ნაშთიდან თანხა აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის დაფინანსების ნაწილშიც გაითვალისწინეს.

„ეს ღონისძიებები წლის დასაწყისშივე იყო დაგეგმილი და მათი გამოყენება წინასაარჩევნოდ არ მოხდება. იმ შემთხვევაში, თუ ამ პროექტს მხარს არ დავუჭერდით, გოდერძის უღელტეხილზე დაწყებული სამუშაოები გაჩერდებოდა, ასევე  წინასაარჩევნო პერიოდში დაფინანსების გარეშე დარჩებოდა ტელევიზია, საზოგადოება კი, სადისკუსიო სივრცის გარეშე“  - ამბობს სულხან ღლონტი. 

კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ. უმაღლესი საბჭოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრი პეტრე ზამბახიძე ფიქრობს რომ საკანონმდებლო ლაფსუსი ისევ შეიძლება განმეორდეს: „სხდომაზე სამწუხაროდ არ ვყოფილვარ, ჩვენ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილების შინაარსობრივ მხარეზე  პრობლემა არ გვქონდა, პირიქით მოვუწოდებდით ხელისუფლებას რომ დაემატებინა ხარჯები პროგრამებზე, სამწუხაროდ თვეების დაგვიანებით მოხდა ბიუჯეტის ცვლილება,  მხოლოდ მას შემდეგ რაც გამოცხადდა არჩევნები, იმ ეტაპისთვის კი ეს ცვლილება ეწინააღმდეგებოდა არსებითად საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლს. კოდქსში შეტანილი ცვლილების მიუხედავად, დარღვევას არაფერი ეშველება, რადგან დარღვევა ცვლილებებამდე მოხდა. ჩვენ მოვუწოდებდით ხელისუფლებას რომ გონივრულ ვადაში განეხორციელებინათ ცვლილებები, იგივე პრობლემას ვაწყდებით ახლა ტელევიზიასთან დაკავშირებით, 60 დღიანი ვადა უკვე გასულია.“

„საიამ“, „სამართლიანი არჩევნებისა“ და „დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან“ ერთად ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 2013 წლის 30 ივლისს წარადგინა: ისინი მოვითხოვეთ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამებამდე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ბიუჯეტიდან წინასაარჩევნო პერიოდში უკანონოდ გაზრდილი დაახლოებით 14 მილიონი ლარის ხარჯვის შეჩერებას.

„აჭარის უმაღლესმა საბჭომ ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა მაშინ, როდესაც  ცვლილება საარჩევნო კოდექსში მიღებული არ იყო. ამიტომ მასზე უკუძალა ვერ გავრცელდება. მან მაინც დაარღვია კანონი. ჩვენ ასე მივიჩნევთ და შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებით.“- ამბობს „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი ნინო რიჟამაძე.  

საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე განიხილავს. ორგანიზაციების „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საიას“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საიას იურისტი ესაუბრა მოსამართლის თანაშემწეს, რომლის ინფორმაციითაც მოსამართლე ერთი თვით შვებულებაში გადის, რის გამოც საქმის განხილვა სექტემბერში დაიწყება.  

საიაში მიიჩვევენ, რომ „თუ სასამართლო საქმის განხილვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადას გამოიყენებს, მას იმის შესაძლებლობაც აქვს, რომ წინამდებარე დავის განხილვის ვადა 5 თვემდე გაზარდოს.“ 
არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით უმაღლესი საბჭოს იმ დეპუტატებს, რომლებმაც საბიუჯეტო ცვლილებებს მხარი დაუჭირეს, გადაწყვეტილების კანონიერებაში ეჭვი არც საკანონმდებლო ცვლილების მიღებამდე ეპარებოდათ: „საარჩევნო კოდექსში არ არის მითითებული აჭარის ბიუჯეტზე, იქ მხოლოდ თვითმმართველობების ბიუჯეტებზეა საუბარი“- ასე ახსნა უმაღლესი საბჭოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრე ჩიტიშვილმა გადაწყვეტილების კანონიერება. მისივე თქმით, უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილების გადახედვას არ გეგმავს: „მით უმეტეს მაშინ, როცა კანონმდებლობაში ცვლილება შევიდა.“

საქართველოს პარლამენტის წევრი და ამ ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორი ვახტანგ ხმალაძე ფიქრობს რომ ეს ცვლილება არ შეუშლის ხელს ჯანსაღი საარჩევნო გარემოს შექმნას: „კოდექსში წერია, რომ არჩევნების თარიღი უნდა გამოცხადდეს ამ დღემდე არაუგვიანეს სამოცი დღისა. ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნების თარიღი შეიძლება დაინიშნოს სამოცი დღით ადრეც და ასოთხმოცი დღით ადრეც, ეს პრეზიდენტზეა დამოკიდებული. თუკი საბიუჯეტო ცვლილებების აკრძალვა მიებმება არჩევნების დანიშვნის თარიღს, მაშინ შეიძლება ხელისუფლება აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში როდესაც ვერაფერს გააკეთებს. 

მაგალითად, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილია თანხა შიდა მუნიციპალურ გზებზე ასფალტის დასაგებად, ის დამტკიცებულია. წლის განმავლობაში მზადდება პროექტები ამ გზებთან დაკავშირებით, რომლის კვალობაზეც ხდება გზებთან დაკავშირებული თანხების გადანაწილება უკვე კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში, ამ გზის რეაბილიტაციის დასაფინანსებლად. ეს ფული უნდა გადაეცეს ადგილობრივ თვითმმართველობას, რომ მან გამოაცხადოს ტენდერი და გზა გაიყვანოს. ამაზეა საუბარი, ახალი პროექტების დამატების აკრძალვა კი წინასაარჩევნო პერიოდში ძალაში რჩება.”  

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ასევე ნათქვამია, რომ „კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს.“ „სამართლიანი არჩევნების“ სპეციალისტებს ამ საკითხთან დაკავშირებითაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ: „პირიქით, ეწინააღმდეგება და  არ შეესაბამება სიმართლეს შემდეგ გარემოებათა გამო: 2011 წლის 19 დეკემბერს ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტი. აგრეთვე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლების ოფისის 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შუალედურ ანგარიშში წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას ორგანიზაციები სახელმწიფოს მოუწოდებენ, რომ სახელმწიფო ორგანოებმა თავი შეიკავონ არჩევნების პერიოდში დამატებითი სოციალური პროგრამების დაწყებისაგან.“

ჯერჯერობით არ არის ცნობილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეჯამებამდე განიხილავს თუ არა სასამართლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში არჩევნების გამოცხადების შემდეგ შესული ცვლილებების კანონიერების საკითხს.

ახალი ამბები