კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაციონალური მოძრაობა აკრიტიკებს ივანიშვილის ‘კატასტროფულ’ განცხადებას ევრაზიულ კავშირზე

4 სექტემბერი, 2013
 
სივილ ჯორჯია

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა გოკა გაბაშვილმა „საქართველოს ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი“ და „კატასტროფული“ უწოდა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისგანცხადებას ევრაზიულ კავშირზე და იმედი გამოთქვა, რომ „ეს იყო რუსეთთან გარკვეული კეკლუცობა“. 

4 სექტემბერს პრესკონფრენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, თუ რამდენად საინტერესო იქნება საქართველოსთვის რუსეთის მიერ ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის შეთავაზებულ ევრაზიულ კავშირში შესვლა, ივანიშვილმა განაცხადა: „ევრაზიულ კავშირს რაც შეეხება, მე ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობთ. ამ ეტაპზე არავითარი პოზიცია არ გაგვაჩნია. თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის ეს იქნება საინტერესო, რატომაც არა. ამ ეტაპზე  არა გვაქვს პოზიცია“.

„პრემიერ-მინისტრის რანგში ისეთი განცხადებების კეთება, რომელიც მან გააკეთა, არის ნამდვილად დამაზიანებელი საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის“, - განაცხადა დეპუტატმა გაბაშვილმა 4 სექტემბერს საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე. 

„ეს არის მართლაც კატასტროფული განცხადება პრემიერ-მინისტრის რანგში იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობას ძალიან ნათლად რეფერენდუმზე ხმათა უმრავლესობით აქვს გაცხადებული, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი. შეგახსენებთ, რომ ამ პარლამენტმაც უმრავლესობისა და უმცირესობის მხარდაჭერით მიიღო დოკუმენტი, სადაც ნათლად და მკაფიოდ არის გამოხატული საგარეო პოლიტიკური ორიენტირი - ეს არის ევროკავშირი და ნატო“, - აღნიშნა მან. 

„საუბარი იმაზე, რომ ევრაზიული კავშირი, პუტინის ავტორობით შექმნილი პროექტი, რომელშიც საქართველოს გაწევრიანება -  ამის თეორიული შესაძლებლობის დაშვება არის ნამდვილად კატასტროფა ამ ქვეყნისთვის, არის ნამდვილად სრულებით გადახვევა იმ გზიდან, რომელიც ძალიან ფართო კონსენსუსით საქართველოს პოლიტიკურ ძალებს აქვთ არჩეული, ეს არის მართლაც კატასტროფული განცხადება“, - განაცხადა გაბაშვილმა.

მისი თქმით, ამ „დაუფიქრებელი და გაუაზრებელი განცხადების შემდეგ“ საერთაშორისო ან რუსულ პრესაში გაჩენილი მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ „საქართველო არ გამორიცხავს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას“, მთლიანად ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა იქნება. 
 
„მე იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრმა მოიტყუა, მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა არ სწავლობს ამ შესაძლებლობას, მე იმედი მაქვს, რომ ეს შესაძლებლობა სერიოზულ განხილვაში არ არის და ეს იყო რუსეთთან გარკვეული კეკლუცობის მორიგი რაუნდი და არა სერიოზული პოლიტიკური განზრახვა, რომ საქართველოს მთავრობამ განიხილოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება“, - განაცხადა გოკა გაბაშვილმა და ბიძინა ივანიშვილს, სანამ ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრია, მოუწოდა, რომ „ბევრად უფრო ყურადღებით და პასუხისმგებლობით მოეკიდოს თავის გამონათქვამებს“.

დეპუტატ გაბაშვილის გამოსვლის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას მოკლე რეპლიკით უპასუხა: „მინდა ბატონი გოკა გაბაშვილი ამ შემთხვევაში დავამშვიდო, რომ მისი პროგნოზი ნამდვილად მართალია, ბოლოში რაც ისაუბრა. დიახ, რა თქმა უნდა, ეს ასეა“.

ახალი ამბები