მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი
გარდაბნის რაიონის მსგავსად გამგებლის მოადგილეები არჩევნების შემდეგ მეორედ შეიცვალნენ მარნეულშიც. ქვემო ქართლის ორ რაიონში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს სხვა მსგავსებაც აქვთ - ახალი კადრები შსს-ს ყოფილი თანამშრომლები არიან.
,, ჩვენთან შეიცვალა გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლები. მათ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს თანამდებობები. 20 აგვისტოს დაწერა განცხადება აწ, უკვე ყოფილმა მოადგილემ, თამაზ ენუქიძემ. 2 სექტემბერს ამ ადგილზე დანიშნვის სურვილით განცხადება მერაბ თოფჩიშვილმა შემოიტანა და მის დასანიშნად ბრძანება მზადდება. რაც შეეხება მეორე მოადგილეს, მან განცხადება 7 აგვისტოს დაწერა და 8 აგვისტოს მის ნაცვლად, რამინ ისმაილოვი დაინიშნა“,- ამბობს მარნეულის გამგეობის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო დეკანოიძე. კითხვაზე რა გამოცდილების ხალხი მიიღეს სამსახურში ამბობს, რომ მათ ორივეს უმაღლესი განათლება და შსს-ში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
,, ამ თანამდებობაზე კონკურსი არ გამოცხადებულა, ეს კადრები გამგებლის ბრძანებით დაინიშნენ. აღნიშნულ უფლებას მას კანონი ანიჭებს და ამისთის საკრებულოს თანხმობა არ არის საჭირო“, - დასძენს დეკანოიძე.
შსს-დან გამგებაში მოსული, მარნეულის გამგებლის მოადგილის მოვალეობის ახალი შემსრულებელი, რამინ ისმაილოვი ამბობს, რომ პოლიციის შემდეგ გამგეობაში მუშაობა მისთის ადვილია.
,, 2002 წელს დავამთავრე პოლიციის აკადემია. შემდეგ შსს-ში სხვადასხვა პოზიციებზე 2011 წლამდე ვმუშაობდი. სამსახურიდან წავედი პირადი პატაკის საფუძველზე. 2012 წელს კი, აღვიდგინე თავი ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოში და აგვისტომდე ვმუშაობდი მარნეულის საუბნო განყოფილების უფროსად“, - ამბობს ისმაილოვი.
აღსანიშნავია, რომ მის წინამორბედს წასვლის შესახებ განცხადება 7 აგვისტოს აქვს დაწერილი, ისმაილოვს კი, თანამდებობის დაკავების სურვილი გამგეობაში წერილობით 8 აგვისტოს აქვს გაცხადებული.
კითხვაზე, გამგებლის მოადგილის თანამდებობის გათავისუფლება როგორ შეიტყო, ამბობს, რომ გამგებელმა და ,,უფროსობამ “ დაურეკა და ,,გვერდში დგომა“ სთხოვა.