კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩევნების შემდეგ კახეთში 628 საჯარო მოსამსახურე გაათავისუფლეს

11 სექტემბერი, 2013
 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

2012 წლის 01 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2013 წლის 15 ივლისის ჩათვლით, კახეთის რეგიონში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან და გუბერნატორის ადმინისტრაციიდან 628 თანამშრომელი გაათავისუფლეს. აქედან, პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა 389 პირმა დატოვა, ამავე პერიოდში მუნიციპალიტეტების გამგეობებსა და საკრებულოებში 679 ახალი თანამშრომელი აიყვანეს.

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან სულ 96 საჯარო მოსამსახურე გათავისუფლდა. პირადი განცხადების საფუძველზე სამსახური დატოვა 71–მა თანამშრომელმა, ხოლო  26 საჯარო მოსამსახურე გათავისუფლდა ადმინისტრაციის ინიციატივით, დაწესებულების შტატით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირებისას,  არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისა და საპენსიო ასაკის მიღწევის გამო. 2012 წლის 01 ოქტომბრიდან 2013 წლის 15 ივლისის ჩათვლით პერიოდში, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე მიღებულ იქნა 112 თანამშრომელი. 
 
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან გათავისუფლებულია 5 საჯარო მოსამსახურე. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საკრებულოდან აცნობეს, სამმა თანამშრომელმა დაკავებული თანამდებობა ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო დატოვა, ორ თანამშრომელს სამსახურებრივი უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა. აღნიშნულ პერიოდში თელავის საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით მიღებულ იქნა 5 თანამშრომელი.

მოცემულ პერიოდში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებულია 126 საჯარო მოსამსახურე. 34–მა თანამშრომელმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა; 80 საჯარო მოსამსახურე გათავისუფლდა სამსახურის ვადის გასვლის გამო; 12 თანამშრომელი სამსახურის ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, გარდაცვალების, სასამართლოს განჩინებისა და გამგებლის გადაწყვეტილების საფუძველზე გაათავისუფლეს. 2012 წლის 01 ოქტომბრიდან 2013 წლის 15 ივლისის ჩათვლით პერიოდში გურჯაანის მინიციპალიტეტის გამგეობაში 134 ახალი თანამშრომელი აიყვანეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან გათავისუფლებულია 4 საჯარო მოსამსახურე. აქედან, სამმა მათგანმა დაკავებული თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, ხოლო ერთი თანამშრომელი გათავისუფლდა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო. 2012 წლის 01 ოქტომბრიდან 2013 წლის 15 ივლისის ჩათვლით, საკრებულოში 6 ახალი თანამშრომელი მიიღეს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებულია 45 საჯარო მოსამსახურე, აქედან პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა 25–მა თანამშრომელმა, სამსახურის ვადის გასვლის გამო გათავისუფლდა 13 საჯარო მოსამსახურე, 7–მა თანამშრომელმა თანამდებობა დატოვა სამსახურის ლიკვიდაციის, სასამართლოს განჩინებისა და  სხვა დაწესებულებაში გადასვლის გამო. აღნიშნულ პერიოდში ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მიღებულ იქნა 39 საჯარო მოსამსახურე.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა ერთი საჯარო მოსამსახურე. მოცემულ პერიოდში საკრებულოში ერთი ახალი თანამშრომელი აიყვანეს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებულია 6 საჯარო მოსამსახურე. პირადი განცხადების საფუძველზე სამსახური დატოვა 5–მა საჯარო მოსამსახურემ, ერთი თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. 2012 წლის 01 ოქტომბრიდან 2013 წლის 15 ივლისის ჩათვლით პერიოდში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მიღებულია 23 საჯარო მოსამსახურე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან სულ გათავისუფლდა სამი საჯარო მოსამსახურე. ერთმა თანამშრომელმა სამსახური დატოვა პირადი განცხადების საფუძველზე, ერთ თანამშრომელს სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუწყდა დისციპლინალური გადაცდომისათვის, ერთი თანამშრომელი გათავისუფლდა ფრაქციის ლიკვიდაციის გამო. აღნიშნულ პერიოდში ლაგოდეხის საკრებულოში 5 ახალი თანამშრომელი აიყვანეს.

2012 წლის 01 ოქტომბრიდან 2013 წლის 15 ივლისის ჩათვლით პერიოდში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებულია 83 საჯარო მოსამსახურე. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საგარეჯოს გამგეობიდან აცნობეს, პირადი განცხადების საფუძველზე დაკავებული თანამდებობა 49 თანამშრომელმა დატოვა, დისციპლინარული გადაცდომისათვის თანამდებობიდან გათავისუფლებულია 2 პირი, დაწესებულების შტატით გათვალისწინებული თანამდებობათა შემცირების გამო და რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლდა 27 თანამშრომელი, ხოლო 5–მა თანამშრომელმა სამსახური დატოვა კანომდებლობით დადგენილი ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. საანგარიშო პერიოდში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში 91 ახალი თანამშრომელი აიყვანეს.

2012 წლის 01 ოქტომბრიდან 2013 წლის 15 ივლისის ჩათვლით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკადრო ცვლილებები არ განხორციელებულა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულია 84 საჯარო მოსამსახურე ამავე პერიოდში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში 83 ახალი თანამშრომელი აიყვანეს.

დედოფლისწყაროს საკრებულოდან გათავისუფლებულია 9 საჯარო მოსამსახურე. აქედან, პირადი განცხადების საფუძველზე სამსახური დატოვა 8 თანამშრომელმა. ერთი თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდა ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში აღნიშნულ პერიოდში 16 ახალი თანამშრომელი აიყვანეს.

2012 წლის 01 ოქტომბრიდან 2013 წლის 15 ივლისის ჩათვლით პერიოდში, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებულია 69 საჯარო მოსამსახურე. აქედან, პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა 44–მა თანამშრომელმა, დისციპლინარული გადაცდომის გამო სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუწყდა 7 თანამშრომელს, 18 საჯარო მოსამსახურე თანამდებობიდან გათავისუფლდა შტატების შემცირების გამო. ამავე პერიოდში, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 67 ახალი თანამშრომელი მიიღეს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა 10 საჯარო მოსამსახურე და დაინიშნა 7 ახალი თანამშრომელი.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებულია 67 საჯარო მოსამსახურე. აქედან, 38–მა თანამშრომელმა სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, 29 საჯარო მოსამსახურე კი გამგებლის ბრძანებით გათავისუფლდა. ამავე პერიოდში სიღნაღის გამგეობაში 71 ახალი თანამშრომელი აიყვანეს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან გათავისუფლებულია 10 საჯარო მოსამსახურე. აქედან პირადი განცხადების საფუძველზე და სამსახურის ვადის გასვლასთან დაკავშირებით თანამდებობა დატოვა 7–მა თანამშრომელმა. 2012 წლის 01 ოქტომრიდან 2013 წლის 15 ივლისის ჩათვლით პერიოდში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 19 ახალი თანამშრომელი აიყვანეს.

2012 წლის 01 ოქტომბრიდან 2013 წლის 15 ივლისის ჩათვლით პერიოდში, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან გათავისუფლებულია 10 საჯარო მოსამსახურე. 7–მა თანამშრომელმა თანამდებობა პირადი განცხდების საფუძველზე დატოვა. სამ თანამშრომელს სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუწყდა სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით. ამავე პერიოდში, კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში 10 ახალი თანამშრომელი აიყვანეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თვითმმართველობის ორგანოების გარდა თანამშრომლები გაათავისუფლეს საკრებულოების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირებიდან, მათ შორის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებიდან, კულტურის სახლებიდან, სახელოვნებო სკოლებიდან და ა.შ. ყველაზე მეტი თანამშრომელი საბავშვო ბაღებიდან არის გათავისუფლებული. ოფიციალური მონაცემებით, მარტო ახმეტის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებიდან 238 თანამშრომელი გაათავისუფლეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თვითმმართველობის ორგანოების გარდა საბიუჯეტო დაწესებულებებიდან  გათავისუფლებულ თანამშრომელთა რიცხვი კახეთში 1500-ს აღემატება.

ახალი ამბები