კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება ცესკოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით

13 სექტემბერი, 2013
 
3 სექტემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის წარმდგენ საინიციატივო ჯგუფს უარი უთხრა რეგისტრაციაზე. ცესკოს აღნიშნული განკარგულება სალომე ზურაბიშვილმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში. 6 სექტემბერს საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ცესკოს გადაწყვეტილება, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილმა საჩივრით სასამართლოს ზემდგომ ინსტანციებს მიმართა. საბოლოოდ ზურაბიშვილის საჩივარი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილს, ორმაგი მოქალაქეობის გამო (საქართველო-საფრანგეთი), 27 ოქტომბრის არჩევნებში პრეზიდენტობის  თანამდებობაზე კენჭისყრის უფლება არ მიეცა.  

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, კონსტიტუციური ნორმები ამ საკითხზე ნათლად არ არის ჩამოყალიბებული, მაგრამ თუ ამ ნორმებს კომპლექსურად გავეცნობით, ვთვლით, რომ ცესკოს მხრიდან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისათვის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარის თქმა კონსტიტუცის არასწორი ინტერპრეტაციაა.

უპირველეს ყოვლისა, უნდა გაიმიჯნოს პრეზიდენტის კანდიდატად დარეგისტრირება და პრეზიდენტობის თანამდებობის დაკავების ცნება. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად (რაზეც ცესკო აპელირებს), “საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა“. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ნორმა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს უკრძალავს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას და არა კანდიდატად დარეგისტრირებას. 

საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის 2-ე პუნქტის თანახმად, “პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 35 ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში“. აღნიშნული ნორმა საქართველოს მოქალაქეს უფლებას აძლევს, არჩეულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე. 

საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლი განასხვავებს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების და კანდიდატად დარეგისტრირების ცნებებს, რადგან პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავება ხდება მის მიერ საპროგრამო სიტყვის წარმოთქმისა და ფიცის დადების შემდეგ (კონსტიტუციის 71-ე  მუხლი 1 პუნქტი). აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც აგრეთვე აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა და ვინც აკმაყოფილებს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მოთხოვნებს, შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა, ხოლო კონსტიტუციის 29-ე მუხლის თანახმად, მას პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების უფლება არა აქვს, ვიდრე უარს არ იტყვის უცხო ქვეყნის მოქალაქეობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ადამიანის უფებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება ორმაგი მოქალქეობის მქონე პირთათვის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის გავლაზე უარის თქმის შესახებ არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. 

სამწუხაროა, რომ სასამართლომაც გაიზიარა ცესკოს შეცდომა და არ დააკმაყოფილა სალომე ზურაბიშვილის სარჩელი.
 
ასევე აღსანიშნავია ცესკოს მიერ დაშვებული კიდევ ერთი უსწორობა, რაც ასევე დაკავშირებულია ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის რეგისტრაციასთან. კერძოდ, სალომე ზურაბიშვილის გარდა, კიდევ ორ პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატის წარმდგენ სუბიექტებს ეთქვა უარი რეგისტრაციაზე, ასევე - ორმაგი მოქალაქეობის საფუძველზე. მათგან ერთ-ერთმა, რომელსაც საქართველოს და ჰოლანდიის მოქალაქეობა აქვს, გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ - უშედეგოდ. 

ამასთან, 10 სექტემბერს პრეზიდენტობის კიდევ ერთმა მსურველმა ზურაბ წიწუაშვილმა განაცხადა, რომ მასაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს (საქართველო-აშშ), მაგრამ ამის მიუხედავად, ცესკომ მისი წარმომდგენი  საინიციატივო ჯგუფი და პირადი წარმომადგენელი დაარეგისტრირა. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა განმარტა, “ზურაბ წიწუაშვილი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯერ დარეგისტრირებული არ არის და ამ ეტაპზე მხოლოდ საინიციატივო ჯგუფს აქვს ცესკოში რეგისტრაცია გავლილი. საინიციატივო ჯგუფის დარეგისტრირების დროს წარმოდგენილ დოკუმენტაციაში  არსად არ ფიქსირდებოდა წიწუაშვილის ორმაგი მოქალაქეობა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან  საჯაროდ განაცხადა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ, ცესკო შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვს დოკუმენტაციას და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი შემაშფოთებლად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ერთ შემთხვევაში ცესკო პირადად იძიებს ინფორმაციას ორმაგი მოქალაქეობის შესახებ და აღნიშნული საფუძვლით პოტენციური პრეზიდენტობის კანდიდატის საინიციატივო ჯგუფს უარს ეუბნება რეგისტრაციის გავლაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში, საინიციატივო ჯგუფს ატარებს რეგისტრაციაში, რითაც ფაქტობრივად პრეზიდენტობის კანდიდატს უჩნდება ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ და იწყებს ხელმოწერების მოგროვებას, შტაბების გახსნას, თანამშრომლების აყვანას, რაც სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ცესკო ამ შემთხვევაში არც ინტერესდება მისი ორმაგი მოქალაქეობის საკითხით, მიუხედავად იმისა, რომ წიწუაშვილმა თავისი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ განაცხადა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით. ცესკოს მიდგომის ასეთი ორმაგი სტანდარტი აჩენს ეჭვს, რომ სალომე ზურაბიშვილის საინიციატივო ჯგუფისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმა, შესაძლოა, პოლიტიკური მიზეზებით იყოს განპირობებული.    
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი იმედოვნებს, რომ ახლადარჩეული ცესკოს თავმჯდომარე დროულად გაერკვევა შექმნილ სიტუაციაში და მიიღებს  კანონის შესაბამის  გადაწყვეტილებებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები