კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ციხის ბუნტის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე ბაჩო ახალაია დაიკითხა

13 სექტემბერი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მესამე სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიმდინარეობს. 10 სექტემბერს  ბრალდებული ახალაია 2006 წელს მომხდარი ციხის ბუნტის საქმეზე დაიკითხა. იგი ამ პერიოდში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ციხის ბუნტის ეპიზოდზე ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების - მეგის ქარდავას,  დავით ჭაკუას და რევაზ ჭარბაძის სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვა  გაიმართა. 

„იმ დროს ყველა დაწესებულებაში იყო მინიმუმ ერთი კანონიერი ქურდი. ისინი მართავდნენ სისტემას, ჰქონდათ ობშიაკები, თამაშობდნენ აზარტულ თამაშებს და ჩაგრავდნენ სხვა პატიმრებს.   გვინდოდა მათთვის ძალაუფლება ჩამოგვერთმია  და ამ მიზნით გვინდოდა ერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოგვეყარა ყველა ქურდისთვის თავი. ღამის საათებში დავიწყეთ ქურდების გადაყვანა, რათა მშვიდად ჩაევლო ამ პროცესს, თუმცა ამას მოჰყვა პროტესტი, ყვირილი და მასობრივი არეულობა.  ეს ქურდები ბუნტის მოწყობისათვის უკვე გასამართლებულები არიან და ახლა მე მდებენ იგივეში ბრალს.“ -  აღნიშნა ბაჩო ახალაიამ დაკითხვის დროს. 

პროცესზე ასევე დაიკთხნენ ახალაიას დაცვის უფროსი, თეიმურაზ ტაკიძე, რომელმაც განაცხადა რომ იგი მუდმივად იმყოფებოდა ახალაიასთან ერთად, მათ შორის ციხის ბუნტის დროსაც. მისი თქმით, ახალაიას მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი არ ჰქონია. 

9  სექტემბერს გამართულ პროცესზე მოსამართლემ ბრალდებისა და დაცვის  მხარის შესავალი სიტყვები მოისმინა. პროკურორმა რევაზ ნადოიმ ბრალდების შესახებ დადგენილება წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, ახალაიას, ჭარბაძეს, ქარდავას და ჭაკუას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა  (333-ე მუხლი) და  თავისუფლებაშეზღუდული პირების წამებაში (1441-ე მუხლი) ედებათ. 

„სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელმა თავმჯდომარებმ ბაჩანა ახალაიამ  2006 გაზაფხულზე გადაწყვიტა გაექარწყლებინა მის მიერ პატიმრების ცემის და დამცირების თაობაზე გავრცელებული ხმები. მან დაავალა მე-7 საპყორბილის დირექტორის მოადგილეს, მეგის ქარდავას, რომ მასთან კაბინეტში მიეყვანა მსჯავრდებული კანონიერი ქურდი პლატონ მამარდაშვილი, რაც განხორციელდა კიდეც კანონდარღვევის შედეგად. ახალაიამ მამარდაშვილს გააცნო გეგმა, რომლის თანხმადაც, დერეფანში, სადაც წინასწარვე იქნებოდა დამონტაჟებული ვიდეოკამერა, იგი უნდა შეხვედროდა მსჯავრდებულ ზურაბ ვიბლიანს რომელიც იყოს  ციხის ე.წ. „მაყურებელი“.  მამარდაშვილს ვიბლიანთან უნდა ესაუბრა ციხეში კრიმინალური ავტორიტეტებისთვის შექმნილ გაუსაძლის მდგომარეობაზე, რაშიც ახალაია უნდა დაედანაშაულებინა. მამარდაშვილს ვიბლიანისთვის უნდა შეეთავაზებინა გეგმა, რომ მოეძებნათ პატიმარი, რომელიც მიიყენებდა თვითდაზიანებას, შემდეგ კი იჩივლებდა და გაახმაურებდა ფაქტს, თითქოსდა ახალაიამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბაჩანა ახალაიას განზრახვით, მას შემდეგ რაც აღნიშნული გეგმა შესრულდებოდა, იგი გამოაქვეყნებდა პლატონ მამარდაშვილისა და ზურაბ ვიბლიანის საუბრის კადრებს და ამით საზოგადოებას დაარწმუნებდა, რომ მასზე გავრცელებული ხმები პატიმრებთან არასათანადო მოპყრობის თაობაზე, კრიმინალური ავტორიტეტების მიერ იყო ინსცენირებული, “ -  აღნიშნა ბრალდების მხარემ შესავალ სიტყვაში. 

პროკურორის განცხადებით, მას შემდეგ რაც მამარდაშვილი შეხვდა ვიბლიანს, თუმცა არ შეასრულა დავალება და ვიბლიანს არაფერი უთხრა გეგმის შესახებ, ახალაიამ მათი დასჯა განიზრახა.  პროკურატურის ინფორმაციით, 2006 წლის 27 მარტს ახალაია მეგის ქარდავასთან, რევაზ ჭარბაძესთან და მე-7 საპყრობილის დირექტორ, გიორგი ფოლადაშვილთან ერთად მივიდა სამკურნალო დაწესებულებაში, მოითხოვა დირექტორის კაბინეტში დასჯის მიზნით მიეყვანათ მსჯავრდებულები პლატონ მამარდაშვილი და ზურაბ ვიბლიანი, ასევე ციხის ე.წ. „მაყურებლები“ გიორგი ავალიანი და ლევან ცინდელიანი. აღნიშნულ პატიმრებს მოაჭრეს თმები და ჩაულაგეს ჯიბეში, დამცირების მიზნით. ახალაიამ ავალაიანს სახეში შეაფურთხა, რაზეც ავალიანმა მას სახეში გაარტყა. ამის შემდეგ მსჯავრდებულები სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც გაათრიეს საპატიმროს ეზოში და სხვა პატიმრების თვალწინ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

გამოძიების ინფორმაციით, ახალაიას და ადმინისტრაციის  ხელმძღვანელთა უკანონო ქმედებას, დაწესებულებაში მყოფი პატიმრების მხრიდან მოყვა აქტიური პროტესტი, რაც გადაიზარდა ციხის ბუნტში, რომელიც შეეხო #1, #5 და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებას.
 
ბაჩანა ახალაიას საქმის სასამართლო განხილვა 17 სექტემბერს დღის 14:00 სთ.ზე განახლდება, რა დროსაც მხარეები საბოლოო სიტყვას წარმოადგენენ.

ახალი ამბები