კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ხალხის პარტიის“ ლიდერი გორელ ამომრჩეველს შეხვდა

23 სექტემბერი, 2013
 
კატო ქოთოლაშვილი, შიდა ქართლი

12 სექტემბერს პრეზიდენტობის კანდიდატი კობა დავითაშვილი გორელ ამომრჩევლებს შეხვდა. შეხვედრა „ხალხის პარტიის“ ოფისის ეზოში გაიმართა. კობა დავითაშვილი შეკრებილ მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამის დეტალებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. როგორც კობა დავითაშვილმა აღნიშნა, მისი გორში ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი კანონპროექტის ინიცირებისთვის ხელმოწერების შეგროვებაცაა. „მე ვაგროვებ ხელმოწერებს და მინდა გთხოვოთ თქვენც, რომ მომეხმაროთ 200 000 ხელმოწერის მოგროვებაში, რომ ჩვენს ქვეყანაში მიწა ქართველების საკუთრებაში დარჩეს და არ გაიყიდოს უცხოელებზე. ამ საკონსტუტიციო ცვლილების შემდეგ, თუ მიწა მოხვდება რომელიმე უცხოელის ხელში, მისი დათმობა მოუწევს“ - მიმართა პრეზიდენტობის კანდიდატმა ამომრჩევლებს. 

კობა დავითაშვილმა საარჩევნო პროგრამის სხვა მიმართულებებზეც ისაუბრა - „მე ვფიქრობ რომ უნდა აღდგეს სამართლიანობა, ამისთვის კი აუცილებელია განხორციელდეს სასამართლო რეფორმა. გარდა ამისა მნიშვნელოვანია სოციალური სამართლიანობის აღდგენა. სამწუხაროდ, დღემდე რამდენჯერაც მოხდა ხალხის და ბიზნესის ინტერესების დაპირისპირება, ხელისუფლებამ ბიზნესის მხარე დაიჭირა. გაგახსენებთ შრომის კოდექსის ამბებს, სწორედ მაშინ მოხდა ჩემი პირველი დაპირისპირება მარგველაშვილთან. სამწუხაროდ დღემდე რჩება შრომის კოდექსში მუხლი, იმის შესახებ, რომ თუ ადამიანის ხელშეკრულების ვადის გასვლამდე გათავისუფლების საკითხი დადგება, ნებისმიერი მიზეზი შეიძლება გავიდეს „სხვა ობიექტურ გარემოებაში“. ასევე შესაცვლელია ხელშეკრულებების ხანგრძლივობაც, ჩემი შეხედულებით თავდაპირველად უნდა იყოს გამოსაცდელი ვადა, ხელშეკრულება კი მინიმუმ ერთი წლის ვადით უნდა დაიდოს, რადგან დაქირავებულმა შვებულებით სარგებლობაც შეძლოს, შესაცვლელია დეკრეტული შვებულების საკითხი და გასაზრდელია ანაზღაურებაც, რათა ხელი შეეწყოს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას“. 

საუბარი შეეხო კაზინოების და აზარტული თამაშების თემასაც. კობა დავითაშვილის თქმით, ისევე როგორც მეზობელ სახელმწიფოებშია აკრძალული (თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში) საქართველოშიც უნდა აიკრძალოს აზარტული თამაშები. როგორც მან აღნიშნა, ამაზე მთავრობა მუშაობდა, თავად მოამზადა კანონ-პროექტიც, თუმცა საბოლოოდ „ხელისუფლებამ ისევ ბიზნესის მხარე დაიჭირა“ და კანონი არ იქნა მიღებული. 

პრეზიდენტობის კანდიდატმა შეხვედრაზე მისული ამომრჩევლების შეკითხვებსაც უპასუხა. ერთ-ერთი შეეხებოდა სადაზღვევოო სისტემას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. „ქართული ოცნების ჯანდაცვის პროგრამის ავტორი ვარ მე, მე მოვამზადე და დაპირებაც მივეცით ხალხს, რომ როცა მოვიდოდით ხელისუფლებაში, სადაზღვევო სისტემა შეიცვლებოდა. ადრე ასე ხდებოდა, რომ  კერძო კომპანიები სახელმწიფო ფულს იღებენ და შემდეგ უკვე პაციენტის მომსახურებაზე აღარ ზრუნავდა.  ამის ნაცვლად სახელმწიფო ფული უნდა ყოფილიყო არამომგებიან სადაზღვევო ფონდში ჩადებული და მთელი ფული უნდა მოხმარებოდა ხალხის კეთილდღეობას, როგორც ექიმებს, ისე პაციენტებს. თუმცა ეს დაპირება ვერ შესრულდა, ისევ ბიზნესის ინტერესების სასარგებლოდ“ , - აღნიშნა დავითაშვილმა 

კითხვა დაისვა იპოთეკარების საკითხზეც, რაზეც კობა დავითაშვილმა აღნიშნა - „ვიცი რომ ეს მართლაც დიდი პრობლემაა, აქციებიც ეწყობა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ თუ საკითხის მოგვარება გინდათ 20-30 კაცით საქმე არ კეთდება, სერიოზული აქცია არის საჭრო. როცა უყურებს მთავრობა და ხედავს, რომ 20-30 კაცია, მათი გულისთვის კანონს არავინ  შეცვლის, ხალხის რაოდენობა არის მნიშვნელოვანი. თან არჩევნები მოდის, ეს კარგი საშუალებაა მიზნის მისაღწევად, რადგან მთავრობა ბევრ ხალხს რომ ხედავს, ეშინია არჩევნები არ წააგოს და მათ მოთხოვნას ითვალისწინებს“ - აღნიშნა დავითაშვილმა.

შეხვედრაზე მოსულმა ერთ-ერთმა ქალბატონმა, ჟუჟუნა წერეთელმა კი გორის სამედიცინო დაწესებულებების შესახებ ჰკითხა დავითაშვილს: „ თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, რომ გორში არსებული სამედიცინო ქსელი ბასიშვილმა და ტატიშვილმა ჩაიგდეს ხელში ერთ ლარად? ამასთან დაკავშირებით რა მუშაობა მიდის“?

„რა თქმა უნდა ვიცი ამის შესახებ. ეს დოკუმენტაცია პარლამენტის მუშაობის დაწყების დღიდანვე იდო ჯანდაცვის კომიტეტში, ჯანდაცვის მინისტრთან პრივატიზაციის საქმეების შემსწავლელი კომისიაც შეიქმნა, მაგრამ ამ კომისიის მხოლოდ ორი სხდომა შედგა, მეტი არაფერი. მაგას ვამბობ ზუსტად, რომ ხალხისთვის წართმეული ქონება, ხალხს უნდა დაუბრუნდეს. ამაზე მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ ხელისუფლება ვერ იღებს გადაწყვეტილებას - ეშინია. ეს საბუთები ძალიან დიდი ხანია დევს პროკურატურაშიც, პირადად გადავუგზავნე მათ, მაგრამ მე პროკურატურის გამოძიებული საქმე ჯერ არ მინახავს“ - აღნიშნა კობა დავითაშვილმა.

შეხვედრა გორელ ამომრჩევლებთან დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც პრეზიდენტობის კანდიდატი კასპის რაიონში გაემგზავრა.

ახალი ამბები