კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

NDI-ის კვლევა: მარგველაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ლიდერობს, შემდეგ მოდის ბაქრაძე

27 სექტემბერი, 2013
 
სივილ ჯორჯია

ყველაზე სასურველი პრეზიდენტობის კანდიდატების სამეულში 39%-ით ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს; 18%-ით მას მოყვება ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დავით ბაქრაძე და 7%-ით „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით არჩევნებამდე ორი თვით ადრე ჩატარებული კვლევის თანახმად.


ივნისში ჩატარებულ ანალოგიურ კვლევაში, გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტად 29% უჭერდა მხარს; ნაციონალური მოძრაობის ჯერ კიდევ წარსადგენ კანდიდატს  - 10%, ხოლო პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს - 5%.

მაშინ როცა უკანასკნელი კვლევის მიხედვით, პირველ სამეულში შესული კანდიდატები დაახლოებით ორჯერ უსწრებენ ერთმანეთს რეიტინგებით, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის საერთო რაოდენობა 22%-ს შეადგენს; ლეიბორისტების ლიდერს შალვა ნათელაშვილსა და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს გიორგი თარგამაძეს 3-3% ისურვებდა საქართველოს პრეზიდენტად, ხოლო სხვა კანდიდატებზე არჩევანს 4% აკეთებს; 4% კი აცხადებს, რომ არცერთს არ დაუჭერს მხარს.

ეს პროცენტული მონაცემები დათვლილია გამოკითხულთა იმ 73%-დან, ვინც აცხადებს, რომ მიიღებს 27 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას.

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სულ 23 კანდიდატია დარეგისტრებული, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია საქართველოსთვის.

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით +/- 2%-ის ცდომილების მქონე კვლევა  18 აგვისტოდან-3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც 3 838 რესპოდენტი გამოიკითხა ქვეყნის მასშტაბით. NDI–ის კვლევას შვედეთის განვითარების სააგენტო აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი ატარებს.

ივნისის ანალოგიური კვლევის მსგავსად, ქართული ოცნების რეიტინგს კვლავ ჩამოუვარდება მისი საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის რეიტინგი, თუმცა ეს სხვაობა ივნისში არსებული 23 პროცენტული პუნქტიდან 11 პროცენტულ პუნქტამდეა შემცირებული ბოლო კვლევაში.  

გამოკითხვის თანახმად, ქართულ ოცნებას მის შეხედულებებთან ყველაზე ახლო მდგომ პარტიად 50% ასახელებს; შემდეგ მოდის ნაციონალური მოძრაობა 12%-ით - ორივე მონაცემი სტატისტიკურად უცვლელია ივნისის კვლევასთან შედარებით. 4%-მდეა გაზრდილი ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს მხარდაჭერა ივნისში არსებული 1%-დან.

26 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რომელიც პოლიტიკოსთა რეიტინგებს მოიცავს და უფრო ფართო გამოკითხვისნაწილია, რესპოდენტთა აზრი გაყოფილია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ალბათობის თაობაზე. 31% ელის, რომ მეორე ტური იქნება, ხოლო ამდენივე საპირისპიროს ფიქრობს მაშინ, როცა 19-19%-ს ან ნეიტრალური პოზიცია აქვს ან არ იცის, თუ რამდენად მოსალოდნელია მეორე ტური. 

თუ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტ ხმას, პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე მეორე ტური დაინიშნება და მასში მონაწილეობას საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი მიიღებს. 

შეკითხვაზე მეორე ტურის ჩატარების შემთხვევაში ვის აირჩევდით, რესპოდენტები ქართული ოცნების კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს ორჯერ მეტ უპირატესობას ანიჭებენ ყველა სხვა კონკურენტთან მიმართებაში. კვლევის თანახმად, მარგველაშვილი მეორე ტურის შემთხვევაში 49%-ით უგებს ბაქრაძეს (24%), ხოლო 50%-ით ბურჯანაძეს (17%). 

ამასთან, რესპოდენტთა 62% აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ არ მოახდენს გავლენას მათ არჩევანზე, 17% ამბობს, რომ ამ ფაქტორის გათვალისწინებით უფრო ნაკლებად მოსალოდნელია მხარი დაუჭიროს ქართული ოცნების კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებზე, ხოლო 8% აცხადებს, რომ უფრო მეტად დაუჭერს მარგველაშვილს მხარს. ივანიშვილის გადადგომის გეგმებს 71% გაუმართლებლად მიიჩნევს. 

გამოკითხულთა 42% აცხადებს, რომ მისთვის უკეთესია, რომ პარლამენტში, მთავრობასა და პრეზიდენტის პოსტზე ქართული ოცნება იყოს მმართველი ძალა; 31% კი ფიქრობს, რომ უკეთესი იქნებოდა სხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს მოეგო საპრეზიდენტო არჩევნები. 

ივნისის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით კიდევ უფრო გაიზარდა დაკვეთა ქვეყანაში ძლიერი ოპოზიციის არსებობის საჭიროებაზე. თუ ივნისში ამის საჭიროებაზე 75% მიუთითებდა, ბოლო კვლევაში 81% მიიჩნევს მნიშვნელოვნად ძლიერი ოპოზიციის არსებობას.

მართალია ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად რესპოდენტები კვლავ ნაციონალურ მოძრაობას ასახელებენ, მაგრამ ივნისთან შედარებით 42%-მდეა 5 პროცენტული პუნქტით დაკლებული მათი ოდენობა, ვინც ამგვარად ფიქრობს. მეორე ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად 8% ბურჯანაძის „დემოკრატიულ მოძრაობას“ ასახელებს - ივნისში ასე 4% ფიქრობდა; 5% კი ამგვარ ოპოზიციად ლეიბორისტულ პარტიას ასახელებს.

პოლიტიკოსთა მოწონება და საქმიანობის შეფასება

კვლევა ასევე მოიცავს გამოკითხვას თუ რამდენად მოსწონთ ან არ მოსწონთ 43-კაციან სიაში ჩამოთვლილი ფიგურები, რომელთა შორისაც პირველ ადგილზეა საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, რომელიც გამოკითხულთა 94%-ს მოსწონთ.
მეორე ადგილზეა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ივნისის მსგავსად, 69%-იანი მოწონება აქვს. ის მარტში 75%-ს, ხოლო ნოემბერში 80% მოწონდა.

პრემიერ-მინისტრის საქმიანობას რესპოდენტთა 54% „ძალიან კარგად“ ან „კარგად“ აფასებს, რაც სტატისტიკურად უცვლელი მონაცემია ივნისის კვლევასთან შედარებით.

მეორე ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი 60%-იანი მოწონებით კვლავ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია, რომლის საქმიანობასაც დადებითად 31% აფასებს, ნაცვლად ივნისში არსებული 36%-სა.
მოწონების 56%-იანი მაჩვენებლით მესამე ადგილზე დაწინაურდა გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ივნისში 45%-ს მოწონდა.

საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე კვლავ ყველაზე პოპულარულ ოპოზიციურ ფიგურად რჩება ივნისთან შედარებით სტატისტიკურად უცვლელი 49%-ით.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე მეორე პოპულარული ოპოზიციური ლიდერია, რომლის მოწონებაც ივნისში არსებული 32%-დან 36%-მდე გაიზარდა; შემდეგ მოდიან სალომე ზურაბიშვილი 34%-ით (ივნისში 38%), შალვა ნათელაშვილი ასევე 34%-ით და ნინო ბურჯანაძე 33%-ით (ივნისში 21%).

31%-მდეა შემცირებული ივნისში არსებული 42%-დან პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატის, ხალხის პარტიის ლიდერის კობა დავითაშვილის მოწონება მას შემდეგ, რაც მან ქართული ოცნება დატოვა და არჩევნებში კენჭისყრა გადაწყვიტა.

მინისტრების რეიტინგებში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ლიდერობს, რომლის საქმიანობასაც 49% აფასებს დადებითად ივნისში არსებული 43%-ის ნაცვლად; შემდეგ მოდიან შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

ახალი ამბები