კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, დარღვევების მიუხედავად, კომისიებში ისევ შეარჩიეს

17 ოქტომბერი, 2013
 
ქეთი ლაბაძე, აჭარა

ხელვაჩაურსა და ბათუმში საარჩევნო ოლქების მიერ საუბნო კომისიების დაკომპლექტების მიზნით შერჩეულთა შორის  მოხვდნენ პირები, რომლებიც 2008 წლის 3 ნოემბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების გაბათილების შემდეგ დაითხოვეს. მაგალითად, ოლქში ცესკოს მიერ შერჩეული წევრის სტატუსით მუშაობს ილია ცხადაძეც. მუნიციპალიტეტის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ის, 2008 წელს ხელვაჩაურში არჩევნების შედეგების გაბათილების შემდეგ გათავისუფლდა. 

ოლქის ახლანდელ თავმჯდომარეს ომარ ვარშანიძეს ილია ცხადაძის კომისიის წევრობა დისქომფორტს არ უქმნის, ის ამბობს რომ მისი წინამორბედი დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ართმევს, “დანარჩენი კი მას არ ეხება“. ომარ ვარშანიძემ განმარტება იმ პირებზეც გააკეთა, რომლებსაც 2008 წლის 3 ნოემბრის არჩევნებზე თავმჯდომარის, მოადგილის ან მდივნის თანამდებობა ეკავათ და რომელთა მუშაობისას უბნებზე დაფიქსირებული „უხეში დარღვევების გამო“ არჩევნების შედეგები გაბათილდა.

“13 კომისიის წევრი, ინდივიდუალურად ირჩევდა ყველა კომისიის წევრს, ზოგი უპირატესობას გამოცდილებას ანიჭებდა, ზოგი უბრალოდ გამოუცდელს აძლევდა შანსს. 2008 წელს უბრალოდ შედეგები გაუქმდა, სასჯელი არავის დაკისრებია, არც საბუთი არსებობს იმის რომ რომელიმე მათგანს სააერჩევნო საქმიანობა აეკრძალა. ჩემი ინფორმაციით საყვედურიც არ მიუღიათ. საერთოდ გარანტია არაფრის არ გვაქვს, მონიტორინგს ვწევთ ყოველდღიურს, თუ დაფიქსირდება გადაცდომა მივიღებთ შესაბამის ზომებს.”- განმარტავს ხელვაჩაურის ოლქის თავმჯდომარე. ანალოგიური მოსაზრებები აქვს ბათუმის ოლქის თავმჯდომარეს კახაბერ ჯაიანსაც: „2008 წლის გაუქმებულ შედეგებს რაც შეეხება, დისციპლინარული შენიშვნა მიიღო მხოლოდ რამდენიმე უბანმა, მათი მუშაობის შედეგად კი, მთლიანად ოლქში გაუქმდა შედეგები, რომელ კონკრეტულ უბნებზე მოხდა უხეში დარღვევები ამ ინფორმაციას არ ვფლობთ, არც ის ვიცით კონკრეტულად რომელი წევრები იყვნენ გაფრთხილებულნი, მითუმეტეს, რომ მას შემდეგ 5 წელია გასული, აკრძალვა გაფრთხილება თუ მოხსნა თანამდებობიდან ერთი წლის შემდეგ მიიჩნევა ბათილად.”

მისივე თქმით, მათ  საიას რჩევა გაითვალისწინეს და ბათუმის ოლქში არ მიუღიათ ისეთი აპლიკანტი რომელსაც ოფიციალურად ჰქონდა გაფრთხილება მიცემული: “ბათუმის ოლქშიც იყვნენ ისეთი ადამიანები რომელთაც ჰქონდათ გაფრთხილებები მიცემული, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც გვთხოვდა არ აგვერჩია ეს ხალხი, თუ რომელიმე პარტია დანიშნავდა მათ, ჩვენ უნდა გაგვეწია რეკომენდაცია მათთვის რომ ისინი არ დაენიშნათ უბანზე. ჩვენ ეს ჩამონათვალი გვქონდა და მათ შორის არცერთი არ აგვირჩევია.”

2008 წლის 3 ნოემბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ხელვაჩაურის #83 საარჩევნო ოლქი 64 საარჩევნო უბანს და 832 საარჩევნო მოხელეს აერთიანებდა. განმეორებითი არჩევნების ჩატარებისას ისინი კომისიებში აღარ გამოჩენილან. უსკოს 2008 წლის 4 ნოემბრის #93 განკარგულებით გადაწყდა, რომ ორივე არჩევნებს ახალი ადამიანებით დაკომპლექტებული საუბნო კომისიები ჩაატარებდა.

მათი პასუხისმგებლობის თაობაზე არაფერია ნათქვამი უსკოს 2008 წლის 5 ნოემბრის სხდომის ოქმში. იურიდიული კომისიის დასკვნაში კი, რომელიც უსკოს ამავე სამსახურის უფროსმა, ფრიდონ ბათნიძემ წარუდგინა, წერია, რომ საარჩევნო პროცესი ხელვაჩაურის #83 ოლქში კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარეობდა: "მნიშვნელოვანი დარღვევები იყო #35, #13, #64, #11, #1, #59, #9, #38 უბნებზე; დაფიქსირდა სხვის მაგივრად ხმის მიცემის ფაქტები; არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს 18 წელს მიუღწეველმა პირებმა; ერთმა და იმავე პირებმა რამდენჯერმე მიიღეს მონაწილეობა კენჭისყრაში; გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმა მისცა იმაზე მეტმა ამომრჩეველმა, ვიდრე სიის დანართში იყო შეყვანილი; უბანში დაბრუნდა ერთით მეტი საარჩევნო ბიულეტენი, ვიდრე გადასატანი საარჩევნო ყუთის მხლებლებს გადაეცათ; ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ყუთში მოთავსებული იქნა იმაზე მეტი ბიულეტენი, ვიდრე კანონითაა გათვალისწინებული; დაფიქსირდა პირადობის მოწმობის გარეშე და ვადაგასული დოკუმენტით ხმის მიცემის ფაქტები; თითქმის ყველა უბანზე სიის დანართში შეყვანილ ამომრჩევლებს მიეცათ საშუალება, ხმა მიეცათ განმეორებით; სიის დანართში შეყვანილი იყვნენ ის ამომრჩევლები, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებული ამომრჩეველთა ერთიან სიაში. მსგავსი დარღვევები დაფიქსირდა თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე; რამდენიმე საარჩევნო უბანი განლაგებული იყო პოლიციის შენობაში".

უსკომ ხელვაჩაურის ოლქში 3 ნოემბრის პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების შედეგები 2008 წლის 5 ნოემბერს ცნო ბათილად (განკარგულება #90) და ხელახალი არჩევნები (პროპორციული _ 16 ნოემბრისთვის, ხოლო მაჟორიტარული _ 14 დეკემბრისთვის) დანიშნა.

იმავე დღეს, უსკოს #93 განკარგულებით გადაწყდა, რომ ორივე არჩევნებს ახალი საუბნო კომისიები ჩაატარებდნენ; ხელახალი არჩევნებისთვის კომისიების დაკომპლექტების მიზნით კონკურსის 7 ნოემბრამდე გამოცხადება კი, ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიას დაევალა (#94).

პარალელურად, ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ილია ცხადაძეს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უფლებამოსილება ვადამდე ადრე, სწორედ 5 ნოემბერს შეუწყვიტა. იმ დღეს ვაკანტურ ადგილზე კონკურსიც გამოაცხადეს. ცესკოს 7 ნოემბრის განკარგულებით კი, საოლქო კომისიის წევრად ომარ ვარშანიძე აირჩიეს, რომელიც 2013 წლის არჩევნებზეც ხელვაჩაურის საოლქო კომისიის თავმჯდომარეა.

“თუ ის ადამიანები დაბრუნდნენ საარჩევნო უბნებში ეს პრობლემაა, შეიძლება პირდაპირი სამართლებრივი პრობლემა არ იყოს, რადგან კანონი არ კრძალავს ამას. კანონი კრძალავს იმ პირების აყვანას, რომელებსაც ადმინისტრაციული ჯარიმა აქვთ მიღებული, თუმცა ზოგადად იქმენება პრობლემა, რადგან ამ კომისიის წევრებმა ვერ ჩაატარეს თავის დროზე არჩევნები. პრობლემააა ისიც, რომ კანონი არ კრძალავს ამ პირების მიღებას ხელმეორედ. თუმცა ოლქმა უნდა გაითვალისწინოს და შეეცადოს რომ ის ადამიანები არ მოხვდნენ ხელმეორედ კომისიის სიებში,” - ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე გია ქარცივაძე.

ახალი ამბები