კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიას განაჩენი ერთ კვირაში გამოცხადდება

21 ოქტომბერი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

2006 წელს მომხდარი ციხის ბუნტის საქმეზე სასამართლო განხილვა დასრულდა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით, ბრალდებულების - ბაჩო ახალაიას, მეგის ქარდავას, რევაზ ჭარბაძისა და დავით ჭაკუას განაჩენი ერთ კვირაში გახდება ცნობილი. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. პროკურორმა ლევან ადეიშვილმა დასკვნით სიტყვაში  განაცხადა, რომ გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. 

„მიგვაჩნია, რომ დანაშაული მთლიანად დასტურდება. ამ საქმეზე ჩვენ არამხოლოდ დაზარალებულების - ე.წ. კანონიერი ქურდების ჩვენებები წარმოვადგინეთ, არამედ 14 მოწმის ჩვენება, რომლებიც იმ პერიოდში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მუშაობდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მთლიანად დადასტურდა დანაშაული და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დადგეს“,  - აღნიშნა პროკურორმა ლევან ადეიშვილმა.  

სხდომაზე საბოლოო სიტყვა წარმოთქვა ბრალდებულმა ბაჩო ახალაიამაც. მისი განცხადებით, პროკურატურას ახალი ტაქტიკა აქვს, არა იარაღისა და ნარკოტიკების, არამედ მოწმეების „ჩადების“ და იმედი აქვს, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ჩვენ სრულიად ლეგიტიმურად ვიმყოფებოდით ციხის ტერიტორიაზე და ვატარებდით ლეგიტიმურ ღონისძიებებს, რომლის ვალდებულებაც გვქონდა. 6 წლის შემდეგ ბატონი პროკურორი მობრძანდა და გვეუბნება, რომ ჩვენ ჩაგვიდენია დანაშაული. ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი, მაგრამ პრინციპში, აქვს ამას თავისი ლოგიკური ახსნა, იმიტომ რომ, მე არ ვიცი, ბატონმა პროკურორმა იცის თუ არა, რომ მისი უშუალო ხელმძღვანელი, ბატონი კბილაშვილი იყო კანონიერი ქურდების ადვოკატი“, - განაცხადა პროცესზე ახალაიამ.

შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბრალი 1 მარტს წაუყენეს.  პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩანა ახალაიამ 2006 წლის გაზაფუხლზე გადაწყვიტა გაექარწყლებინა მის მიერ ნასვამ მდგომარეობაში პატიმრების ცემის და დამცირების თაობაზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ხმები და დასახა გეგმა, რომელიც გააცნო კანონიერ ქურდს, პ. მ.-ს. ახალაიამ მას უთხრა, რომ დერეფანში, სადაც წინასწარ დამონტაჟებული იქნებოდა ვიდეო კამერა, იგი უნდა შეხვედროდა ე.წ. ციხის მაყურებელს, ზ. ვ.-ს. პ.მ-ს მასთან უნდა ესაუბრა ციხეში კრიმინალური ავტორიტეტებისთვის შექმნილ გაუსაძლის მდგომარეობაზე, რაშიც ახალაია უნდა დაედანაშაულებინა. შემდეგ შეეთავაზებინა ზ.ვ.-ს, რომ მოეძებნა პატიმარი, რომელიც მიიყენებდა თვითდაზიანებას, იჩივლდება და გაახმაურებდა, თითქოსდა ახალაიამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ კი, ახალაია გამოაქვეყნებდა ზ.ვ.-ს და პ.მ.-ს ვიდეო ჩანაწერს, რითაც საზოგადოებას დაარწმუნებდა, რომ მასზე გავრცელებული ხმები პატიმრებთან არასათანადო მოპყრობის თაობაზე, ინსცენირებული იყო კრიმინალური ავტორიტეტების მიერ. 

„გეგმის თანახმად, მოხდა პ.მ.-ს და ზ.ვ.-ს შეხვედრა, თუმცა პ.მ.-მ ახალაიას დავალება არ შეასრულა და კამერის წინ არაფერი თქვა. ამის გამო, ანგარიშსწორებისათვის, 2006 წლის 27 მარტს ღამის 1 საათზე ბაჩანა ახალაია მეგის ქარდავასთან, რევაზ ჭარბაძესთაბ, მე-7 საპყრობილის დირექტორ გიორგი ფოლადაშვილთან და სპეციალური დანიშნულების რაზმის რამდენიმე წევრთან ერთად მივიდა ციხის სამკურნალო დაწესებულებაში და მოითხოვა დირექტორის კაბინეტში დასჯის მიზნით მიეყვანათ  პ.მ.  და  ზ.ვ. ასევე მიიყვანეს გიორგი ავალიანი და ლევან ცინდელიანიც, რათა შეენიღბათ პატიმრების ცემის ფაქტი. პ.მ.-ს ახალაიამ აჩვენა  ვიდეოფირი და უთხრა რომ დავალების შეუსრულებლობის გამო იგი უნდა დასჯილიყო. ამის შემდეგ მეგის ქარდავამ მას, მისი როგორც კრიმინალური ავტორიტეტის დამცირების მიზნით, დაუწყო თმების შეჭრა და შეჭრილ თმებს ულაგებდა ჯიბეში. ამის შემდეგ ახალაიამ პატიმრების გამოწვევის მიზნით რიგ-რიგობით ჰკითხა ზ.ვ.-ს, თუ რა დღე, რა რიცხვი და რომელი წელი იყო, რაზეც მან მიუგო, რომ ეს თვითონ ახალაიამაც კარგად იცოდა. ამ პასუხზე ახალაიამ მას სახეში შეაფურთხა,  საპასუხოდ ზ.ვ.-მ მას ხელი გაარტყა. ამის შემდეგ ახალაიამ, ჭარბაძემ, ქარდავამ და სპეცრაზმის თანამშრომლებმა სცემეს პატიმრებს. პარალელურად ახალაიამ რაციის საშუალებით სამკურნალო დაწესებულებაში გამოიძახა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმი. ნაცემი პატიმრები გაათრიეს ეზოში, სადაც სხვა პატიმრების დასანახად სასტიკად სცემეს, რასაც მოყვა პროტესტი პატიმრების მხრიდან, რაც ციხის ბუნტში გადაიზარდა“, - აღნიშნა პროკურორმა დასკვნითი სიტყვაში.

ამ დანაშაულისათვის ახალაია ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით, განაჩენს სავარაუდოდ ერთ კვირაში გამოაცხადებს, ზუსტ დროს კი მხარეებს წინასწარ აცნობებს. 

ახალი ამბები