კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადგილობრივი თვითმმართველობების პრობლემები და გამოწვევები საქართველოში

7 ნოემბერი, 2013
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

რა ძირითადი პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას დღეს ადგილობრივი ხელისუფლება, რა სიახლეებს გვთავაზოვს თვითმმართველობის რეფორმა და როგორ აისახება შედეგი მოსახლეობაზე, ამის თაობაზე Humanrights.ge–ს  ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის ექსპერტთა ჯგუფის წევრი საქართველოდან დავით ლოსაბერიძე ესაუბრება.

დავით ლოსაბერიძე: ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპი მოსახლეობისათვის ადგილობრივი საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდება და მოსახლეობის ჩართვაა პროცესში. როგორი კარგი ხელისუფლებაც უნდა იყოს, შეუძლებელია რომელიმე მინისტრმა იმაზე უკეთ იცოდეს რომელიმე სოფლის ორღობეში გზაა დანგრეული თუ ხიდია შესაკეთებლი, ვიდრე ადგილობრივმა ხელისუფლებამ. ასეთი საკითხები ადგილზე უნდა გადაწყდეს. თუ რა არის საჭირო ადგილზე მოსახლეობისათვის, ესეც ადგილობრივი ხელისუფლების გადასაწყვეტია. პრიორიტეტებს სწორედ ადგილობრივი ხელისუფლება განსაზღვრავს. ეს არის ის ძირითადი პრინციპები თვითმმართველობებისა, რაც მსოფლიოში ხორციელდება. რაც შეეხება საქართველოს, აქ საზოგადოებრივი სერვისების მომსახურების დონე არცთუ ისე მაღალია. სოფლებში არ არსებობს ბუნებრივი აირი, საბავშვო ბაღები, არის წყლის პრობლემა, შიდა გზების პრობლემა, ფინანსების უქონლობა და მრავალი სხვა. ეს კი ხელს უშლის ისეთი მოქალაქის ჩამოყალიბებას, რომელიც თავად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას. 

-ბატონო დავით, თვითმმართველობები დღეს ცენტრალური ხელისუფლებიდან იღებენ ძირითად დაფინანსებას, რამდენად საკმარისია ეს თანხები?

-შევარდნაძის მმართველობის პერიოდში საქართველოში თვითმმართველობები ერთობლივად იღებდნენ 200 მილიონ ლარს წელიწადში. ეს რიცხვი, ფაქტია, ძალიან მცირეა ყველა მუნიციპალიტეტისათვის.  ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ ამ თანხამ ზრდა დაიწყო და მაგალითად, შარშან 2 მილიარდ ლარს შეადგენდა, თუმცა პრობლემები დღესაც იგივეა. საქმე ისაა, რომ შეუძლებელია ცენტრიდან ადეკვატური ზომების გატარება. მართალია, ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები მუნიციპალიტეტებში, მაგრამ იმისათვის, რომ დავუშვათ, ხიდი შეკეთდეს, მინისტრის ხელმოწერაა საჭირო, ანუ ძალიან დიდი პროცესებია გასავლელი, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ცხადია, არ აწყობს, დამერწმუნეთ, ეს არც ცენტრალურ ხელისუფლებას სურს. სისტემა რომ შესაცვლელია, ეს ერთი საკითხი, მაგრამ არსებობს მეორე საკითხიც და ეს მოსახლეობის ინტერესებია. როდესაც კითხულობ, რისი გაკეთება შეიძლება ამდენი და ამდენი ლარით, ათასი მაცხოვრებლიდან მხოლოდ ორს თუ ეცოდინება რა თანხებზეა საუბარი, არადა, ეს სწორედ ჩვენი ფულია, რომლის განკარგვაშიც ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. სწორედ ამისთვის არსებობს თვითმმართველობის სისტემა, რომელიც იმდენად დიდი ჭეშმარიტებაა, რომ სამწუხაროდ, ბევრს არ ესმის. 

-რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ადგილობრივი თვითმმართველობების კონცეფციაზე საუბარი დიდი ხანია დაწყებულია, თუმცა არცერთ ხელისუფლებას არ გამოუჩენია ნება, მისი გათვალისწინებისა. რას მოიცავს ეს კონცეფცია?

-დიახ, ახალ კონცეფციაზე მუშაობა გასული საუკუნის 90–იანი წლებიდან დაიწყო, თუმცა არცერთმა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ჩვენს მიერ შეთავაზებული წინადადებები. ამჯობინეს, რომ ყოფილიყო კლანური ან ცენტრალიზებული მმართველობა, სადაც პრეზიდენტი დაადგენდა მაგალითად, რა ფერის უნდა ყოფილიყო სკოლის შენობა რომელიმე სოფელში. რეფორმის თანახმად, გაიზრდება მოსახლეობის მონაწილეობა, სოფლებში შეიქმნება საზოგადოებრივი მმართველობის ორგანოები, გაძლიერდება ის მექანიზმები, რაც აქამდე მხოლოდ ფურცელზე ეწერა. საუბარია, ბუნებრივი ზონების გამიჯვნაზე, მაგალითად, ქალაქისა და სოფლის დაპირისპირების დროს, სადაც სხვადასხვა ინტერესთა სფეროა და მოსახლეობას სხვადასხვა პროექტის დაფინანსება სურს, ერთი მხარე ყოველთვის იჩაგრება. ამდენად, საუკეთესო გამოსავალია მათი გამიჯვნა, როცა ორივე თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მიიღებს გადაწყვეტილებას. მესამე საფეხური არის უფლებამოსილებათა ზრდა თვითმმართველობებისათვის. კარგად ვიცით, რომ საკრებულოც და გამგეობაც ზემდგომ ორგანოებზე იყვნენ დამოკიდებულნი და ნებართვის გარეშე ნაბიჯსაც ვერ დგამდნენ. ეს კი ცხადია, არაჯანსაღი მდგომარეობაა და სწორედ ამიტომ ადგილობრივ თვითმმართველობებს უნდა მიენიჭოთ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, რაშიც ცენტრი ვერ ჩაერევა. მაგრამ აქ მთავარი პრობლემა ფინანსებია. 

უკვე მიმდინარეობს მუშაობა კანონში თანხების გადანაწილების ასახვაზე. რეფორმა ითვალისწინებს ზედამხედველობის სისტემასაც, რაც მთლიანად გამორიცხავს თვითმმართველობის მუშაობაში ჩარევას და კონტროლს ცენტრიდან. შემდეგი ეტაპია მოხელეთა გადამზადება, რაც ცხადია, თვითმმართველობებში კვალიფიციური კადრების არსებობას გულისხმობს. ძირითადად, ეს არის ის პრინციპები, რომელსაც კონცეფცია ეფუძნება და რომელიც აბსოლუტურად ეყრდნობა თვითმმართველობის ევროპულ ქარტიას, რომელსაც საქართველო 2004 წლიდან შეუერთდა და ეს დოკუმენტი შესასრულებლად სავალდებულოა. ეს არის ის პრინციპები, რასაც თავის დროზე ილია ჭავჭავაძე თვითმმართველობასთან დაკავშირებით წერდა მე–19 საუკუნეში. ეს ყველაფერი განხორციელებადი და რეალურია, მით უმეტეს, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში ამის ნება უკვე არსებობს.

ახალი ამბები