კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამეურვეო საბჭოს ასარჩევად კანონში ცვლილებები შედის

8 ნოემბერი, 2013
 
სივილ ჯორჯია

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წესებით დაკომპლექტებას დააჩქარებს.

მაუწყებლობის შესახებ კანონში ივლისიდან ამოქმედებული ცვლილებების თანახმად, ახალი საბჭო 2014 წლის იანვრიდან უნდა შექმნილიყო, თუმცა ქართული ოცნების დეპუტატების ჯგუფმა მოამზადეს ცვლილებების პროექტი, რომელიც მიღების შემთხვევაში, ძალაში ნოემბრის ბოლოდან შევა და შესაბამისად, არსებული საბჭოს ახალი შემადგენლობით შეცვლის პროცესი დაგეგმილზე, დაახლოებით, ერთი თვით ადრე დაიწყება.

კანონპროექტის ინიციატორთა თქმით, შემჭიდროვებული ვადების დაწესება განაპირობა იმ „კრიზისულმა სიტუაციამ“, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში შეიქმნა.

15-წევრიან საბჭო გადაწყვეტილების მიღების უუნარო გახდა მას შემდეგ, რაც ცხრა მოქმედი წევრიდან ორმა თანამდებობები დატოვა. გადაწყვეტილების მისაღებად კი სხდომას რვა წევრი მაინც უნდა ესწრებოდეს. საბჭოს უფუნქციოდ დატოვებამ თავის მხრივ ავტომატურად შეაჩერა ახალი გენერალური დირექტორის შერჩევის პროცესი. ეს პოსტი მას შემდეგ არის ვაკანტური, რაც სამეურვეო საბჭომ სექტემბრის დასაწყისში მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან ექვსი თვის განმავლობაში მეორედ დაითხოვა. ამჟამად, საზოგადოებრივ მაუწყებელს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ტყემალაძე მართავს, რომლის გადაწყვეტილებითაც პირველ არხზე წინასაარჩევნო პერიოდში ორი პოლიტიკური თოქ-შოუ დაიხურა.

პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ახალი სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტება 25 ნოემბრიდან დაიწყება - სწორედ ეს თარიღია მითითებული ცვლილებების ამოქმედების ვადად. ამასთან, 7 წევრის არჩევა საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ახალი საბჭო თავისი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგეს.

ახალი წესების მიხედვით, 15-წევრიანი სამეურვეო საბჭოს ნაცვლად, აირჩევა 9-წევრიანი საბჭო ღია კონკურსის წესით, რომლის გამოცხადებიდან მაქსიმუმ 10 დღეში პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით შექმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენელთა მონაწილეობით 9-წევრიან საკონკურსო კომისიას, რომელიც შეარჩევს ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტ შესაფერის კანდიდატურას. ამ კანდიდატებიდან ორს სახალხო დამცველი, სამს - საპარლამენტო უმრავლესობა, სამს  - უმრავლესობის გარეთ დარჩენილ დეპუტატთან არანაკლებ ერთი მეოთხედი და ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო წარუდგენს პარლამენტს ასარჩევად, რისთვისაც პარლამენტის სიითი შემადგენლობის სულ ცოტა ერთი მესამედის მხარდაჭერაა საჭირო. თუ სამეურვეო საბჭო ვერ დაკომპლექტდება სრული 9 წევრით, მაშინ დარჩენილი ვაკანტური ადგილების შესარჩევად ხელახალი კონკურსი გამოცხადდება.

ახალი ამბები