კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ავთანდილ ოსეფაიშვილი: „საერთო ჯამში, არჩევნები წარმატებით ჩატარდა“

8 ნოემბერი, 2013
 
შორენა კაკაბაძე, იმერეთი

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი, ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა. ამ ოლქის დაქვემდებარებაში 127 საარჩევნო და 2 სპეცუბანი შედის. ოლქმა ძირითადი პროცედურული სამუშაოები დაასრულა და ახლა ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან, შემაჯამებელ ოქმს  ელოდება. 

როგორ ჩატარდა არჩევნები ქუთაისში, რა ტიპის დარღვევებს ჰქონდა ადგილი  საარჩევნო პროცესში და რა მოხდა 65-ე საარჩევნო უბანზე, სადაც შედეგები ჯერ ბათილად გამოცხადდა, მოგვიანებით კი, თავად საოლქო კომისიის გადაწყვეტილება გაბათილდა და კომისიის შემადგენლობის მიმართ მკაცრი სანქციები გატარდა, - ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით humanrights.ge ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ავთანდილ ოსეფაიშვილს ესაუბრა. 

ავთანდილ ოსეფაიშვილი: შეიძლება ითქვას, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ქუთაისში, ისევე როგორც მთელ საქართველოში გამჭვირვალედ, კანონის სრული დაცვით და რაც მთავარია, დემოკრატიულად ჩატარდა.  უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით - აღნიშნულმა პროცესმა ნორმალურად, საკმაოდ დამაკმაყოფილებლად ჩაიარა. მართალია, იყო დარღვევები, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ რაიმე განსაკუთრებული დარღვევა დაფიქსირდა. 

- თუმცა, უნდა ითქვას, რომ იყო საარჩევნო უბნები, სადაც დარღვევები როგორც რიცხობრივად, ასევე  მნიშვნელობითაც, საკმაოდ მასშტაბური იყო.

- რა თქმა უნდა, იყო ასეთი უბნები. მაგალითად, 71-ე საარჩევნო უბანი, სადაც ყუთი იყო დაულუქავი და ამის შესახებ დაიწერა კიდეც საჩივარი. თუმცა, ერთ-ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლის სწრაფი რეაგირების შემდეგ მოხდა ყუთის დალუქვა. ბუნებრივია, ეს ფაქტი შესაბამის აქტში დაადასტურეს როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ისე კომისიის წევრებმა, რის შემდეგაც ხმის მიცემის პროცესი ჩვეულებრივად გაგრძელდა. 

- თუ გატარდა რაიმე სახის სადამსჯელო ღონისძიება კომისიის შემადგენლობის მიმართ?

- მათ მიიღეს შენიშვნა, საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით. 

- რაც შეეხება 65-ე საარჩევნო უბანს, სადაც დარღვევების საფუძველზე ჯერ ხმების ბათილობის  საკითხი დადგა, მოგვიანებით კი, პრობლემა უბნის კომისიის საარგებლოდ გადაწყდა, რა რეაგირება მოყვა ამ ფაქტებს?

-დიახ, იქ იყო საკონტროლო ფურცლის საკითხი. ანუ, ფურცელზე არ ფიქსირდებოდა პირველი ამომრჩევლის პირადი მონაცემები. ყუთი უკვე დალუქული იყო. ბუნებრივია, მის მთლიანობას ვერ დავარღვევდით და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ყუთის გახსნის დროს იდენტიფიცირებული ყოფილიყო სამივე საკონტროლო ფურცელი. მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ. კერძოდ, კომისიის მდივანმა საკუთარი ინიციატივით, კომისიის თავმჯდომარესთან, ასევე, კომისიის მთელ შემადგენლობასთან შეუთანხმებლად პირველ ამომრჩეველს, რომელიც იმავე უბნის კომისიის წევრია, ერთ-ერთ საკონტროლო ფურცელზე მოაწერინა ხელი. შესაბამისად, ერთზე აღმოჩნდა ხელმოწერა, ორზე - არა. თავისთავად ცხადია, ეს საკმარისი დარღვევა იყო საიმისოდ, რომ დამდგარიყო უბნის ბათილობის საკითხი. თუმცა, საბოლოოდ საკითხი ასე არ გადაწყდა. საოლქო კომისიის პირველ სხდომაზე კომისიის 6-მა წევრმა ბათილობას დაუჭირა მხარი, 6-მა არა. მე, როგორც თავმჯდომარემ, ვისარგებლე ჩემი უფლებამოსილებით (საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად) და ჩემი ხმა დავუმატე ბათილობას. მივიღეთ კიდეც გადაწყვეტილება, რომ უბანი გაბათილებულიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, ერთი ტექნიკური უზუსტობა გაგვეპარა. საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლის მე-4 ნაწილში წერია, რომ უბნის ბათილობას ჭირდება ხმების ორი მესამედი, რაც ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვქონდა. ჩვენ ჩავატარეთ ხელახალი კენჭისყრა. არ შეგროვდა საკმარისი ხმები და ბათილობის საკითხი საბოლოოდ ვერ გადაწყდა. 

- არც რაიმე სახის სანქციები გატარებულა?

- რა თქმა უნდა, სანქციები გატარდა როგორც უბნის თავმჯდომარის, ისე მდივნის მიმართ. კერძოდ, მდივანს 100 პროცენტით დაექვითა ხელფასი, ხოლო თავმჯდომარეს - 50 პროცენტით. ვფიქრობ, საკმაოდ მკაცრი სანქციაა, თუმცა, აუცილებელი. მე რომ მკითხოთ, უკმაყოფილო ვარ აღნიშნული შედეგით. ვფიქრობ, ასეთი შემთხვევა ბათილობით უნდა დასრულებულიყო, რადგან ეს უნდა გამხდარიყო მაგალითი სამომავლოდ. 

- საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ კომისიის შემადგენლობები არ იყო სათანადოდ მომზადებული, რაც აისახა კიდეც იმ პროცედურულ დარღვევებზე, რომელიც მრავლად იყო სხვადასხვა უბანზე. რა მოხდა, რატომ აღმოჩნდა საუბნო საარჩევნო ადმინისტრაცია არაპროფესიონალებით დაკომპლექტებული?  

- გახსოვთ, ალბათ, საარჩევნო კოდექსში არსებობდა ჩანაწერი, რომლის მიხედვით საარჩევნო ადმინისტრაციაში სერთიფიცირებული კადრი უნდა დასაქმებულიყო. მოგვიანებით, ამ ჩანაწერიდან საარჩევნო უბნები ამოვარდა. სწორედ ამან გამოიწვია ის შედეგი, რაც დადგა. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ იქ მხოლოდ არაპროფესიონალები იყვნენ. საქმე იმაშია, რომ საოლქო საარჩევნო კომისია ირჩევს 6 წევრს. დანარჩენს ნიშნავს პოლიტიკური პარტიები. 

- ანუ, თქვენ ამბობთ, რომ პოლიტიკური პარტიების კადრი იყო სუსტი რგოლი?

- ისიც და ჩვენი კადრიც. ადამიანებს, რომლებსაც ჩვენთან შემოაქვთ განაცხადი, უწერიათ, რომ აქვთ გამოცდილება ამ კუთხით. ჩვენც ვენდობით მათ განაცხადს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ჩვენ წელს ვერ გამოვიყენეთ მასწავლებლების რესურსი, რომელთაც საკმაო გამოცდილება აქვთ ამ კუთხით. ფაქტია, ჩვენ უფრო მეტად უნდა მოვემზადოთ მომავალი არჩევნებისთვის. რა თქმა უნდა, მოახლოვებული თვითმმართველობის არჩევნებისთვის ეს ალბათ არ მოესწრება, მაგრამ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა სათანადო კადრი გვყავდეს და საუბნო საარჩევნო კომისიები გამოცდილი ადამიანებით დაკომპლექტდეს.

ახალი ამბები