კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ღარიბაშვილის თქმით, ადამიანების უგზოუკვლოდ დაკარგვის საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს

20 ნოემბერი, 2013
 
სივილ ჯორჯია

მომავალმა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს „რამდენიმე ასეული ადამიანი“ უგზოუკვლოდ გაუჩინარდა.

მან ეს განცხადება ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა იმ საპარლამენტო მოსმენების ფარგლებში, რომელიც წინ უძღვის პარლამენტის მიერ 20 ნოემბერს ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას. მან ამ განცხადებით პასუხი გასცა ქართული ოცნების დეპუტატის ვიქტორ დოლიძის კითხვას, რომელმაც მას 2008 წლის 16 აგვისტოს დავით ცინდელიანის გაუჩინარების შესახებ ჰკითხა. ცინდელიანის ოჯახი აცხადებს, რომ ის უსაფრთხოების ოფიცრებმა გაიტაცეს და მოკლეს მას შემდეგ, რაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დასდეს ბრალი – ამ ბრალდებას შინაგან საქმეთა სამინისტროს წინა ხელმძღვანელობა უარყოფდა.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უამრავი ადამიანი გაუჩინარდა წინა ხელისუფლების პირობებში.  

„ჩვენ ვაწარმოებთ გამოძიებას რამდენიმე უგზოუკვლოდ გამქრალ ადამიანზე. სამწუხაროდ და საუბედუროდ საპარლამენტო უმცირესობისთვის, იკვეთება სერიოზული დანაშაულის ნიშნები, რომ სწორედ მათ მიერ ნახსენები პირები მონაწილეობდნენ სხვადასხვა ადამიანების გატაცებაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა დეპუტატის საპასუხოდ.

ქართული ოცნების დეპუტატებთან შეხვედრამდე, ღარიბაშვილი საპარლამენტო უმცირესობის წინაშე წარსდგა, რომლის დროსაც ერთ–ერთი კითხვა, რომელიც მას დაუსვეს ეხებოდა ყოფილი უშიშროების ოფიცრის რომან შამათავას დაპატიმრებას, რომელსაც 2008 წელს ხურჩის თავდასხმის განხორციელება ედება ბრალად. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები ხელისუფლებას შამათავას დაპატიმრების გამო აკრიტიკებდნენ; ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის გიგი თარგამაძის თქმით, შამათავამ სამშობლოსთვის განსაკუთრებული მნიშნელობის საქმეები განახორციელა.

„მე არ მსურს წინასწარ გავამხილო გამოძიების დეტალები, მაგრამ მე გპირდებით, რომ უახლოეს ხანში მოსახლეობა გაიგებს თუ როგორ ხდებოდა ადამიანების დაკარგვა უგზოუკვლოდ და შემდეგ რა ბედი ეწვიათ მათ. ეს არის ძალიან მძიმე საქმეები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ეს არის საგანგაშო, როცა ჩვენი ქვეყნის შვილები, ჩვენი თანამოქალაქეები ასე უგზოუკვლოდ იკარგებოდნენ და დღესაც მათი ოჯახის წევრები ელოდებიან მათ შვილებს; მათ სჯერათ, რომ მათი შვილები ცოცხლები არიან, თუმცა სამწუხაროდ, ბევრი მათგანი, წინასწარი ინფორმაციით, იქნა ლიკვიდირებული. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება დამტკიცება და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს საქმეები იქნას გახსნილი და გამოძიებული“, – განაცხადა მან.

„არ შეიძლება ასეთი მძიმე საქმეების გაუხსნელობა. როდესაც რამდენიმე ასეულ ადამიანზე გვაქვს საუბარი, რამდენიმე ასეულ ადამიანზე, აქ არ გვაქვს საუბარი ერთ ან ორ ადამიანზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„მე არ მსურს გამოძიების დასრულებამდე გავაკეთო დამატებით კომენტარი, მაგრამ მე გიდასტურებთ, რომ წინასწარი ინფორმაციით, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა მსგავს შემთხვევებს, როცა ადამიანების გატაცება და მათი ლიკვიდაცია ხდებოდა“, – დასძინა მან.

ახალი ამბები