კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მთავარი პროკურორის შესაძლო ნასამართლეობასთან დაკავშირებით, ვნებათაღელვა გრძელდება

26 დეკემბერი, 2013
 
ნინო დევიძე

23 დეკემბერს თბილისის მერმა გიგი უგულავამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გერმანიაში გასამართლებულია ყაჩაღური ქურდობისთვის. ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელთა მტკიცებით, ოთარ ფარცხალაძე ქალაქ აუქსბურგის სასამართლომ 2001 წელს დამნაშავედ ცნო, გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249–ე და 252–ე მუხლებით, ყაჩაღობასა და ქურდობაში და ის წელიწადი და სამი თვე იხდიდა სასჯელს. როგორც უგულავამ ბრიფინგზე აღნიშნა, დამატებითი სასჯელის სახით, ფარცხალაძეს  განესაზღვრა ”პასიური საარჩევნო უფლებისა და გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა” და რომ „დამატებითი სასჯელი 2016 წლის 22 აგვისტომდეა ძალაში“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ხელისუფლებას ამ საკმაოდ სერიოზულ საქმეზე სასწრაფო და ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებენ და მოითხოვს, რომ ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სასწრაფოდ გამოითხოვოს ოფიციალური დოკუმენტაცია გერმანიის შესაბამისი სტრუქტურებიდან.

„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს მთავარმა პროკურატურამ, ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადებით უპასუხა: „მას შემდეგ, რაც მთავარმა პროკურატურამ გაააქტიურა გამოძიება მთელ რიგ რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმეებზე და პასუხისგებაში მიეცნენ ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, აქტიურ ფაზაში შევიდა პოლიტიკური შანტაჟის და დისკრედიტაციის მიზანმიმართული კამპანია საქართველოს მთავარი პროკურორის წინააღმდეგ.  მიგვაჩნია, რომ მისი ყაჩაღად შერაცხვა ემსახურება ერთადერთ მიზანს - მთავარი პროკურორი ნებისმიერი ხერხით ჩამოაცილონ დაკავებულ თანამდებობას და დისონანსი შეიტანონ პროკურატურის გამართულ საქმიანობაში“. მთავარი პროკურატურა პირობას დებს, რომ „საზოგადოებაში გაჩენილ ყველა კითხვას გაეცემა ამომწურავი პასუხი, ხოლო მცდელობა, გამოძიების პროცესი პოლიტიკურ დევნად გასაღდეს, კრახით დასრულდება“.


თავად ოთარ ფარცხალაძემ წერილობითი განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ თავი ვალდებულად ჩათვალა საზოგადოებისთვის განემარტა, თუ რა მოხდა გერმანიაში: „2000 წელს ნამდვილად ვიმყოფებოდი გერმანიაში, სადაც ინციდენტი შემემთხვა პოლიციასთან. სამართალდამცველს, რომელსაც მოგვიანებით დადგინდა, რომ ინფორმაცია ჰქონდა სხვა პირის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, მოუვიდა შეცდომა, მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოხდა კონფლიქტი. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ, ინციდენტის ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლომ დამიდგინა პოლიციელთან შელაპარაკების ბრალეულობა”, - ნათქვამია განცხადებაში. ოთარ ფარცხალაძის  თქმით, ამ ინციდენტს ქვეყნიდან მისი დეპორტაცია და სხვა იძულებითი ღონისძიებები არ მოჰყოლია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს მის უდანაშაულობას.

მთავარი პროკურორი არაფერს სასჯელის ზომებთან დაკავშირებით. სამაგიეროდ, აღნიშნავს, რომ ოპონენტებმა მის წინააღმდეგ ”ბინძური პოლიტიკური კამპანია” ააგორეს, რაც რეზონანსული საქმეების გამოძიების გამო განაწყენებით არის გამოწვეული.

პროკურორის ნასამართლეობის საკითხს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ეხმაურებიან. მათი განმარტებით, ,,პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის ,,ა" პუნქტის თანახმად, ,,პროკურატურაში სამუშაოდ არ მიიღება ნასამართლევი პირი". თუმცა, სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სასჯელის მოხდიდან 8 წლის გასვლის შემდეგ ნასამართლობა ქარწყლდება ნებისმიერი სახის დანაშაულზე. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის სტანდარტებით, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, გაქარწყლებული ნასამართლობა ვერ ჩაითვლება რაიმე თანამდებობის და, მათ შორის, მთავარი პროკურორის თანამდებობის დაკავების დამაბრკოლებელ გარემოებად. აღნიშნულის მიუხედავად, სამოქალაქო სექტორის ნაწილს დაუშვებლად მიაჩნია ყაჩაღურ ქურდობაში მსჯავრდებული  პირის საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ყოფნა. არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს მყისიერად იქნეს ოფიციალური ინფორმაცია გამოქვეყნებული ამ საკითხთან დაკავშირებით. 

ახალი ამბები