ნინო დევიძე
რამდენიმე დღის წინ ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართა ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულების ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმარმა გიგა არაბულმა. მან ორგანიზაციას სთხოვა, გაევრცელებინა ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ. პატიმარი ითხოვს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას და სათანადო გამოკვლევებს.
პატიმრის მიმართვის თანახმად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება, მას აქვს გამუდმებული თავის ტკივილები, კარგავს გონებას, აქვს გახშირებული თავბრუსხვევები. არაბულის თქმით, ის სასუნთქი გზებისა და გულის პრობლემების გამო უჩივის ჰაერის უკმარისობას, აწუხებს კუჭის ძლიერი ტკივილები. მსჯავრდებული მიმართვაში აღნიშნავს, რომ ძლიერი შეტევების დროს მას უჭირს ფეხზე დგომა და ემართება კრუნჩხვა. მსჯავრდებულს ესაჭიროება სასწრაფო ოპერაციული ჩარევა ვარიკოცელეს დაავადების გამო.
არაბულის თქმით, ის სათანადო მკურნალობას უკვე წელიწადია ითხოვს, მაგრამ -უშედეგოდ. პატიმრის მიმართვის მიხედვით, მსჯავრდებულის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქმის კურსშია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი და ამავე სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი ნათია ლანდია.
პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრი ნათია ლანდიას დაუკავშირდა. მისი თქმით, გიგა არაბულს მკურნალობა იანვრის თვეში ჩაუტარდება: „სამინისტროში სტაციონალურ და ამბოლატორიულ მომსახურებაზე ელექტრონული რიგები არსებობს. პატიმარი გიგა არაბული ამ რიგში მე-8 ადგილზეა, შესაბამისად მას მკურნალობის გავლა იანვრის თვეში მოუწევს“.
გიგა არაბულის თქმით, ეს დაავადებები სასჯელის მოხდის პერიოდში
ფიზიკურმა შეურაცხყოფამ და ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ გამოიწვია.