კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ღარიბაშვილი: „ლაფანყურის საქმის გამოძიება პრაქტიკულად დასრულებულია“

21 იანვარი, 2014
 
ნინო დევიძე, კახეთი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ლაფანყურის საქმის გამოძიება პრაქტიკულად ბოლომდეა მიყვანილი. ამის შესახებ პრემიერმა ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

„მე გამოძიებიდან მაქვს ინფორმაცია, რომ ეს საქმე პრაქტიკულად  ბოლომდეა მიყვანილი. პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით  ერთობლივად გეგმავენ ინფორმაციის გავრცელებას და გამოძიების შედეგების გასაჯაროებას“.

პრემიერ-მინისტრი ადასტურებს, რომ ლაფანყურის საქმის გამოძიება გაჭიანურდა: „ლაფანყურის საქმის გამოძიება მართლაც გაიწელა. მინდა გითხრათ, რომ  რთული საქმე იყო, ხშირად არის შემთხვევები, როცა სახელმწიფო იძულებულია გაითვალისწინოს ეროვნული ინტერესები და ერთი საქმით არ დააზიანოს უფრო მთავარი, ჩვენი ქვეყნის ინტერესები.”

2012 წლის 28 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურთან მომხდარ სპეცოპერაციას შინაგან საქმეთა სამინისტომ „ანტიტერორისტული“ ოპერაცია უწოდა. ოფიციალური ინფორმაციით, დაღესტნიდან გადმოსულმა შეიარაღებულმა ჯგუფმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და ახალგაზრდები მძევლად აიყვანა. სპეცოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი, მოხდა 11 მებრძოლის ლიკვიდაცია.

ლაფანყურის სპეცოპერაციას ომბუდსმენის ბოლო ანგარიშში ცალკე თავი დაეთმო: „კონფიდენციალური წყაროებისა და სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაცია განსხვავდება იმ პერიოდში საქართველოს ძალოვანი უწყებებისა და მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაჟღერებული ოფიციალური ინფორმაციისგან, რომლის მიხედვითაც ლაფანყურში ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფი თითქოს ჩრდილო კავკასიიდან შემოვიდნენ საქართველოში“.

ანგარიშშის თანახმად, მებრძოლები ლოპოტას ხეობაში, სოფელ ლაფანყურში სპეცოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე შევიდნენ: „კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ისინი შსს-ს ანტიტერორისტული ცენტრის მიერ გამოყოფილი ე.წ. „პიკაპებით“ მივიდნენ ადგილზე და თან ჰქონდათ  საჭირო შეიარაღება, საკვები და სხვა საჭირო ნივთები. გამოკითხულთა ვარაუდით, ამ დესანტის მიზანი  ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფის ჩრდილოეთის მიმართულებით გადასვლის აღკვეთა იყო“.

2013 წლის ოქტომბერში, სახალხო დამცველის ინიციატივით საზოგადოებრივი საბჭო შეიქმნა.  საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობას პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები იღებენ. საბჭო მოამზადებს ანგარიშს, რომელიც შესაბამის მასალებთან ერთად საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნება. 

ახალი ამბები