კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს პარლამენტის შენობა შესაძლოა საკუთრებაში ქუთაისს გადაეცეს

21 იანვარი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისია. თუმცა, საკანონმდებლო ორგანოს ახალი შენობის ექსპლუატაციაში შესვლის პირველივე დღიდან ხელისუფლება მის თბილისში დაბრუნებაზე ღიად საუბრობს. პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს თბილისში არსებული პარლამენტის შენობის რეაბილიტაცია-ინვენტარიზაცია, რაც პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლების სურვილი - პარლამენტი დედაქალაქს დაუბრუნდეს - მალე განხორციელდება.

თუმცა, ჯერ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილება უნდა შევიდეს, რადგან დღევანდელი კონსტიტუციით, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელის შეცვლა მხოლოდ დროებით, ისიც საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროსაა დასაშვები. 

აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები გამოსავალს მაინც პოულობენ და საზოგადოებისთვის მოულოდნელ განცხადებებს აკეთებენ. კერძოდ, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის განმარტებით: "თბილისში, რუსთაველის 8-ში არსებული შენობა, რომელშიც საქართველოს პარლამენტი მისი არსებობის დღიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ფუნქციონირებდა, შესაძლოა საკუთრებაში ქუთაისს გადაეცეს. ის აზრი კი, რომ საქართველოს პარლამენტი მაინცდამაინც ქუთაისში უნდა იყოს, "ნაციონალური მოძრაობის" აკვიატებაა და სხვა არაფერი."

ტყემალაძის იდეას საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. უმრავლესობამ  პარლამენტარის აზრი ხუმრობად მიიჩნია. თავად ტყემალაძის აზრით კი, მსგავსი გადაწყვეტილება სულაც არაა საფუძველს მოკლებული. მეტიც, იგი საერთაშორისო პრაქტიკაში კარგადაა აპრობირებული.

მოხდება თუ არა პარლამენტარ ზურაბ ტყემალაძის წინადადების პრაქტიკაში განხორციელება, ეს მომავალში გაირკვევა. თუმცა, იმის შესახებ, რომ ეს არცთუ მარტივ პროცედურებთან იქნება დაკავშირებული, უკვე გაკეთდა განცხადებები. 

ითქვა, რომ შესაძლოა დასახელება შეეცვალოს რუსთაველის გამზირის ნაწილს, ასევე, 9 აპრილის, ზურაბ ჟვანიას და ჭიჭინაძის ქუჩებს, რომლებიც თბილისში არსებულ პარლამენტის შენობას ესაზღვრება. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში თუ საკითხი დადებითად გადაწყდა და თბილისში არსებული პარლამენტის შენობა საკუთრებაში ქუთაისს გადაეცა, მას ახალი იურიდიული მისამართი დაჭირდება, რომელიც ქუთაისში იქნება რეგისტრირებული.  

რაც შეეხება ქუთაისში არსებულ პარლამენტის შენობას, რომლის აგება-კეთილმოწყობა ყოფილ ხელისუფლებას, უფრო სწორად კი, საქართველოს ბიუჯეტს 37 მილიონი ლარი დაუჯდა, ჯერაც დაუსრულებელია. სპეციალისტთა განმარტებით, მის დასასრულებლად კიდევ 20 მილიონამდე ლარია საჭირო. თუმცა, მთავრობის წარმომადგენლები ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან აკეთებდნენ განცხადებებს, რომ არცერთი თეთრის დახარჯვას აღარ აპირებენ, რადგან პარლამენტის რკინა-შუშის ნაგებობა უხარისხოდაა აგებული და საერთო ჯამში, უვაგირსია. 

შენობის ექსპლუატაციაში შესვლიდან რამდენიმე თვეში, "უფანჯრო, მხოლოდ ვენტილაციაზე დამოკიდებული უზარმაზარი შენობა" მალე ექსპერტთა კვლევის ობიექტი გახდა. პარლამენტართა მოთხოვნით, რომლებიც   დარბაზებსა და სამუშაო ოთახებში ჟანგბადის ნაკლებობაზე ალაპარაკდნენ, პარლამენტის შენობაში სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაცია "გამას" ლაბორატორიული კვლევების ჩატარება მოჰყვა.

"ჩემს კოლეგებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით  პრობლემები შეექმნათ. უჩივიან თავის ტკივილებს, უჰაერობას. განსაკუთრებით კი ისინი არიან შეწუხებული, ვისაც ასთმური პრობლემები აწუხებს. ან კარგად  როგორ იქნებიან, როცა ამხელა შენობა მხოლოდ ვინტილაციის იმედადაა. ნუთუ არ შეიძლებოდა, რომ ერთ მხარეზე მაინც ღია აივანი,  ან ფანჯარა იყოს. ზუსტად ვიცი, რომ ჩემს ამ განცხადებაზე ბევრს გაეცინება და იტყვიან, რომ სისულელეს ვლაპარაკობ, მაგრამ დამერწმუნეთ, მე ექიმი ვარ და ვიცი, რასაც ვამბობ. როცა ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდება, ჩნდება ტვინის დაქვეითების საშიშროება. ეს კი, მე ვფიქრობ, სერიოზული ამბავია", - აცხადებდა humanrights.ge-სთან საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე. 

სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაცია "გამას" სპეციალისტებმა ლაბორატორიული სინჯები შენობის თითქმის ყველა დარბაზსა და ოთახში აიღეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ მაშინ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. თუმცა, აღნიშნეს, რომ კვლევის შედეგები უახლოეს დღეებში საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურად ჩაბარდებოდა, რის შემდეგაც პარლამენტში არსებული მდგომარეობა საზოგადოებისთვის გახდებოდა ცნობილი.

საპარლამენტო უმრავლესობა თვლის, რომ საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში დარჩენა ქვეყნის ეკონომიკისთვის ზედმეტი ხარჯია, რომლის ფუფუნება საქართველოს არ აქვს. 

ახალი ამბები