კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პლედი, პოლიეთილენის პარკი, წებოვანი ლენტი და ჭიკარტები - დიმიტროვმა ღოღეთის მოსახლეობას პირველადი მოხმარების ნივთები გადასცა

27 იანვარი, 2014
 
ნინო დევიძე, შიდა ქართლი

23 იანვარს, ევროკავშირის ელჩმა  საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა სიმონე ვოლკენმა სამხრეთ ოსეთთან გამყოფი ხაზის ახლომდებარე სოფელ ღოღეთის მცხოვრებლებს პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს.

ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით ღოღეთში მცხოვრებ 77 ოჯახს პლედი, პოლიეთილენის პარკი, ორმაგი წებოვანი ლენტი და ჭიკარტები გადაეცათ. თუმცა, როგორც ღოღეთის მცხოვრებლები აღნიშნავენ მათ დახმარება სულ სხვა კუთხით ესაჭიროებათ:  „ჩვენ რა თქმა უნდა მადლიერნი ვართ ამისათვის, მაგრამ სხვა სახის დახმარებას მოველოდით. საზღვრისპირა სოფელი ვართ, ჩვენი ნაკვეთები მავთულ ხლართებს იქით მოჰყვა, ვსაზრდოობთ პენსიით და სოციალური დახმარებით. ყველაზე მეტად გზის რეაბილიტაცია გვჭირდება. მოგეხსენებათ სკოლა სოფელში არა გვაქვს და როცა ტრანსპორტი არ არის ბავშვებს  4 კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ. წყალს სასმელად ვერ ვიყენებთ, სამედიცინო დახმარებას 14 კილომეტრის გავლის შემდგომ ვიღებთ.  გვპირდებიან უახლოეს ხანებში ამ პრობლემებს მოგიგვარებთო და ჩვენც მოლოდინში ვართ “-  ამბობს ღოღეთის მცხოვრები ლელა შათირიშვილი.

ღოღეთის ერთ-ერთი მცხოვრები ტრისტან შათირიშვილი დიმიტროვს ევროკავშირის დახმარების აუცილებლობაზე ესაუბრა: „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, ქართველები ამაყი ხალხი ვართ. ბევრ ჭირ-ვარამს გავუძელით, ჩვენ უფრო გვეამაყებოდა, რომ მყარად ვმდგარიყავით ფეხზე და ჩვენ თავად შეგვძლებოდა ყველაფრის გადატანა. რამდენიც არ უნდა გავაკეთოთ, გინდ ხალხმა, გინდ სახელმწიფომ, ისეთ დიდ მეზობელთან, როგორიც რუსეთია, ვერაფერს გავხდებით. ჩვენ უნდა გვქონდეს ევროპელი ხალხის თანადგომა და ჩვენ ამას ვითხოვთ. თქვენი დახმარებაა საჭიროა, რომ დროზე ჩავდგეთ ევროპის რიგებში, თორემ უკვე 20 წელია ამ დღეში ვართ“.
 
ფილიპ დიმიტროვი მოსახლეობას მხარდაჭერას დაპირდა: „მე ისეთი ქვეყნიდან მოვდივარ, რომელიც ევროკავშირის წევრი სულ ბოლოს გახდა და ვიცი, ეს როგორი ძნელი გზაა. მაგრამ მოვლენები ერთბაშად არ ხდება. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოგცეთ შანსი იყოთ წევრი. მაგრამ ეს თქვენზეც იქნება დამოკიდებული, იმიტომ, რომ მოვა ხალხი, რომელიც შეეცდება გაცდუნოთ და გადაგიბირონ სხვა გზაზე, გადაგიბირონ ჩვენი საერთო ოჯახიდან. არ აცდუნებინოთ თავი თბილი სიტყვებით, რომ ყველაფერი იქნება კარგად, ისე, როგორც ოდესღაც წარსულში იყო. თუ გაუძელით ამ ცდუნებებს, დარწმუნებული ვარ, შედეგები კარგი იქნება. მაგრამ ვინაიდან ახლა არის კონკრეტული პრობლემები და საჭიროებები, შევეცადოთ ეს პრობლემები გადავჭრათ, რადგან მეგობრები სწორედ ასე იქცევიან".

ზემოხსენებული ჰუმანიტარული დახმარება ევროკავშირისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ზამთრის დახმარების ერთობლივი პროექტის შემადგენელი ნაწილია, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრებთა სტაბილურობისა და სოციალური დაცვის გაუმჯობესებას ემსახურება. დამატებით, ლტოლვილტა კომისარიატი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, შეჭირვებულებსა და მრავალშვილიან ოჯახებს 500 ლარიან დახმარებეს გადასცემს. 

ახალი ამბები