კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისელი ნაციონალები პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობენ

28 იანვარი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, იმერეთი 

პარლამენტის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი თევდორაძე ხელისუფლების მხრიდან მათი მხარდამჭერების მიმართ ზეწოლის ფაქტებსა და არაკანონიერ ქმედებებზე საუბრობს.
 
თევდორაძემ, რომელიც ქუთაისის ყოფილი მერია, ამის შესახებ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან ზეწოლის რამდენიმე ფაქტი დაასახელა და როგორც ადგილობრივ, ისე ცენტალურ ხელისუფლებას მსგავსი ქმედებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა: "მათი საქციელი უკვე მეტისმეტია. პირდაპირ და მოურიდებლად დევნიან ყველას, ვინც ჩვენი პარტიის წარმომადგენელი, ან უბრალოდ ჩვენი მხარდამჭერია. თანამდებობებიდან ერთი ხელის მოსმით, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ათავისუფლებენ ადამიანებს. იმაზე კი არ ფიქრობენ, რა იქნება ხვალ, როცა "ოცნება" აღარ იქნება ხელისუფლებაში და ქვეყნის სათავეში კვლავ "ნაციონალური მოძრაობა" დაბრუნდება". 

იგი ზეწოლის ფაქტებს შორის ააიპ გაერთიანების ხელმძღვანელის ლადო პატარიძის მიერ ამავე გაერთიანებაში შემავალი სხვადასხვა (კულტურულ-საგანმანათლებლო, სახელოვნებო და ა. შ.) ორგანიზაციების, მათ შორის მოსწავლე ახალგაზრდობის გაერთიანების დირექტორის მიხეილ ფხაკაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ასახელებს. 
    
"ეს ფაქტი სხვა არაფერია, თუ არა ზეწოლა და დაშინება - ვინც არ იქნება "ქართულ ოცნებაში",  არ იქნება არც თანამდებობაზე. უბედურება კი ისაა, რომ ეს ე.წ. საკადრო პოლიტიკა ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში კი არ ხდება, რომელიც რუსთაველზეა განთავსებული, არამედ უშიშროების სამსახურში, ტაბიძის ქუჩაზე, ძალოვანების მიერ. მიხეილ ფხაკაძის თანამდებობიდან გათავისუფლებაც მათი გადაწყვეტილია და პირდაპირ გეტყვით,  ჩვენთვის მოულოდნელი ნამდვილად არ არის", - აცხადებს თევდორაძე.

მისი განმარტებით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ააიპ გაერთიანებაში, რომელიც 16 ორგანიზაციას აერთიანებს, ბოლო პერიოდში პოლიტიკური ნიშნით სხვადასხვა პოზიციიდან 70-მდე პირი გაათავისუფლეს. 

გიორგი თევდორაძე ერთადერთი "ნაციონალი" არაა, ვინც პოლიტიკური ნიშნით დევნასა და ზეწოლაზე საუბრობს.  ხელისუფლების მიმართ მსგავს ბრალდებებს  კიდევ ერთი  პარლამენტარი "ნაციონალური მოძრაობიდან" დავით საყვარელიძე აყენებს. ყოფილი მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მსგავს ბრალდებებს ძალოვან უწყებებს, კერძოდ კი, პროკურატურას უყენებს.

საყვარელიძემ ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ყოფილ უფროსთან თემურ ცამციშვილთან ერთად პარლამენტში საგანგებო ბრიფინგი გამართა და პროკურატურის მანკიერებებზე გაამახვილა ყურადღება: "ქუთაისის თვითმმართველობიდან პროკურატურამ წერილი მიიღო, სადაც ნათლად იყო აღნიშნული, რომ მერიას, კერძოდ კი, ქალაქის  ბიუჯეტს ცამციშვილის ქმედებებით არანაირი ზარალი არ მიუღია. ეს დოკუმენტი და საქმეში პრაქტიკულად მოწმეების არარსებობა პირდაპირ მიუთითებს ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის უდანაშაულობაზე. მიუხედავად ამისა, პროკურატურის მხრიდან ქუთაისის მერიის მიმართ მაინც ხორციელდება ზეწოლა, რაც ცამციშვილის კვლავ დადანაშაულებაზეა ორიენტირებული და რაც, საბოლოო ჯამში, პირდაპირ მიუთითებს პოლიტიკურ მოტივაციაზე". 

საუბარია თემურ ცამციშვილის საქმეზე, კერძოდ კი ბრალდებაზე, რომელიც მას პროკუტარურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და  ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვისთვის გასული წლის დასაწყისში წაუყენა. 

"ახლახან, ცამციშვილის საქმის განხილვიდან თვეების შემდეგ, ქუთაისის მერიამ პროკურატურას კვლავ გაუგზავნა წერილი, სადაც თავს დაზარალებულად მიიჩნევს და ამაში დამნაშავედ ცამციშვილს ცნობს. მერიის ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი წერილი პირდაპირ მიუთითებს პროკურატურის მხრიდან ზეწოლაზე. ამჯერად ზეწოლის ობიექტი ქუთაისის მერიაა. საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი პოლიტიკურად მოტივირებული ანგარიშსწორებაა ჩვენი, "ნაციონალური მოძრაობის" და ჩვენი პარტიის მხარდამჭერების მიმართ", - ამბობს საყვარელიძე.

ყოფილი პროკურორის განცხადებას ეთანხმება თავად მერიის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ცამციშვილი. მისი განმარტებით: "დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა ქუთაისის თვითმმართველობას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლას აიძულებს, რადგან თუ მერიის წარმომადგენლები თავს დაზარალებულად არ წარმოაჩენენ, საქმე დაიხურება."

ახალი ამბები