კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო სექტორის პროტესტის ფონზე პარლამენტმა თვითმმართველობის კოდექსი მიიღო

7 თებერვალი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

77 ხმა 7-ის წინააღმდეგ - საქართველოს პარლამენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ხმაურიანი განხილვისა და აზრთა სხვადასხვაობის ფონზე, 5 თებერვალს მესამე მოსმენით მიიღო. ხელისუფლება აცხადებს, რომ ესაა  წინგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის თვალსაზრისით და ამით ქვეყანაში თვითმმართველობის რეფორმა დაიწყო. 

კოდექსი, რომლის ძირითადი მუხლები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგის გამოცხადებისთანავე ამოქმედდება, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციამ არასრულფასოვნად მიიჩნია და  გაემიჯნა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა კი, პროტესტის ნიშნად ინტერფრაქციული ჯგუფი კოდექსის მიღებამდე ერთი დღით ადრე ერთსულოვნად დატოვეს. 

"ის ცვლილებები, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შევიდა,  ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გააუარესებს. ხელისუფლება კი, ამის შესაჩერებლად არაფერს აკეთებს" - NGO სექტორის წარმომადგენელთა ამ განცხადებას   მათი პროტესტი მოჰყვა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს," "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლებმა ინტერფრაქციულ ჯგუფში დარჩენა იმ მარტივი მიზეზის გამო აღარ ისურვეს, რომ კოდექსთან დაკავშირებით მათი წინადადებები იქ არათუ არ მიიღეს, განხილვაც არ დაიწყეს. 
  
"არაერთ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ჩვენი მოსაზრებები. შესაბამისად, ინტერფრაქციულ ჯგუფს ვთავაზობდით არ ეჩქარათ და გაგვეგრძელებინა მსჯელობა. კერძოდ, საუბარია მერებისა და გამგებლებისთვის თანაბარ, 50 პროცენტიან ბარიერზე. ასევე, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების შექმნის საკითხზე. მიუხედავად იმისა, რომ საკითხები პრინციპულად მნიშვნელოვანია, ინტერფრაქციულმა ჯგუფმა იგი არ განიხილა. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ დავინახეთ ამ ჯგუფში ჩვენი ყოფნის აუცილებლობა", - განაცხადა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" თავმჯდომარემ ნინო ლომჯარიამ.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის განმარტებით კი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში გათვალისწინებული ცვლილებებით ქვეყანაში შექმნილი საარჩევნო გარემო უარესდება: "კოდექსის მიხედვით საინიციატივო ჯგუფებს არ ექნებათ უფლება, დაასახელონ მერობის და გამგებლობის კანდიდატები. ეს კი ნიშნავს იმას, რომ დამოუკიდებელ პირს, რომელიც არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არაა, აიძულებს მიეკედლოს რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტს, რათა დასახელდეს კანდიდატად", - განმარტავს საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით პრეტენზიები გამოხატეს საპარლამენტო უმცირესობის წევრებმაც, რომლებმაც კოდექსის მუხლობრივი განხილვის შემდეგ საპარლამენტო დარბაზი პროტესრტის ნიშნად დატოვეს და შესაბამისად, კოდექსის მიღებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
მათთვის მიუღებელია თვითმმართველობის კოდექსის ის მუხლი, რომლის მიხედვით საკრებულოს ორ მესამედს შეუძლია არჩეულ მერს ან გამგებელს უფლებამოსილება შეუჩეროს. 

მიუხედავად აღნიშნული შენიშვნებისა და პრეტენზიებისა, საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ რეკომენდაციები, რომლებიც როგორც არასამთავრობო, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მთელი ამ ხნის მანძილზე ჰქონდათ, გათვალისწინებულია. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილებები კი, უახლოეს პერიოდში საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება. 

ახალი ამბები