ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის გენერალური მდივანი ბიორნ ენგესლენდი და კომიტეტის ადამიანის უფლებების საგანმანათლებლო დეპარტამენტის ხელმძღვანლი ენვერ ჯულიმანი 18-21 თებერვალს საქართველოს და სომხეთს ეწვევიან. ისინი ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებს, საჯარო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ადგილობრივი მისიების წარმომადგენელბს შეხვდებიან და მათ საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროგრამებსა და სამომავლო გეგმებს გააცნობენ.
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი არის არსამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობს. ორგანიზაცია პროექტებს ახორციელებს აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი დაარსდა 1977 წელს. კომიტეტის ცენტრალური ოფისი ოსლოში მდებარეობს, რეგიონული კი, ცენტრალურ აზრიაში.
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის მუშაობა ეფუძნება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტებს, რომლებიც მიღებული და ადაპტირებულია გაეროს, ევროპის საბჭოს და ეუთოს მიერ.
ნორვეგიის კომიტეტი წლებია თანამშრომლობს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების ადგილობრივ ორგანიზაციებთან, ადამიანის უფლებების მონიტორინგის, ადვოკატირების და საგანმანათლებლო მიმართულებით. 2012 წლიდან კომიტეტი სამხრეთ კავკასიაში ევროკომისიისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „კოალიცია ნდობის აღდგენისათვის“. პროექტის მიზანია კონფლიქტის შედეგად გაყოფილი საზოგადოებების შესაძლებლობების გაძლიერება, მშვიდობის მშენებლობის ადვოკატირება, სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა და ქსელის შექმნა. პროექტში ჩართულია რეგიონის,, მათ შორის აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბაღის, ათამდე პარტნიორი ორგანიზაცია. კოალიცია ნდობისათვის აერთიანებს 200-ზე მეტ სტუდენტს, ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი