22:49, Sunday, 25.10.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„გურია ნიუსის“ ჟურნალისტის თქმით, გამგებელმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

20.02.2014

 
 ნინო მშვიდობაძე, გურია

"გურია ნიუსის" ჟურნალისტ ჟანა მეგრელიშვილის თქმით, 14 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე შარაშენიძემ  მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა  და კომენტარისთვის მისულს, საკუთარ კაბინეტში უშვერი სიტყვებით აგინა.

„რიგ საკთხებზე ინფორმაციების გადასამოწმებლად მუნიციპალიტეტის გამგებელ კოტე შარაშენიძესთან სამუშაო კაბინეტში მივედი. მაინტერესებდა გურიის გუბენატორთან დაპირისპირების საგანი მართლაც იყო თუ არა, ძარცვის  შემდგომ, გათბობის გარეშე დარჩენილი სამუსიკო სკოლა და ასევე, მართლაც  დაიწყო თუ არა სპეციალურმა კომისიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2013 წელს გახორციელებული სოფლის პროექტების შემოწმება სწორედ გუბერნატორის მოთხოვნით. შარაშენიძე კატეგორიულად და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მთხოვდა, დიქტოფონი არ ჩამერთო; მიყვიროდა, მაინტერესებს, რატომ მიწერ ასეთ რაღაცებს, რას ახარებ ამ "ნაგავ ხალხს", ან რა გინდა ამ სოფლებში, რომ დადიხარ, რას ეძებ, მე რომ ცუდი დამემართოს, გაგიხარდებაო! ხმამაღლა მესაუბრებოდა და ფიზიკურად დიქტოფონის ჩართვის საშუალებას არ მაძლევდა. ვუთხარი, რომ საჭორაოდ კი არ ვიყავი მისული, მისი კომენტარი მჭირდებოდა. როცა დაინახა, რომ დიქტოფონის ჩართვა მოვახერხე, დაკარგა ყოველგვარი კონტროლი საკუთარ თავზე და ღიად, დიქტოფონზე დასაფიქსირებლად შემაგინა უშვერად. შეიქმნა საშიშროება, რომ შარაშენიძეს ფიზიკური შეურაცხყოფაც მოეყენებინა, ვეცადე, სასწრაფოდ დამეტოვებინა მისი კაბინეტი“, – ამბობს ჟურნალისტი.

დიქტოფონზე ჩანაწერში გარკვევით ისმის, რომ ჟურნალისტის კითხვაზე,  მოითხოვა თუ არა გურიის გუბერნატორმა სამუსიკო სკოლიდან მოპარული გამათბობლის ხელახლა ყიდვა მისგან,  შარაშენიძე გინებით და შეურაცხმყოფელი სიტყვებით პასუხობს. 

მომხდარი ადამიანის უფლებათა ცენტრთან გურიის გუბერნატორმაც შეაფასა: „როგორც გუბერნატორს, რეაგირების უფლება, ანუ გამგებლის მოხსნის უფლება კანონიდან გამომდინარე, არ მაქვს, ამის უფლება აქვს მხოლოდ და მხოლოდ საკრებულოს. თუმცა ფაქტს უარყოფითად, ვაფასებ ცხადია და ვთვლი, რომ ასეთი საჯარო მოხელეები არცხვენენ საჯარო მოხელის სახელს. ეს არ ეკადრება ისეთი მაღალი თანამდებობის პირს, როგორიც გამგებელია და ეს არ ეკადრება არცერთ საჯარო მოხელეს, რადგან ჟურნალისტის პროფესია ხელშეუხებელია“, – გვითხრა გიორგი ჩხაიძემ.

ამ ფაქტს საჯაროდ პოლიტიკური პარტიებიდან, პირველი, "რესპუბლიკური პარტიის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მარინე სუნგულია გამოეხმაურა: "რა სარგებლობა მოუტანა კონსტანტინე შარაშენიძეს გამგებლობამ ოზურგეთს, ამის შესახებ საზოგადოებაში თუ პოლიტიკურ პარტიებში ზოგან ფარულად, ზოგან კი ღიად საუბრობენ. ერთი რამ უდავოა, შარაშენიძის მიერ დიქტოფონში გაჟღერებულმა სიტყვებმა, ვისაც არ ახსოვდ, გაახსენა ოზურგეთის საჭეთმპყრობელმა, არჩევიდან დღემდე რამდენი აგრესიული "მარგალიტი" მიმოაბნია იარაღის ტარით თუ სიტყვით".
 
 „ძალიან სამწუხაროა, როცა დღეს საჯარო მოხელეებს გათავისებული არა აქვთ მათი თანამდებობრივი სტატუსის შეზღუდვის, როგორც სამართლებრივი, ისე ეთიკური ნორმები. განა ვინმესთვის არაა ცნობილი, რომ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არ შეეფერება მის მიერ დაკავებულ პოსტს?!" – აცხადებს "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ ნადირიძე.

ფაქტთან დაკავშირებით "გურია ნიუსი"  სპეციალურ განცხადებასაც ავრცელებს: „აუცილებლად განცხადებით მივართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყოს. ასევე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს - ადმინისტრაციული საქმისწარმოების დაწყების მიზნით. მივართავთ ხელისუფლების ყველა შტოს, ადგილობრივ, საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, პოლიტიკური პარტიების, მმართველი კოალიციის პირველ პირებს, დაიცვან ჟურნალისტის და ნებისმიერი მოქალაქის უფლებები. მოვითხოვთ, გარანტირებულად იყოს დაცული ჟურნალისტის ფიზიკური ხელშეუხებლობაც, რადგან ამგვარი საჯარო მოხელის მხრიდან, სავსებით მოსალოდნელია, რომ ჟურნალისტის და მისი ოჯახის წევრების ფიზიკური უსაფრთხოებაც იქნას შელახული! ეს საქმე ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი თემა იქნება მანამ, სანამ კონსტანტინე შარაშენიძე პასუხს არ აგებს ქმედებისთვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით, დასჯადია“. 

მომხდარიდან ორი დღის შემდეგ ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა კოტე შარაშენიძემ გაზეთს ოფიციალურად ბოდიში მოუხადა: „გაზეთ "გურია ნიუსის" მიერ  გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე,  თავს ვალდებულად  მივიჩნევ საზოგადოების, და პირველ რიგში თავად "გურია ნიუსის"პატივისცემის ნიშნად,  განცხადება გავაკეთო. გულწრფელად ვწუხვარ იმ უხამსი გამოთქმებისთვის, რაც ცოტა ხნის წინ "გურია ნიუსის"ინტერნეტვერსიამ გაავრცელა. მე სრულად  მაქვს გააზრებული   ჩემი ქმედების სიმძიმე, რასაც არანაირად არ ამართლებს  ის წინაპირობები, რაც ამ ჩანაწერის გაკეთებას წინ უძღოდა.  მათ შორის, არც ის გარემოება, რომ ამ გამოთქმების ადრესატი ჟურნალისტის მიერ  დასახელებული ე.წ. წყაროა და ნამდვილად არ არის კონკრეტული ჟურნალისტი, მით უმეტეს, რედაქცია. არც ის  ფაქტი, რომ  ეს მხოლოდ ამონარიდია საკმაოდ ემოციური და ხანგრძლივი  საუბრისა, რომლის დეტალებზე ამ ეტაპზე ჩემი მხრიდან საუბარი უზნეობად მიმაჩნია. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ  ღრმა პატივისცემას ზოგადად მედიის, მათ შორის  "გურია ნიუსის", მისი მრავალრიცხოვანი აუდიტორიის  მიმართ და ბოდიშს ვიხდი ჩემი, როგორც საჯარო მოხელის არაეთიკური, არაადეკვატური  საქციელის  გამო“.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC