კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„რეინჯერმა იცოდა, ხეებს რომ ვჭრიდი...“ - ატენის ხეობის ამბები

24 თებერვალი, 2014
 
საბა წიწიკაშვილი, შიდა ქართლი

2014 წლის იანვარში ატენის ხეობიდან საშეშე მერქნის და სამასალე ხის მოჭრის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. ძირითადი შემთხვევები 22-23 იანვარს გამოვლინდა. ყველა მასალა სახელმწიფოს მიერ კონფინსკაციას დაექვემდებარა. ჩამორთმეული შეშა სოციალურად დაუცველებს გადაეცემა. 

გორი-ბოშურის ავტობუსის მძღოლს აკაკი ფიცხელაურს სათანადო დოკუმენტაციის გარეშე ხე-ტყის ტრანსპორტირების გამო ოქმი 23 იანვარს გამოუწერეს. საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების აღმოსავლეთ საქართველოს ზონის წარმომადგენლებმა ის ავტობუსით გორში სადგურის დასახლებაში გააჩერეს. მის ავტობუსში დაახლოებით 1,5 კბ.მ შეშა აღმოჩნდა და სახელმწიფოს მიმართ მიყენებულმა ზარალმა 32 ლარი შეადგინა. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 128 სეკუნდა მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, მას 1000-ლარიანი ჯარიმა და საქონლის კონფისკაცია ემუქრებოდა.

„მე ბოშურის ავტობუსის მძღოლი ვარ. ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა საკუთარი სახლიდან ოჯახისთვის გამომატანა. მას ხშირად მეც პატივს ვცემდი ხოლმე. გორიდან მისთვის ფქვილი და საკვები უფასოდ ამიტანია. ამის სანაცვლოდ შეშა გამომატანა სახლიდან, სულ რაღაც 1 კბ.მ. თურმე ამისთვისაც ნებართვა ყოფილა საჭირო. მე ეს არ ვიცოდი“, - ამბობს ფიცხელაური. გორის სასამართლოს მოსამართლემ დავით პაპუაშვილმა აკაკი ფიცხელაურს, მხოლოდ, სიტყვიერი გაფრთხილება მისცა და 1000 ლარიანი ჯარიმა აღარ დააკისრა. შეშა კი ჩამოერთვა და ბიუჯეტის სასარგებლოდ, მხოლოდ 32 ლარის გადახდა დაეკისრა.

ინდმეწარმე გიორგი ნადიბაიძეს კი 2011 წლიდან 2014 წლამდე უკვე მესამე ოქმი დაუწერეს. მას ბოშურში ხის საამქრო აქვს. მის საამქროში დაყრილი სამასალე ხის მორები სარეგისტრაციო ჟურნალში არ აღმოჩნდა გატარებული.  

„ჩვენი დაჯარიმება ნებისმიერ დროს შეუძლიათ. გარემოს დაცვის ხალხმა კარგად იცის, რომ არც ერთი საამქრო რეგლამენტს არ აკმაყოფილებს. არ არსებობს, ვიღაც მოვიდეს საამქროში გარემოს დაცვიდან და იქიდან ცარიელი წავიდეს. ხის მასალა რომ მიიტანეს საამქროში, დიდთოვლობა იყო. იმ საღამოს მე ვერ ავედი საამქროში და იმ წუთას ვერ მოვახერხე ჟურნალში მორების გატარება“, - ამბობს გიორგი ნადიბაიძე. ინდმეწარმე ნადიბაიძეს მოსამართლე დავით პაპუაშვილმა 2000- ლარიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალის თანხა დააკისრა. ხოლო ხის მასალები კონფისკაციას დაუქვემდებარა.

შპს „ჯაგას“ ბოშურთან ხის საამქრო აქვს. დირექტორი 1986 წელს დაბადებული ნიკოლოზ გუგეგაშვილია. ის ამბობს, რომ მუშაობა სულ რაღაც 3 თვეა, დაიწყო და ტერიტორია იჯარით აქვს აღებული. გუგეგაშვილი თავს იმით იმართლებდა, რომ როდესაც სამხერხაოში ხის მასალები მიიტანეს, დიდთოვლობის გამო გორიდან ასვლა ვერ მოახერხა - სახერხში ვაპირებდი მეორე დღეს ასვლას და დოკუმენტაციაში მასალის აღრიცხვას, მაგრამ ჩვენზე ადრე გარემოს დამცველები მივიდნენო. 

ბოშურის მკვიდრს ლერი ყველაშვილს უკვე მეორედ დააკისრეს ჯარიმა. „ჩემდა სამწუხაროდ, ინდმეწარმე ვარ. ავად, ვარ - ცეროზი მაქვს. წინაზეც დამაჯარიმეს და მინდოდა, ის თანხა ამომეღო. მორი შევიტანე საამქროში და ჟურნალშიც გატარებული მქონდა, მაგრამ დიამეტრის ზომები არ დაემთქვა ერთმანეთს. მე ჟურნალში 25 სმ დიამეტრი მეწერა, სინამდვილეში ხის მორი 19 სმ დიამეტრის აღმოჩნდა“, - განაცხადა ლერი ყველაშვილმა. ის ითხოვდა, რომ განმეორებითი ჯარიმა აღარ დაეკისრათ, რადგან წინა 1000 ლარიც გადასახდელი მაქვსო. მიუხედავად ამისა, მის ადრინდელ ჯარიმას კიდევ 2000 ლარი დაემატა.

თეიმურაზ კოტრიკაძეს 2014 წლის 23 იანვარს ავტომანქანით ატენიდან 0,7 კბ.მ შეშა მოჰქონდა და ის გორში გააჩერეს. დაჭრილი რცხილა 66 ლარის ღირებულების აღმოჩნდა. „იმ დღეს გაზი გაგვითიშეს გორში, მეუღლეც ავადმყოფი მყავს და შვილიც. მათთვის გასათბობად მინდოდა. თანაც ქირით ვცხოვრობ“, - ამბობს კოტრიკაძე. 

ატენელ მიხეილ ბარჯაძეს კი უაზის ტიპის ავტომანქანით 22 იანვარს დაჭრილი შეშა ქალაქის ტერიტორიაზე გადაჰქონდა - სულ 84 ლარის ღირებულების. გორელი ანდრო კარელიძე 23 იანვარს ფაქტზე დაიჭირეს. ის ხეებს ბოშურის ტერიტორიაზე ჭრიდა.  სახელმწიფოზე მიყენებული ზიანი 76 ლარი შეადგინა. ყველა მათგანს სიტყვიერი გაფრთხილება მიიღეს და შეშა ჩამოერთვათ. 

კახა საური 7 კბ.მ-ზე მეტი მოჭრილი ხეების ტრანსპორტირების დროს დააკავეს. მის მანქანაზე  სულ ახალგაზრდა ხეები ეწყო. ზიანმა 688 ლარი შეადგინა. დიდი რაოდენობით ზარალის გამო კახა საურს 1000 ლარიანი ჯარიმა, 688 ლარის ზიანის ანაზღაურება დაეკისრა და შეშა ჩამოერთვა. მანქანა კი იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუკი ჯარიმებს გადაიხდის. 

როლანდ თინიკაშვილი კი უკვე მესამედ დააკავეს. 22 იანვარს დაახლოებით 1, 74 კბ.მ დაჭრილი შეშა გორის ტერიტორიაზე გადაჰქონდა. როლანდ თინიკაშვილი ამბობს, რომ შეშა ძველი ბარათით ნოემბერში ჩამოიტანა და სოფელში ჰქონდა დაყრილი. როგორც კი საკმაოდ აცივდა და გაზი გაეთიშა, გადაწყვიტა სოფლიდან სახლში წაეღო.

ქვემო არცევის მკვიდრს ავთანდილ შევარდენიძეს ახალგაზრდა ხეების მოჭრის ფაქტზე წაასწრეს. ის სოფელ სკრის დევნილთა დასახლებაში დასთან სტუმრად იმყოფებოდა. ,,ჩემს დას შეშა არ ჰქონდა, მითხრა, რომ ახლომახლო ტყეში წავსულიყავი და მომეჭრა. მე არც ვიცოდი ნორმალურად ეს ტერიტორია. სადაც ტყეკაფი იყო, იქ ვერ ვნახე შეშა და ამ ადგილზე იმიტომ მივედი" - ამბობდა ავთანდილ შევარდენიძე. მისი მოჭრილი ხეები მუხა, იფანი, რცხილა 2 კბ.მ შეადგენდა და დიდი რაოდენობით ზიანს წარმოადგენდა. შესაბამისად, მას 500 ლარიანი ჯარიმა და შეშის კონფისკაცია დაეკისრა.

ბონდო ტურაშვილი კი ატენის ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც მოჭრილი ხეები ტყიდან გამოჰქონდა. ტურაშვილი ამბობს, რომ რეინჯერს ბარათი გამოსაწერად მზად ჰქონდა, მაგრამ ინსპექცია მაინც დაადგა. ,,მაგ ტერიტორიაზე მუშაობს რეინჯერი გოირგი ოქროპირიძე. ბარათის გამოწერა ვერ მოასწრო, რომ ინსპექცია დამადგა თავზე. რეინჯერმა იცოდა, რომ შეშას ვჭრიდი და რატომ არ გამოწერა ხეების მოჭრამდე ბარათი, ჩემთვის უცნობია" - განაცხადა ბონდო ტურაშვილმა. რეინჯერი გიორგი ოქროპირიძე ახლაც მუშაობს.

ახალი ამბები