შორენა კაკაბაძე, ქუთაისი
„ჩვენი მიზანია ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩვენი, ღირსეული ადგილი დავიკავოთ და ის პრობლემები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აქვს, ერთხელ და სამუდამოდ აღმოვფხვრათ“, - ეს განცხადება რესპუბლიკელმა ნატო ქათამაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც პარტიის საანგარიშო კრებაზე, რომელიც არჩევნებით დასრულდა, იგი ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ აირჩიეს.
მშვიდ და გამჭვირვალე ვითარებაში ჩატარებული არჩევნების ფონზე პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა 7 კანდიდატს შორის მხარი ქათამაძეს ერთხმად დაუჭირეს და დასასრულს გამარჯვებაც მიულოცეს.
მიზანმიმართული, საქმისადმი ერთგული და პატრიოტი - ასე დაახასიათეს ქუთაისელმა „რესპუბლიკელებმა“ ნატო ქათამაძე, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას არჩევნებამდეც იკავებდა.
პროცესს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძეც ესწრებოდა. მისი თქმით, პარტიის მმართველი კომიტეტი აქტიური და მიზანმდასახული ადამიანებით კომპლექტდება, რაც მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთგვარი წინასწარი სამზადისია.