კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აუდიტის დასკვნის მიხედვით, საფეხბურთო ბაზის ქონება უნებართვოდ გასხვისდა

28 თებერვალი, 2014
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

საფეხბურთო კლუბ „გურიას“ საწვრთნელი ბაზა სოფელ გრიგოლეთში, შავი ზღვის სანაპიროზეა განთავსებული. ადამიანის უფლებათა ცენტრს რამდენიმე ხნის წინ აცნობეს, რომ ახლახანს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე დაბრუნებული ბაზის კომპლექსიდან ქონება უკანონოდ გაჰქონდათ.

როგორც გაირკვა, ბაზის ტერიტორიაზე მდებარე ქონება ჯართად ჩააბარეს და რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით ბაზის დავალიანებები გაისტუმრეს.

მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ურუშაძე ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრის დროს აცხადებს, რომ ბაზის დირექტორს, ოთარ ჩხაიძეს მასთან უნდა შეეთანხმებინა თუკი რაიმე ქონებას ყიდდა:„ეს ქონება ბაზის ბალანსზე აღარც იყო უკვე, მაგრამ თუკი მის რეალიზაციას გეგმავდა, ოთარ ჩხაიძეს უნდა ეცნობებინა ჩვენთვის, მან კი ეს არ გააკეთა და ფაქტობრივად, თავისი ინიციატივით იმოქმედა, “ - ამბობს ურუშაძე, რომლის თქმით ქონება რომ ბალანსზე არ არის, ეს საჯარო რეესტრიშიაცაა დაფიქსირებული, თუმცა „ეს არ ნიშნავს, რომ ქონება ჯართში უნდა ჩაბარდეს. ამას თავისი პროცედურები სჭირდება“ დასძინა გამგებელმა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წყლის ავზი, რომლითაც საწვრთნელი კომპლექსი მარაგდებოდა, დაჭრეს და ჯართად ჩააბარეს. გირგოლეთში ჩასულებს, პირველი, რაც თვალში მოგვხვდა, ის იყო რომ წყლის ორი ავზიდან ერთ-ერთი ადგილზე არ დაგვხვდა. მხოლოდ ის ადგილია დარჩენილი, რაზეც ავზი იდგა. 

ბაზის დარაჯის თქმით, ავზი რამდენიმე დღის წინ წააქციეს და ადგილზე დაჭრეს.  

ჩვენ კომენტარი ბაზის ყოფილ დირექტორ თემურ ჩხაიძესაც ვთხოვეთ:„ეს იყო 35 ტონიანი ავზი, რომლითაც სასადილო და საცხოვრებელი კომპლექსი წყლით მარაგდებოდა. მეორე 15 ტონიან ავზს კი, სათადარიგოდ ვიყენებდით. ამ ეტაპზე სასადილოსთვის მხოლოდ ეს ავზიც საკმარისია, მაგრამ კომპლექსი თუ ამუშავდა, რა თქმა უნდა, არ ეყოფა,“ - ამბობს თემურ ჩხაიძე, რომელიც რამდენიმე თვეა, ბაზაზე აღარ მუშაობს.

როგორც გავარკვიეთ, ბაზის რემონტისთვის 5 ათას ლარამდე იყო გამოყოფილი. იქვე გვერდით ნანგრევებია და ასევე მცირე რაოდენობის ნარჩენი მასალა. ადრე იქ კლუბის შენობა იყო, სადაც ერთ დროს ფეხბურთელებისთვის ვიდეო-განხილვა მიმდინარეობდა. ახლა შენობა დანგრეულია. 

გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გრიგოლეთის ბაზის დირექტორის თანამდებობაზე თემურ ჩხაიძის შემდეგ ოთარ ჩხაიძე დაინიშნა, რომლის თქმით, ბაზაზე არსებული სათავსოებისა და შენობა-ნაგებობების უმეტესობა გავერანებული და განადგურებული დახვდა: „თითქმის ყველაფერი განადგურებული იყო. აღდგენას არც ექვემდებარებოდა,“ - ამბობს ოთარ ჩხაიძე.

აუდიტის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ რიგი შენობებისაგან, ასევე წყლის ზემონახსენები ავზის და წყლის ტუმბოსგან მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. 

დასკვნაში აღნიშნულია, რომ საფეხბურთო მოედნის ღობის და სხვა ობიექტების აღსადგენად ბაზის დირექტორს, ოთარ ჩხაიძეს სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე დაქირავებული ჰყავდა 4 კაციანი ბრიგადა. ასევე სიტყვიერი შეთანხმებით, შესრულებული სამუშაოებისათვის მათთვის უდნა გადაეხადათ 2100 ლარი, თუმცა, როგორც დასკვნაშია აღნიშნული, ბრიგადის წევრებს 80 გრძ.მ.  რკინის მილი გადასცეს, რომლის ღირებულება 960 ლარია. 

„ტერიტორიაზე აღებული ჯართის ჩაბარების შედეგად აიღეს 750 ლარი, წყლის ავზის ჯართად ჩაბარების შედეგად - 210 ლარი. სულ საერთო ჯამში ბრიგადას გადაუხადეს 1920 ლარი“- აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

იქვე წერია, რომ სასადილოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობიდან მოხსნილი შიფერის რეალიზაციით მიღებულმა თანხამ 465 ლარი შეადგინა, რომლითაც ბაზისა და ევგრაფი შევარდნაძის სახელობის ცენტრალური სტადიონის ელექტროენერგიის დავალიანება გაისტუმრეს.

გამგეობის აუდიტის დასკვნაში ასევე წერია, რომ გრიგოლეთში მცხოვრები პავლე თევზაძემ ბაზის ტერიტორიიდან წაიღო  „აზბოცემენტის“ ათი ცალი მილი, საცალო ღირებულებით 60 ლარი, ამ თანხით გაისტუმრეს კლუბ „გურიას“ სტუმართა ბინით უზრუნველყოფის დავალიანება.

„სულ სხვადასხვა სახით სამშენებლო მასალებისა და ჯართის რეალიზაციით მიღებულმა თანხამ 3 970 ლარი შეადგინა“ - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

დასკვნაშივე აღნიშნულია, რომ ბაზის ახალმა დირექტორმა ოთარ ჩხაიძემ დაარღვია ხელშეკრულების ნორმები, რის თანახმადაც, როგორც აუდიტის სამსახურის უფროსი, გოგი ფაცურია აცხადებს, ბაზის დირექტორი ვალდებული იყო გამგებლისთვის ეცნობებინა ქონების რეალიზაციის შესახებ. 

„რაკი ასე არ მოხდა, გამგებელმა ოთარ ჩხაიძე ბაზის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა“, ამბობს ფაცურია.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ კომენტარისათვის ოთარ ჩხაიძესაც დაუკავშირდა:

„მე რომ მივედი, იქ ყველაფერი გავერანებული დამხვდა. თანაც, ქონება, რომელზედაც საუბარია, უკვე ჩამოწერილი იყო და ეს საჯარო რეესტრმაც დააფიქსირა. ცუდია, რომ ჩვენ საქმე არ დაგვიფასეს. არადა, დამიჯერეთ, საკუთარი ხელით გავაკეთეთ უამრავი რამ. ჯერ მარტო 280 მ. ღობე გავჭიმეთ. ამას ხომ დაფასება უნდა? დანახვა უნდა? ახლა ამბობენ, არ შეუთანხმებიაო. მართალია, გამგებელთან არ შემითანხმებია, მაგრამ დანარჩენმა, ვინც კურირებს სპორტს, ყველაფერი იცოდა. ჯანმრთელობა შემერყა. ცუდია, როცა ასე ექცევიან უდანაშაულო ადამიანს, მაგრამ არაფერია. მალე ალბათ, სასამართლოსაც მივმართავ,“ გვითხრა ოთარ ჩხაიძემ.

ახალი ამბები