კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოები სამართალდამცველების მხრიდან ყოფილ პატიმარზე ზეწოლას აპროტესტებენ

28 თებერვალი, 2014
 
ნინო დევიძე

27 თებერვალს, „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში, ადამიანის უფლებათა ცენტრმა, საქართველოს ახალგაზრდა  იურისტთა ასოციაციამ, „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“, და ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურას, წამების მსხვერპლი ყოფილი პატიმრის ზაზა აზარიაშვილის მიმართ, სამართალდამცველთა მხრიდან განხორციელებულ მუქარისა და ზეწოლის ფაქტებზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ. 

2013 წლის 2 დეკემბერს, ყოფილმა  პატიმარმა ზაზა აზარიაშვილმა, ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით,  საჩივარი შეიტანა მთავარ პროკურატურაში და  პატიმრობის დროს მის მიმართ განხორციელებული წამების ფაქტების გამოძიება მოითხოვა. აზარიაშვილი ჩვენება იგლდანის #8 სასჯელაღსრულების  დაწესებულების ყოფილი დირექტორებს  - თამაზ მელაძის და ალექსანდრე მუხაძის წინააღმდეგ მისცა. ამასთანავე, აზარიაშვილი მთავარი მოწმეა ყოფილ პოლიტპატიმარ ვახტანგ მაისაიას საქმეში, რომელიც მაისაიას მიმართ განხორციელებულ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ეხება. 

დაზარალებული ზაზა აზარიაშვილის განცხადებით, მას შემდეგ,  რაც  ქ. თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, წყნეთის პოლიციის უფროსმა კონსტანტინე ფუხაურმა და მისმა მოადგილემ ზაალ ტაბატაძემ არაერთხელ განახორციელეს მასზე ზეწოლა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა: „მიმდინარე წლის 27 იანვარს, სახლში მომივარდნენ კონსტანტინე ფუხაური და ზაალ ტაბატაძე, რომელთაც მომაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მომთხოვეს პროკურატურიდან საჩივრის გამოტანა. 25 თებერვალს კი, სახლიდან გამოსულს თავს დამესხა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ოთხი პიროვნება, რომელთაც უმოწყალოდ მცემეს. ცემეს მიზეზად კი, თამაზ მელაძის წინააღმდეგ პროკურატურისთვის  ჩვენების მიცემა დამისახელეს“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული ჯგუფის უფროსისა და ზაზა აზარიაშვილის ადვოკატის თამარ ავალიანის განცხადებით, პროკურატურამ სასწრაფოდ უნდა განახორციელოს დაცვის სპეციალური ღონისძიებები: „მაშინ, როდესაც ამ კრიმინალურ საქმიანობაში სავარაუდოდ ჩართულნი არიან პოლიციის თაბამშრომლები, ზაზა აზარიაშვილი, როგორც მოწმე დაუცველია. მისი უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვა კი სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა. ამასთანავე ჩვენ ვფიქრობთ, რომ წყნეთის პოლიციის უფროს კონსტანტინე ფუხაურს და მის მოადგილეს გამოძიების დაწყებიდან მის დასრულებამდე უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს  “. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე პროკურატურას გამოძიების ეფექტურად წარმართვისკენ მოუწოდებს: „ბატონ ზაზასთან ერთად ციხის თანამშრომელიც ადასტურებს, რომ გლდანის #8 დაწესებულების მორგში მოხდა აზარიაშვილის წამება, საქმე კი, წინ არ მიდის. იმის ნაცვლად, რომ გამოძიება ეფქტური იყოს, მოქმედი სამართალდამცავები ცდილობენ მასზე ზეწოლა მოახდინონ იმისთვის, რომ მან არ იდაოს, არ იჩივლოს და უარყოს მის მიერ მიცემული ჩვენებები. ეს არის ყოვლად მიუღებელი და ამ ქმედებას აუცილებლად უნდა მოყველს სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება“. 

„საერთაშორისა გამჭირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, წყნეთის პოლიციის უფროსსა და მის მოადგილეს უფლებამოსილება დღესვე უნდა შეუჩერდეთ: „წელიწად-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების სისტემური ხასიათის შესახებ. სამწუხაროდ, ამ ფაქტების გამოძიებისთვის ეფექტური ნაბიჯები არ გადადგმულა. ბატონი ზაზა აზარიაშვილის საქმე იქნება ტესტი იმისა, რამდენად გამოთქვამს შინაგან საქმეთა სამინისტრო მზაობას განაზორციელოს ყველაფერი იმისათვის, რომ პოლიციელთა მხრიდან ადგილი აღარ ქონდეს ზეწოლის ფაქტებს“.

„გამოძიება უნდა დაინტერესდეს იმ კონკრეტული პირებით, რომლებიც დღეს გაცხადდა. დაზარელებული აზარიაშვილი მსხვერპლია იმ პირების მხრიდან, რომლებიც პირიქით უნდა ახდნენდნენ მის დაცვას. ვინაიდან ის არის ძალიან მნიშვნელოვანი მოწმე, დაცული უნდა იქნას მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე“, - განაცხადა „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტმა  როლანდ ასაკაშვილიმა.
 
არასამთავრობო ორგანიზაციები საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებენ, დროულად  გამოიძიონ ზაზა აზარიაშვილის მიმართ განხორციელებული უკანონობის ფაქტები, გამოიყენონ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები და დაიცვან მისი უსაფრთხოება.

ახალი ამბები