კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კანონში ცვლილებით საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებები იზღუდება

28 თებერვალი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებზე დავამ  შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლოს. მიმდინარე წლის 5 თებერვალს მიღებული ცვლილების მიხედვით, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან ერთად დაამტკიცა, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების  ყველა თანამშრომელი დროებით მოვალეობის შემსრულებლად ცხადდება.

ახალი რეგულაციებით, თვითმმართველი ორგანოების დროებით მოვალეობის შემსრულებლები უფლებამოსილებას შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე განახორციელებენ. გამოცხადდება კონკურსი, რომლის შედეგების გათვალისწინებით, ახალი კადრი შეირჩევა. კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ვაკანტური ადგილები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 120 დღის ვადაში შეივსება. 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი. ისიც, ოპოზიციის მსგავსად, თვლის, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს უკანგადადგმული ნაბიჯია და რეფორმასთან საერთო არაფერი აქვს.

„კანონში ეს ცვლილება ხელისუფლებას უფლებას აძლევს, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ თვითმმართველ ორგანოებში თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნა დაუბრკოლებლად განახორციელოს. ამდენად, ამ ნორმის მიღება შეცდომაა. ვფიქრობთ, ეს ნორმა უნდა გადაიხედოს და საბოლოოდ, ამოღებულ იქნას კანონიდან. ჩვენ ვეცდებით აღნიშნული საკითხი სამართლებრივად მოგვარდეს“, - აცხადებს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" თავმჯდომარე ნინო ლომჯარია.

აღნიშნული ცვლილების წინააღმდეგია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც.“ მათი წარმომადგენლების განმარტებით უსამართლობაა, როცა კანონის მეშვეობით ათიათასობით საჯარო მოხელეს სამსახურიდან ათავისუფლებ. 

საქართველოს პარლამენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, ასევე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება  ხმაურიანი განხილვისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან პროტესტის ნიშნად ინტერფრაქციული ჯგუფის დატოვების ფონზე, მიმდინარე წლის 5 თებერვალს მესამე მოსმენით მიიღო. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს," "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლებმა ინტერფრაქციულ ჯგუფში დარჩენა აღარ ისურვეს და პროტესტის მიზეზად ახალი კანონის არაკონსტრუქციულობა დაასახელეს.

სხვა აზრი აქვთ და ფიქრობენ, რომ ცვლილებები ქვეყანას სასიკეთოდ წაადგება, თავად ცვლილებების ინიციატორები. ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი დავით ნარმანია, რომელიც თვითმმართველობის კოდექსზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელია, განმარტავს,  რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა არგუმენტები უსაფუძვლოა: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილები, ისევე, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსი, თვითმმართველობის რეფორმის ნაწილია, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს.  რაც შეეხება მათ არგუმენტებს იმის შესახებ, რომ თვითმმართველ ორანოებში თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნა დაიწყება, უსაფუძვლოა. რამეთუ, ადგილობრივ თვითმმართველობებში ჩატარდება ღია და გამჭვირვალე კონკურსები და სწორედ ამ კონკურსის გზით მოსული ადამიანები დაინიშნებიან თანამდებობებზე“, - განმარტავს  დავით ნარმანია.

ადამიანის უფლებათა კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას არ გამორიცხავენ. მათი განმარტებით, კანონში შეტანილი რეგულაციებით საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებები იზღუდება, რაც დაუშვებელია. 

იგივეს ფიქრობენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მათ პრეტენზიები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მუხლობრივი განხილვის დროს გამოხატეს და პროტესტის ნიშნად საპარლამენტო დარბაზი დატოვეს.

ახალი ამბები