კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პანკისის ხეობაში მცხოვრებმა მუსლიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს

17 მარტი, 2014
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

პანკისის ხეობაში მცხოვრებმა მუსლიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ გადაადგილებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არაოფიციალურად დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს. სოფელ ჯოყოლოს იმამის აიუფ ბორჩაშვილის განაცხადებით, პანკისის ხეობაში მცხოვრებ ახალგაზრდებს, ასევე ქალებს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში იბარებენ და მათზე ზეწოლას ახდენენ.

„არანაირად არ უშვებენ საზღვარგარეთ ჩვენს ხალხს, ანალოგიურად, შემოსვლის დროსაც, ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე, აბრუნებენ უკან აეროპორტებიდან, საბაჟოებიდან. დღეს ვეკითხებით ხელისუფლებას, ძალოვან სტრუქტურებს, კომპეტენტურ პირებს, ვინ ვართ ჩვენ დღეს? რამე საშიშროებას წარმოვადგენთ? პირიქით, ჩვენ  ყოველთვის გვერდით ვედექით საქართველოს,  არ გამოგვიტოვებია არცერთი კონფლიქტი. 2008 წლის ომი რომ იყო ცხინვალში, იქაც ვიყავით. ჩვენ ყოველთვის ვიცავდით საქართველოს, ჩვენ ვიცით მშვიდობის ფასი“, – განაცხადა აქციის მონაწილე მურად ალდამოვმა.

იგი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მუსლიმებზე, განსაკუთრებით კი პანკისის ხეობაში მცხოვრებ ეთნიკურ ქისტებსა და ჩეჩნეთიდან ლტოლვილებზე ზეწოლას რუსეთის ხელისუფლებას უკავშირებს: „კი ბატონო, დაალაგე ურთიერთობა, მაგრამ ადამიანების ხარჯზე ხომ არ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი? რამდენი ნაბიჯიც გადადგეს რუსეთთან დათმობის პოლიტიკის კუთხით, რა მიიღეს? ახალი ღობე, ახალი საზღვრები. დაკითხვაზე მე არ ვყოფილვარ დაბარებული, მაგრამ არ დატოვეს ახალგაზრდობა, რომ არ დაებარებინათ. თელავის კონტრდაზვერვაში იბარებენ უკანონოდ, თბილისშიც, ყოველგვარი უწყების გარეშე. ტელეფონით უკავშირდებიან და იბარებენ. საათობით აწვალებენ, რაღაცებს ეკითხებიან. რა ვუთხრათ, არაფერი ვიცით ლოპოტას სპეცოპერაციაზე. როგორც ყველამ, ჩვენც ტელევიზიით გავიგეთ ეს ამბავი. რა უნდა ვიცოდეთ, ან ამას რა ცოდნა უნდა, ასე რომ ჩახლართეს და ასე აწამებენ ხალხს. ველოდებით, რომ რამე დასკვნა დადონ და ყველაფერი მორჩეს სამუდამოდ“, – აღნიშნავს მურად ალდამოვი.

როგორც ცნობილია, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რამდენჯერმე მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დასაბუთების ევროპული სტანდარტის დაცვით უზრუნველყონ იმ პირებისათვის სათანადო ახსნა-განმარტების მიცემა, რომლებსაც უარი ეთქვათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე ან გასვლაზე. ომბუდსმენის ოფიციალური თხოვნის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს არც სახალხო დამცველის აპარატისათვის არ მიუწოდებია ინფორმაცია გადაადგილების თავისუფლების უფლებაში ჩარევის ფაქტობრივი საფუძვლების შესახებ და არც განმარტება გაუკეთებია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პანკისის ხეობის მაცხოვრებლების პროტესტს გამოეხმაურა და განმარტა, რომ სამინისტრო მათთან დაკავშირებით  კანონის ფარგლებში მოქმედებს. შსს-ს განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პანკისის ხეობის მოსახლოებას საზღვრის გადაკვეთა არ შეუძლია, სიმართლეს არ შეესაბამება.

„სამინისტროს, აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა გეტყვით, რომ პანკისის ხეობის მოსახლეობის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით, შსს კანონის სრული დაცვით მოქმედებს“, განაცხადა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა შორენა ჯახუამ.

ახალი ამბები