კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმარი მამუკა ტოლიაშვილი გოგა ონიანს პირად ანგარიშწორებაში ადანაშაულებს

20 მარტი, 2014
 
ნინო დევიძე

18 მარტს, პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრმა პატიმარ მამუკა ტოლიაშვილის საქმეზე პრესკონფერენცია გაიმართა. მსჯავრდებულის მიერ ორგანიზაციისათვის გამოგზავნილ წერილში, აღნიშნულია, რომ იგი  ყოფილი მაღალჩინოსანი სამართალდამცველების - გიორგი ონიანისა და გია დონაძის ანგარიშსწორების მსხვერპლია.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული ჯგუფის უფროსისა და მსჯავრდებულის ადვოკატის, თამარ ავალიანის განცხადებით, მამუკა ტოლიაშვილმა სამართლებრივი დახმარების თხოვნით ცენტრს იანვრის ბოლოს მიმართა: „მსჯავრდებულმა ვრცელი წერილი გამოგვიგზავნა იმ ფაქტების შესახებ, რომელიც მისი უფლებების დარღვევას და მის მიმართ გამოტანილ უკანონო განაჩენს ეხება“.

მსჯავრდებულის ძმის, თეიმურაზ ტოლიაშვილის განცხადებით, გიორგი ონიანი დაინტერესებული იყო იმ საქმით, რომელშიც მისი ძმა მოწმის სტატუსით იკითხებოდა: „ჩემი ძმა შეესწრო, როგორ მართავდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალჩინოსანი გია დონაძე ნასვამ მდგომარეობაში მანქანას და როგორ აპირებდა ის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას ჩემი ძმისა და მისი თანმხლები პირების მიმართ. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ დონაძეს წაართვა იარაღი და არ მისცა მისი გამოყენების საშუალება. ამ ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ შევიტყვეთ, რომ დონაძეს პოლიციაში დაურეკავს და სისხლის სამართლის საქმე აღუძრავს. მეორე დღეს ჩემი ძმა გამოიძახეს და დაკითხეს მოწმის სტატუსით. გიორგი ონიანი ჩემ ძმას აიძულებდა მიეცა მისთვის სასურველი ჩვენება და ეთქვა, რომ გია დონაძისთვის იარაღის წართმევა დაგეგმილი იყო, თუ ასე არ იტყოდა ის დაემუქრა, რომ მას „მზის სინათლეს არ ანახებდა“. ჩემა ძმამ კატეგორიული უარი განაცხადა ტყუილის თქმაზე, რის შემდეგაც ონიანი მას უკანონო პატიმრობით დაემუქრა. ამის შემდეგ ონიანი ცდილობდა ჩემ ძმაზე შურისძიებას. რამდენჯერმე უმიზეზოდაც დააკავეს და მაშინ, როდესაც მამუკას მეზობელთან ინციდენტი შეემთხვა და დაიჭრა კიდეც საქმე ისე „შეთხზა“, რომ ჩემი ძმა გამოიყვანა დამნაშავედ და  იმ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაამწესა, სადაც გია დონაძე ხელმძღვანელობდა რეჟიმს“.

თეიმურაზ ტოლიაშვილის განცხადებით, მისი ძმა ასევე დაადანაშაულეს გია ონიანისთვის იარაღის წართმევისთვის: „მაშინ, როდესაც გოგა ონიანი თბილისის მთავარი სამართველოს მკვლელობების განყოფილების უფროსად დანიშნეს ის ჩაუდგა სათავეში ჩემი ძმის საქმის გამოძიებას და მამუკასთვის კრიმინალური იმიჯის შესაქმნელად ხელოვნურად დაუმძიმა მდგომარეობა და ეჭვმიტანილად ცნო გია დონაძისთვის იარაღის წართმევაში. ონიანის დავალებით, გამოძიებამ გაანადგურა ყველა ნივთმტკიცება და 2006 წელს საქალაქო სასამართლომ მას 35 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ონიანი ამ საქმით დაინტერესების მიზეზი კი მისი და დონაძის ბავშვობის მეგობრობა გახლდათ“.

26 თებერვალს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა თამარ ავალიანმა საჩივარი შეიტანა მთავარ პროკურატურაში და ტოლიაშვილის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვა. „საქმე დაეწერა პროკურატურას და უფროს გამომძიებელს კობა გაბოძეს, თუმცა ამ დრომდე გამოძიება დაწყებული არ არის“, - განაცხადა ავალიანმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორის ალეკო ცქიტიშვილის პროკურატურას მოუწოდებს დროზე გამოიძიოს საქმე: „ჩვენი პოზიციაა, რომ არც ადვოკატის სტატუსი, არც პოლიტიკური აქტიურობა ადამიანს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან მის მიერ წარსულში  ჩადენილ დანაშაულებისგან. ამიტომ მოვითხოვთ, პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება მამუკა ტოლიაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით და შეისწავლოს ის ფაქტები, რაზეც მსჯავრდებული მიუთითებს“.

მისივე თქმით, ახალგაზრდა ადამიანს, ძალიან მძიმე განაჩენი გამოუტანეს - სასჯელთა შეკრებით, 35 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რაც ასევე ეჭვს იწვევს და თვითონ ეს ფაქტიც შეიძლება იყოს მიმანიშნებელი, რომ ადგილი ჰქონდა პირად ანგარიშსწორებას.

ალეკო ცქიტიშვილმა პრესკონფერენციაზე ასევე აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, სახელმწიფო აჭიანურებს წარსულში ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიებას და წამების მსხვერპლი მოქალაქეების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ რჩება საპატიმროებში: „მათი კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც კვლავ სახელმწიფოა პასუხისმგებელი არის შესაძლო უკანონო განაჩენები. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ უვადოდ გადადო მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის საკითხი და ესეც არის ძალიან დიდი პრობლემა, რადგან მამუკა ტოლიაშვილს და სხვა მსგავს პატიმრებს ფაქტობრივად, წართმეული აქვთ შესაძლებლობა, გადაიხედოს მათი საქმეები. თუმცა, ტოლიაშვილის საქმეზე ვფიქრობთ, რომ უნდა დაიწყოს ხელახალი გამოძიება, რადგან პატიმრის მიერ მითითებული დარღვევების გადამოწმება, ჯერ კიდე შესაძლებელი და რეალურია“. 

ამავე თემაზე იხ. ადამიანის უფლებათა ცენტრის ვიდეოსტუდიის - hridc.tv-ს მიერ გადაღებული ფილმი - „მკვლელობა აკადემქალაქში“: 

ახალი ამბები