კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახელმწიფომ დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად სტრატეგია შეიმუშავა

31 მარტი, 2014
 
ნინო დევიძე 

პრემიერმინისტრის ინიციატივით, პირველი ივნისიდან იმ რეგიონებში, სადაც დემოგრაფიული ბალანსი უარყოფითია, ოჯახი მესამე და მომდევნო შვილზე ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს. დახმარების ოდენობა მთიან რეგიონში 200 ლარი, ბარში კი 150 ლარი იქნება.

პირველ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება 6 რეგიონს შეეხება. დახმარებას მიიღებენ რაჭა – ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, სამეგრელო – ზემო სვანეთში, იმერეთში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით,  დემოგრაფიული პრობლემების მოგვარება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია: „პრემიერმინისტრის ინიციატივით, საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად, ახალი სახელმწიფო სტრატეგია მუშავდება, რომლის ერთ-ერთი შემდაგენელი ნაწილი, მრავალშვილიანობის სტიმულირებაა. პირველ ეტაპზე პროექტი მხოლოდ იმ რეგიონებს მოიცავს, სადაც დაბალი შობადობისა და მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელია. აღნიშნული მოდელი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებითა და ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით შემუშავდა“. 

ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ 200 ლარიანი დახმარება დემოგრაფიულ პრობლემას ვერ მოაგვარებს: „თავისთავად სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ დაეხმაროს მრავალშვილიან ოჯახებს დადებითი მოვლენაა მაგრამ, მეორე მხრივ შვილის გაჩენა იმის გამო, რომ ვიღაც ამაში ფულს გიხდის არ მიმაჩნია სწორი და არამგონია ამან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაზე.  200 ლარი ეს არ არის თანხა, რომელიც ჩვილს თუნდაც თვის განმავლობაში ყოფნის. თუ ამ ოჯახში მაცხოვრებლებს სხვა შემოსავალი არ აქვთ მაშინ ძალიან რთულია, რომ ეს რეპროდუქციული განწყობები გაიზარდოს“.

ლელა გაფრინდაშვილის თქმით, მრავალშვილიანობა  სოციალური პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი არ უნდა იყოს: „სახელმწიფო უნდა ფიქრობდეს არა მხოლოდ მათზე ვინც მომავალში დაიბადება არამედ იმათზეც ვინც დაბადებულია. ქვეყანაში სადაც ძალიან მწვავედ დგას ქუჩის ბავშვების პრობლემა, ქვეყანაში სადაც  ბავშვთა სახლები ასეთ მძიმე მდგომარეობაშია,  სახემწიფო მხოლოდ შვილოსნობის წახალისებაზე არ უნდა ზრუნავდეს, სახელმწიფოს საზრუნავი უნდა იყვნენ ეს ბავშვებიც. ქვეყანაში რეპროდუქციულ განწყობებს ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს  ჯერ ერთი მიგრაციული განწყობები, რომელიც ძალიან მაღალია საქართველოში. ძირითადად ქალები მიგრირებენ და მიგრირებენ სწორედ რეპროდუქციულ ასაკში. ასევე შიდა მიგრაციული პროცესი, სოფლიდან ქალაქში ჩამოსვლის განწყობები. ბევრი დემოგრაფი და მკვლევარი საუბრობს რეგიონების დემოგრაფიულ დაბერებაზე. ფაქტობრივად იქ შვილის გაჩენის სურვილი არა აქვთ, მეორე შვილს ძირითადად აჩენენ იმის გამო თუ პირველი გოგო ჰყავთ და იმედოვნებენ, რომ  მეორე მაინც ეყოლებათ ბიჭი. ამიტომ მიმაჩნია, რომ სახელმწიფო პოლიტიკა უნდა ემყარებოდეს პრობლემის ღრმა კვლევას და იმ სურათის შესწავლას, რაც ქვეყანაშია“, - განაცხადა ლელა გაფრინდაშვილმა. 

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პროექტს სოციალური მომსახურების სააგენტო განახორციელებს. პირველ წელს ბიუჯეტიდან  4 მილიონი ლარი გამოიყოფა, მეორე წელს კი ეს თანხა 8 მილიონამდე გაიზრდება. ოჯახებისთვის თანხის გაცემა პირველი ივნისიდან დაიწყება და 2 წლამდე ასაკის ბავშვებზე გავრცელდება.

ახალი ამბები