კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებებზე იქნება გათვლილი

31 მარტი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

სახალხო დამცველის მრჩეველმა კონფლიქტის რეგიონებში  ადამინის უფლებების საკითხებში, შიდა ქართლში რამდენიმე დევნილთა კოპაქტური ჩასახლება და ოკუპირებული ტერიტორიის გამყოფი ხაზის საზღვრისპირა სოფლები მოინახულა და იქ  მაცხოვრებლების პრობლემებს გაეცნო.    

მედეა ტურაშვილმა გორის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი მედიის და არასამთავრობო ორგნიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. საუბარი იმ პრობლემებს შეეხო, რაც გამყოფი ხაზის სოფლებში და დევნილთა ჩასახლებებში დახვდა. მედეა ტურაშვილმა ადგილობრივ ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლებს, სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. 

სახალხო დამცველის მრჩეველმა კონფლიქტის რეგიონებში ადამინის უფლებების საკითხებში, მედეა ტურაშვილმა humanrights.ge-ის შეკითხვებს უპასუხა. 

- სახალხო დამცველის აპარტში თქვენი სამსახური ახალი შექმნილია და ამჟამად პირველად იმყოფებოდით ერთ-ერთ კონფლიქტურ რეგიონში. რა პრობლემები დაგხვდათ ადგილზე და როგორ გესახებათ მისი მოგვარება? 

- კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობის პრობლემების დიდი სპექტრი არსებობს. დღეს ვიმყოფებოდი რამდენიმე სოფელში და დევნილთა ჩასახლებებში. სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილიც აპირებს მოინახულოს ომის შედეგად დაზიანებული სოფლები და შეხვდეს იქ მაცხოვრებლებს. პრობლემები, ძირითადად, მაინც სოციალური და ეკონომიკური სახის არის, რაც ეხება წყლის, მიწის,  გაზიფიცირების საკითხებს და ა.შ. რამდემდენიმე ადამიანს მოეხსნა სოციალურად დაუცველის სტატუსი, რაც მათი თქმით, არასამართლიანია. ვაპირებთ, დავინტერესდეთ, თუ რა პრობლემები იკვეთება ამ მიმართულებით. სახალხო დამცველს ძალიან ბევრი ადამიანი მომართავს ანალოგიური პრობლემით. ეს როცა ეხება დევნილებს და გამყოფ ხაზთან მაცხოვრებლებს, განსაკუთრებით დიდი პრობლემაა და გვინდა, რომ შევისწავლოთ აღნიშნული საკითხები. 

- თქვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას და გამოკვეთილ პრობლემებს, სამთავრობო უწყებებს მიაწვდით რეკომენდაციის სახით თუ სახალხო დამცველის წლიურ ანგარიში აისახება? 

- სახალხო დამცველის წლიური ანგარიში ძალიან მალე იქნება და ჩვენი მოპოვებული ინფორმაცია დროის ფაქტორიდან გამომდინარე იქ ვერ მოხვდება. თუმცა, ვაპირებთ, რომ სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში იქნება ამ საკითხებზე 5 თვეში და აქ იქნება ხელისუფლების მიმართ რეკომენდაციები. ანგარიშის გარდა, ასევე საქმის წარმოებას დაიწყებს სახალხო დამცველის აპარატი, იმ ინფორმაციებზე, რომელსაც მივიღებთ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს. 

- მიუხედავად იმისა, რომ ობუდსმენის აპარატი სახელმწიფო უწყებაა, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებისგან განსხავებით, უფრო მეტი ნდობის ფაქტორით სარგებლობს. როგორი ფორმით ჩაერთვებით ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების და ნდობის აღდგენის პროცესში? ეს იქნება სახელმწიფო უწყებებთან, თუ ცალკე ფორმატზეც მუშაობთ და უშუალო დიალოგზე ფიქრობთ ოს საზოგადოებასთან? 

- ეს პოზიცია ახალი შექმნილია და ჩვენ ახლა ვფიქრობთ, რა გზით შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ეს კონტაქტი ოს საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ცხინვალში დე ფაქტო სახალხო დამცველთან. უპირველესად ვფიქრობთ ადამინის უფლებების საკითხის შესაწავლას. დავიწყებთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით და სამომავლოდ შესაძლებელია, აფხაზეთსა და ცხინვალში ადამინის უფლებების საკითხი შევიდეს სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში, ადამიანის უფლებების კუთხით, თუ რა მდგომარეობაა იქ.  ამის გარდა, ვთანამშრომლობთ სახელმწიფო სტრუქტურებთან, რომლებიც დაკავშირებული არიან ამ პრობლემატიკასთან. ჩვენი სურვილია, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პოლიტიკა, ამ მიმართულებით, კიდევ უფრო მეტად საჯარო იყოს მოსახლეობისთვის. ეს ეხება როგორც ჟენევის მოლაპარაკების პროცესს, ისე ადგილზე ინციდენტების პრევენციის შეხვედრებს. იგივე ეს ეხება სამთავრობო კომისიების მუშაობას, რომ მოსახლეობა მეტად იყოს ინფორმირებული ამ პროცესებზე. ჩვენი სურვილია, რომ ჩავერთოთ ამ მიმართულებით. განსაკუთრებით ინციდენტების პრევენციის პროცესში. 

- რა სტატუსით - როგორც დამკვირვებელი, თუ უშუალო მონაწილეობას მიიღებთ ინციდენტების პრევენციის ფორმატის მოლაპარაკებებში? 

- ეს ფორმატის და შეთანხმების საკითხია. ვმუშაობთ ამ საკითხზე, რადგან ეს ისეთი თემაა, რომელიც  მხოლოდ ქართულ მხარეზე არ არის დამოკიდებული. გასათვალიწინებელია ოსური და რუსული მხარის დამოკიდებულება და ვეძებთ კომპრომისულ ვარიანტებს. თუმცა იდეა გვაქვს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლობა უფრო გააქტიურდეს. 

- ადამიანის უფლებთა ცენტრს მომართეს 2008 წლის 13  ოქტომბერს გაუჩინარებული სამი ოსი ახალგაზრდის ოჯახის წევრებმა. ისინი ირწმუნებიან, რომ მათი შვილები სოფელ მერეთთან დააკავეს და შემდეგ გლდანის ციხეში ჰყავდათ. თუმცა, 5 წლის შემდეგ შსს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მათ არა აქვთ ინფორმაცია და ამ ადამიანების დაკავება და სასჯელაღსრულების სისტემაში ყოფნა არც ერთი ოფიციალური დოკუმენტით არ დასტურდება. საქმეს ამჟამად პროკურატურა იძიებს... 

- ასეთი მომართვა ჩვენთანაც იყო და ჩვენც დავიწყეთ შესწავლა და მოკვლევა. გეთანხმებით, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა ჩვენც გვიპასუხეს, რომ არ ჰქონდათ ინფორმაცია ამ ადამიანების შესახებ. ამის გარდა, არიან ქართველი პატიმრები, რომლებიც რჩებიან ცხინვალის ციხეებში და ასევე ცხინვალელი პატიმრები, რომლებიც საქართველოს ციხეებში არიან. სახალხო დამცველის პოზიციაა, რომ მოხდეს პატიმრების გათავისუფლება, გნებავთ გაცვლა დავარქვათ ამ საკითხს, რადგან ეს ხელს შეუწყობს ქართულ-ოსურ ურთიერთობების და ნდობის აღდგენის საკითხს.  

გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ ორ ცხინვალელ ქალბატონზე, რომლებიც იმყოფებიან საპატიმროში. აქვთ ძალიან მძიმე მუხლი მისჯილი და ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, ამ ადამიანების შეწყალება. გვქონდა შეხვედრები როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან ბატონ პაატა ზაქარეიშვილთან  და ვაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას. ეს საკითხი სამუშაო პროცესშია და დროში იწელება. რთული საკითხია, რადგან ეს დაკავშირებულია გორის ტერაქტის საქმესთან და სენსიტიურია, როგორც ქართული ისე ოსური მხარისთვის. ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ ოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან უშაუალო კონტაქტი გვქონდეს. გვაქვს გეგმაში, ჩავერთოთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ქართულ-ოსური დიალოგის ფორმატში, რომელიც მიმდინარეობს და ჩავერთვებით კიდეც. საწყის ეტაპზე გარკვეული დრო არის საჭირო, რომ გავიდეთ კონტაქტებზე, ჩაკეტილი საზღვრის პირობებში არ არის ადვილი, თუმცა ამ მიმართულებით უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა. 

ახალი ამბები