კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში - 2013

8 აპრილი, 2014
 

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში მიმოიხილავს სამოქალაქო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა ფართო სპექტრს. ასევე, ყურადღებას ამახვილებს საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე, თავს უყრის სახალხო დამცველის მიერ ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მისამართით შემუშავებულ ძირითად რეკომენდაციებს, რომელთა შესრულების დროულობასა და ხარისხზე მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება ქვეყანაში.

ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი სამართლებრივ, საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამარბერგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოში ადამიანის უფლებათა არსებული მდგომარეობის  განხილვაში და სპეციალური ანგარიშიც მოამზადა. ასევე მომზადდა და დამტკიცდა ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი სამოქმედო გეგმის დასრულებაზე, მიმდინარეობს მუშაობა ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე.

2013 წელს 11 ათასზე მეტმა პირმა მიმართა სახალხო დამცველის ოფისს, რაც წინა წლებთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია და მეტყველებს ოფისისადმი გაზრდილ მოლოდინებზე, დარღვეული უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ქვეყანაში თავისუფალი გარემოს არსებობაზე. 

მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის სექტემბერში პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრების გავრცელების შემდეგ, მთელი საზოგადოების ყურადღება პატიმართა უფლებების დაცვაზე იყო კონცენტრირებული, პრობლემის აღმოსაფხვრელად გამოვლენილი პოლიტიკური ნებისა და გატარებული რეფორმების წყალობით, პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობის ფაქტები მთავარ გამოწვევას აღარ წარმოადგენს. თუმცა, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ მსჯავრდებულთა ათასობით საჩივარი კვლავ გამოძიების რეჟიმშია და ერთეული საქმეების გარდა, შედეგი ადამიანის უფლებათა ამ სისტემური დარღვევის ფაქტებზე არ დამდგარა.

კვლავ გრძელდება გამოძიება 2012 წლის 28 აგვისტოს ლოპოტას ხეობაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი დაზარალებული ოჯახების, დაინტერესებულ პირებისა თუ ფართო საზოგადოებისათვის.         
წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება შეფასდეს სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია, რაც წლების განმავლობაში წარმოადგენდა საქართველოს სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის საგანს. თუმცა, მეორე მხრივ, მთელი სიმწვავით წამოიწია სხვადასხვა ჯგუფების მიმართ შეუწყნარებლობის აქტიურმა გამოვლინებამ, რასაც  ცალკეულ შემთხვევებში, ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია.

2013 წლის განმავლობაში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, მკაცრი სისხლისსამართლებრივი, ე.წ. „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა უფრო ლიბერალური მიდგომებით ჩანაცვლდა, რაც ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით დადებითად უნდა შეფასდეს. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება არაპროპორციულად მაღალი და მკაცრი სასჯელების თავიდან ასაცილებლად, სისხლის სამართლის კოდექსში დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის აღდგენას.

2013 წელს საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, აღდგა საერთო სასამართლოებში ფოტო, ვიდეო და აუდიო გადაღების შესაძლებლობა. სახალხო დამცველის მოსაზრებით, ამ ცვლილებას, გრძელვადიან პერსპექტივაში, შეუძლია მნიშვნელოვნად აამაღლოს საზოგადოების ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ. 

მიუხედავად ზემოაღნიშნული პოზიტიური ნაბიჯებისა, საქართველოს პარლამენტმა ძალაში დატოვა მოწმეთა დაკითხვის დროებითი წესი, მაშინ როდესაც, სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის ამოქმედების ერთ-ერთი მთავარი დადებითი მხარედ სწორედ მოწმეთა  მხოლოდ სასამართლოში დაკითხვა ითვლებოდა.

სახალხო დამცველმა კანონდარღვევად შეაფასა 2013 წლის ივნისში მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა დაკავება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ და მიაჩნია, რომ აღნიშნულ ფაქტზე აუცილებელია გამოძიების ჩატარება. კანონის მოთხოვნათა სავარაუდო დარღვევის შესახებ ლეგიტიმური კითხვები რჩება ასევე, ე.წ. „ტრაქტორების საქმეზე“, რაც გამოძიების სრულყოფილად ჩატარებას საჭიროებს.  

სახალხო დამცველი მიესალმა 2012 წლის 28 დეკემბერს განხორციელებულ ამნისტიას, თუმცა განაცხადა, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი შეუძლებელია შემოიფარგლოს ამნისტიის ერთჯერადი აქტის განხორციელებით, ვინაიდან აღნიშნული კატეგორიის პირთა სრული სამართლებრივი რეაბილიტაციისათვის, მნიშვნელოვანია, გონივრულ ვადაში შეიქმნას ქმედითი სამართლებრივი მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ ღირსებისა და რეპუტაციის აღდგენა, არამედ, სახელმწიფოსაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სამართლიანი ანაზღაურებაც.

პროკურატურაში 20 ათასზე მეტი განცხადება იყო შესული წარსულში მომხდარი სამართალდარღვევების გამოძიების მოთხოვნით. არაერთი ყოფილი თანამდებობის პირი, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი იყო დაპატიმრებული სხვადასხვა ბრალდებით. გაჩნდა კითხვებს შერჩევითი სამართლის შესაძლო გამოყენებისა და იმის შესახებაც, თუ რატომ ინტერესდებოდა გამოძიება სწორედ ყოფილი თანამდებობის პირების საქმეებით. შეიქმნა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა სპეციალური სადამკვირვებლო მისია, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებს სწავლობს. აღმოჩენილი დარღვევების შესახებ სახალხო დამცველს შეფასებები წარმოდგენილი ჰქონდა 2012 წლის საპარლამენტო ანგარიშში, ასევე ნაწილობრივ წარმოდგენილია წინამდებარე ანგარიშშიც. სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს სასამართლო მონიტორინგს.

2013 წლის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს არაერთმა მსჯავრდებულმა/ყოფილმა მსჯავრდებულმა მიმართა, რომლებიც თავს უკანონო პატიმრებად მიიჩნევენ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ამომწურავად ადგენს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გასაჩივრებისა და გადასინჯვის საფუძვლებს, სახალხო დამცველს მიზანშეწონილად მიაჩნია უმოკლეს ვადაში შეიქმნას მექანიზმი, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გადასინჯვის შესაძლებლობას შექმნის, მათ შორის ქონების რესტიტუციას და მორალური ზიანის ანაზღაურებას.

2013 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს არაერთმა პირმა მიმართა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული არასათანადო მოპყრობისა თუ უფლებამოსილების გადამეტების სხვა ფაქტებთან დაკავშირებით.

კვლავ პრობლემურია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე ჩატარებული გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. ერთი წლის განმავლობაში სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი შემთხვევები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ამ კუთხით არსებობს როგორც საკანონმდებლო ხარვეზები, ასევე კანონმდებლობის პრაქტიკაში იმპლემენტაციის პრობლემა. ერთ-ერთ ასეთ საკითხად რჩება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციებისა და სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის კომპეტენცია და უფლებამოსილებები.

სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტების ეფექტური გამოძიებისათვის, მნიშვნელოვანია გადაიხედოს არსებული კანონმდებლობა და შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც მსგავსი შემთხვევების მიუკერძოებელ გამოძიების უზრუნველყოფს. ასევე უნდა გაძლიერდეს სახალხო დამცველის უფლებამოსილება დახურულ დაწესებულებებში დარღვევების დაფიქსირების შესაძლებლობების კუთხით.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება იმ ფაქტს, რომ 2013 წელს მკვეთრად შეიცვალა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ხშირი გამოყენების ტენდენცია. თუმცა, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლოს განჩინებები ხშირ შემთხვევებში არ არის სათანადოდ დასაბუთებული, განსაკუთრებით, აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის გამოყენებისას. 

მისასალმებელია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2013 წელს, პირველად მოხდა მოქალაქეებზე უკანონო თვალთვალის აღიარება და შესაბამისად ფართო წარმომადგენლობითობით უზრუნველყოფილი კომისიის მიერ 110 ფაილამდე ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების განადგურება. მიუხედავად ამ დადებითი ტენდენციისა,  მიგვაჩნია, რომ მსგავსი ერთჯერადი აქცია ვერ უზრუნველყოფს ადამიანის პირადი სივრცის ხელშეუხებლობას, მყარი საკანონმდებლო გარანტიების შექმნის გარეშე.  

ხელისუფლების მიერ განხორციელებული ფართომაშტაბიანი ამნისტიის და სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის შედეგად, საგრძნობლად შემცირდა სასჯელაღსრულების სისტემაში მოთავსებულ პირთა რაოდენობა, რამაც აღმოფხვრა ციხეების გადატვირთულობის პრობლემა და გააუმჯობესა პატიმართა მდგომარეობა. 2013 წლის განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში არ დაფიქსირებულა წამების ფაქტი და მნიშვნელოვნად შემცირდა სისტემაში პატიმართა გარდაცვალების მაჩვენებელი. თუმცა, წლის ბოლოს იმატა განცხადებებმა არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.

მიუხედავად პოზიტიური ცვლილებებისა, საქართველოს სახალხო დამცველისთვის საგანგაშო იყო რამდენიმე პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებები, როდესაც ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მისი კონტროლის ქვეშ მყოფ პირთა სიცოცხლისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლების ეფექტური დაცვა. გარდა ზემოაღნიშნულისა, გამოიკვეთა სხვა პრობლემები, მათ შორის, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოთავსებული პირების ჯანმრთელობის დაცვა; სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოთავსებული პირების სამედიცინო შემოწმების ეფექტური ფორმები.

2013 წლის განმავლობაში გამართული აქციების უმეტესობა ექსცესების გარეშე ჩატარდა, თუმცა, იყო გამონაკლისებიც, სადაც სახელმწიფომ ვერ შეძლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლების უზრუნველყოფა უმოქმედობის ან/და არასათანადო რეაგირების გამო.  მათ შორის, 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ორგანიზებული აქციის დარბევა, პარალელური აქციის მონაწილეები მიერ.

2013 წელი დადებითად უნდა შეფასდეს მედია გარემოს თავისუფლებისა და ინფორმაციის მრავალფეროვნების უზრუნველყოფის კუთხით. საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა მედიაზე ზეწოლის შემთხვევები, თუ არ ჩავთვლით ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის რამდენიმე ფაქტს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

2013 წელი რელიგიის თავისუფლების რეალიზაციისა და ტოლერანტობის კუთხით პრობლემატური იყო, რაც ყველაზე მწვავედ საქართველოს მუსლიმი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ  რამდენიმე შემთხვევაში გამოვლინდა.  2013 წლის მაისსა და ივნისში, წინწყაროსა და სამთაწყაროში მაცხოვრებელი მართლმადიდებელი მოსახლეობა აპროტესტებდა მეჩეთის ამოქმედებას სოფელში და მუქარით, სიტყვიერი შეურაცხყოფით, ზოგიერთ შემთხვევაში კი ძალადობით არ აძლევდა მუსლიმ მრევლს შეკრებისა და პარასკევის ტრადიციული ლოცვის ჩატარების შესაძლებლობას. ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟისას, სამართალდამცავებსა და ადგილობრივ მუსლიმებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ადგილობრივმა მოსახლეებმა დაზიანებები მიიღეს, თერთმეტი მუსლიმი დააკავეს და რამდენიმე მათგანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დემონტაჟიდან სამ თვეში კი, 27 ნოემბერს, მინარეთის აღდგენის პროცესი დასრულდა.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და უმცირესობების უფლებების დაცვის თვალსაზრისით  პრობლემად რჩება ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ, კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის საკითხი.

გასულ წელს დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც პირებს შეეზღუდათ მიმოსვლის თავისუფლება, როგორც საქართველოში შემომსვლელ უცხოელ მოქალაქეებს, ასევე საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას. აღნიშნულ შემთხვევებში სახალხო დამცველმა არაერთგზისი მოთხოვნის მიუხედავად შესაბამისი უწყებიდან ვერ მიიღო ინფორმაცია შემოსვლა-გასვლაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შესახებ.

გასულ წელს გამოვლინდა საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციისას, შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების საფუძვლით, საჯარო მოხელეთა დაკავებული თანამდებობებიდან დასაბუთების გარეშე გათავისუფლების არაერთი შემთხვევა, რაც ცალსახად იწვევს საჯარო მოხელეთა შრომის უფლების ხელყოფას. სახალხო დამცველი წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს საქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს, რამაც საქართველოს შრომის კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოვა და შრომის უფლების რეალიზაციის უფრო ეფექტური შესაძლებლობები შექმნა, თუმცა აუცილებელია გაგრძელდეს შრომის კოდექსის შემდგომი ეტაპობრივი მოდიფიკაცია.

საქართველოში სახელმწიფო დონეზე არ არის შემუშავებული შრომის,  ჯანმრთელობისა და სამუშაო გარემოს შესახებ თანმიმდევრული ეროვნული პოლიტიკა და შესაბამისად, არ არსებობს მონიტორინგის მექანიზმი იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად არის დაცული სამუშაო ადგილებზე უსაფრთხო გარემო, რაც სახელმწიფოს მხრიდან დაუყოვნებელ რეაგირებას, სათანადო კანონმდებლობისა და მექანიზმის შემჭიდროვებულ ვადებში შექმნას საჭიროებს.

2013 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მაღალი იყო თავშესაფრის ან სათანადო საცხოვრებელი პირობების უქონლობის თაობაზე მიღებული განცხადებების რაოდენობა. განცხადებების შესწავლამ აჩვენა, რომ პრობლემა სისტემურია. საკანონმდებლო დონეზე არ არსებობს უსახლკარო პირთა უფლებების დაცვისათვის სრულყოფილი სამართლებრივი გარანტიები. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება უსახლკარო პირთა მიზნობრივი დახმარებისათვის როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ბიუჯეტში გამოყოფილი ფინანსური სახსრების ნაკლებობა.

2013 წელს, წინა წლების მსგავსად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მაღალი იყო სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის გათვალისწინებული საარსებო შემწეობით სარგებლობასთან დაკავშირებული განცხადებების რაოდენობა.

2013 წელი საქართველოს პრეზიდენტმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის წლად გამოაცხადა, ხოლო წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაეროს 2006 წლის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით 2013 წელს გატარებული დადებითი ტენდენციების მიუხედავად,  ბევრი საკითხი კვლავ საჭიროებს დაუყოვნებელ მოგვარებას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დიდი ნაწილისთვის, განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები შშმ პირებისთვის, სერიოზულ პრობლემად რჩება ინფორმაციის ნაკლებობა არსებული სოციალური, სამედიცინო და სხვა სახის პროგრამების შესახებ.

დევნილთა უფლებების დაცვის კუთხით პოზიტიურად უნდა შეფასდეს საკანონმდებლო დონეზე დევნილის დეფინიციის გაფართოება. კერძოდ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ მიღებული ახალი კანონის მიხედვით, შეიცვალა დევნილის სტატუსის განსაზღვრება და ოკუპაციის გარდა, პირისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთ კრიტერიუმს ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევაც წარმოადგენს. აღნიშნული ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. „ადმინისტრაციულ საზღვართან“ მდებარე სოფლებიდან გადაადგილებული მოსახლეობისთვის, რომლებიც აქამდე მოქმედი კანონმდებლობით ვერ იღებდნენ დევნილის სტატუსს.

2013 წელს ასევე, დაიწყო დევნილთათვის ბინების განაწილების პროცესი თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. მიუხედავად წინსვლისა, დღემდე უმძიმეს პრობლემად რჩება დევნილთა უდიდესი ნაწილის საცხოვრებელი პირობები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. არსებითი მნიშვნელობისაა, რომ ბინების განაწილების პროცესი გამჭვირვალედ, საქართველოს სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების მონიტორინგის ქვეშ განხორციელდეს.

წინა წლების მსგავსად კვლავაც საგანგაშოა სტიქიური  მოვლენების შედეგად დაზარალებული 35 204 ოჯახის მდგომარეობა. სახელმწიფოს მიერ არ ხორციელდება ის პროგრამები, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს ეკომიგრანტის განსახლებულ პუნქტში ადაპტაცია და რეგიონში დამკვიდრება; არ არსებობს სახელმწიფო პროგრამა განსახლებული ოჯახების ცხოვრებისათვის ადეკვატური სოციალური პირობების შესაქმნელად. სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ კანონმდებლობის შემუშავების მიზნით სპეციალური კომისიის შექმნას. ვითარება კვლავაც საგანგაშო და შემაშფოთებელია ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობის კუთხით. ბავშვთა სიკვდილიანობისა და სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი, ბავშვთა მიმართ ძალადობისადმი საზოგადოების ტოლერანტული დამოკიდებულება, ბავშვთა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა მაღალმთიან რეგიონებში ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა გახდეს.

გენდერული თანასწორობის მთავარი გამოწვევაა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი. საქართველოს პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა 11%, მინისტრთა კაბინეტში 21%, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში 10%-ია.

გამოწვევად რჩება ჰომოფობიური დამოკიდებულება ლგბტ პირთა მიმართ. 2013 წელს გახშირდა სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები და სხვა შემთხვევები ლგბტ თემის წარმომადგენელთა და მათი უფლების დამცველი ორგანიზაციების მიმართ. 

საქართველოს სახალხო დამცველისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო 17 მაისის და ამ დღის თანმდევი მოვლენები, კერძოდ, განხორციელებული ძალადობა ლგბტ თემის წარმომადგენელი და უფლებადამცველი პირების მიმართ, რომელიც გრძელდება და სხვადასხვა ფორმით პოულობს გამოხატულებას.

სახალხო დამცველის ყურადღების ერთ-ერთ მთავარი საგანი ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების კუთხით არსებული ვითარებაა. სახალხო დამცველის აპარატი ამჟამად სწავლობს მესტიის რაიონის სოფელ ხაიშში დაგეგმილი ხუდონის და აჭარაში, შუახევის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობის კანონიერების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების სავარაუდო დარღვევის საკითხებს.

ანგარიში ასევე მიმოიხილავს ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა, ასევე 1944 წელს რეპრესირებულ რეპატრიანტთა უფლებრივ მდგომარეობას.

ცალკე თავი ეძღვნება საქართველოში ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხს. ამ მხრივ გასულ წელს დაფიქსირდა სერიოზული გამოწვევები, მათ შორის ერთ-ერთ თავშესაფარში ორი დღის შუალედში ხუთი ხანდაზმულის გარდაცვალების ფაქტი. მიმდინარე წელს სახალხო დამცველი უფრო ინტენსიურად იმუშავებს ამ სფეროში არსებული პრობლემებისა და სავარაუდო უფლებადარღვევების იდენტიფიკაციის მიზნით. 

ახალი ამბები