კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მედიის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

24 აპრილი, 2014
 
ნინო დევიძე

23 აპრილს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა ანგარიშის - „ქართული მედია გარდამავალ პერიოდში“ პრეზენტაცია გამართა. ანგარიში ნედის (ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის)  ფინანსური მხარდაჭერითაა  მომზადებული და  2012-2014 წლებში  ქართული მედიისთვის ყველაზე აქტუალურ თემებს და მოვლენებს მიმოიხილავს.

ანგარიშის ელექტრონული ვერსია გამოქვეყნებულია humanrights.ge-ზე:

არჩევნები და მედია, ეთიკა და თვითრეგულირება, საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიზისი, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რაზეც ანგარიშშია ყურადღება გამახვილებული. 

ანგარიშის ავტორის სალომე აჩბას განცხადებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა აგრესიული საარჩევნო კამპანიით და ეს აისახა მედიის მიერ წინასაარჩევნო პროცესისა და თავად არჩევნების გაშუქებაზე. სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩარტულობის შედეგად ამოქმედდა Must Offer-სა და Must carry -ის პრინციპები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საზოგადოების ინფორმირებულობასა და  სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებზე ხელმისაწვდომობას. ეს წესი საკაბელო ოპერატორებს ავალდებულებს,  წინასაარჩევნო პერიოდში გადასცენ მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებელი არხები, ასევე ის სათემო მაუწყებლები, რომლებიც ამ ოპერატორების დაფარვის ზონაში მაუწყებლობენ და ის ტელევიზიები, რომლებიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისთვის. 

თუმცა, ბოლომდე პრობლემა ვერ მოაგვარა Must carry-სა  და Must Offer-ის პრინციპებმა და ეს იყო განპირობებული იმით, რომ საკაბელო ოპერატორები ფუნქციონირებდნენ ძირითად ქალაქებში და რეგიონებში ალტერნატიული ინფორმაციის მიღების საშუალებად ისევ სატელიეტური ანძები რჩებოდა. 

სალომე აჩბას თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, მედია აღარ იყო პოლარიზებული და საარჩევნო კამპანიაც მეტნაკლებად დაბალანსებულად და ობიექტურად შუქდებოდა: „იმის მიუხედავად, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს მედიაგარემო ნაკლებ პოლარიზებული იყო, მაინც შეინიშნებოდა ანალიტიკური, სიღრმისეული გაშუქების ნაკლებობა. ჟურნალისტები, იშვითი გამონაკლისების გარდა, კანდიდატებს არ უსვამდნენ საინტერესო, კრიტიკულ კითხვებს და არ გამოჰქონდათ სხვადასხვა საინტერესო თემა სადისკუსიოდ“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში ცალკე თავი აქვს დათმობილი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს. ტელეკომუნიკაციათა საერთაშორისო კავშირსა (ITU) და ევროკავშირთან (EU) 2006 წელს მიღწეული შეთანხმების თანახმად, საქართველო ვალდებულია, 2015 წლის ივნისისთვის დაასრულოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი. ქართული არხები მაუწყებლობას ამჟამად ე.წ. ანალოგური სიგნალით ავრცელებენ. აღნიშნული სიხშირე შეზღუდული და ამოწურვადია. სწორედ ამიტომ, სჭირო გახდა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, რაც უფრო მეტი არხის გავრცელების საშუალებას იძლევა. 

სალომე აჩბას განცხადებით, ციფრულ მაუწყებლობაზე საუბრის დროს მთავარი პრობლემა მოსახლეობის არაინფორმირებულობაა: „მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებიდან უკვე 8 წელი გავიდა, სახელმწიფოს დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა  რაიმე სახის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ამ პროცესს დაარეგულირებდა. ამ მხრივ, ძვრები დაიწყო 2014 წელს, როდესაც სახელმწიფომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია შეიმუშავა, მაგრამ საზოგადოებას არა აქვს ინფორმაცია, თუ რა არის ციფრული მაუწყებლობა, რატომ გადავდივართ მასზე და მათ რატომ შეეხებათ ეს. ასევე პრობლემას წარმოდგენს მოსახლეობის ფინანსური მზაობა. მოსახლეობის ნაწილს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან ერთად, შესაძლოა, მოუწიოს სპეციალური აპარატების შეძენა, რათა მათ შეძლონ „გაციფრულებული“ ტელევიზიების სიგნალის მიღება“.

ანგარიშში ასევე ასახულია საზოგადოებრიც მაუწყებელში ბოლო ხანს დაწყებული კრიზისი. „ჩვენ დეტალურად გვაქვს აღწერილი ის პროცესები, რაც ბოლო წლებში  საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარეობდა. იცით, რომ კანონში შევიდა ცვლილებები და უნდა დაკომპლექტებულიყო ახალი სამეურვეო საბჭო. პროცესი დაიწყო, მაგრამ დროში გაიწელა, რადგან პარლამენტმა ვერ მოახერხა დაემტკიცებინა სამეურვეო საბჭოს ყველა წევრი. კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომელმაც აღუდგინა უფლებამოსილება ძველი ბორდის წევრებს და ამას შექმნა გარკვეული ჩიხი, რაზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ. რეალურად ძალიან რთული სიტუაციაა - საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰყავს ერთი ძველი შვიდკაციანი სამეურვეო საბჭო და მეორე, რომელიც წესით ცხრა კაცისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული“. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ანგარიშს რეკომენდაციებიც დაურთო: „ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების უკეთ დაცვის მიზნით, ეფექტური თვითრეგულირების მექანიზმების ამოქმედება; მედიაორგანიზაციის ფინანსური გამჭვირვალობასა და მედიამფლობელებთან დაკავშირებული ინფორმაციის საზოგადოებისთვის სრულფასოვნად მიწოდება; ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესისთვის უფრო ეფექტური და მყისიერი ნაბიჯების გადადგმა;საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული პრობლემების მოგვარებისთვის ეფექტური ნაბიჯების გადადგმა“.

ახალი ამბები