კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონფერენცია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში - მართლმსაჯულების ხარვეზები და მისი აღმოფხვრის მექანიზმები

29 აპრილი, 2014
 
ნინო დევიძე

24 აპრილს ადამიანის უფლებათა სახლში გაიმართა კონფერენცია „მართლმსაჯულების ხარვეზები გარდამავალ პერიოდში და მისი აღმოფხვრის მექანიზმები. კონფერენციაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლებმა თავიანთი ხედვა წარმოადგინეს თუ, როგორ უნდა მოხდეს სამართლიანობის აღდგენა. 

„მართლმსაჯულების ხარვეზების გამო ათასობით პატიმარს აქვს პრობლემები. კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაჩნდა იდეა  შექმნილიყო მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია, მაგრამ ამ იდეას შეხვდა წინააღმდეგობები. ხელისუფლება შიშობს, მოქალაქეებს, ვის მიმართაც დადგინდება, რომ ისინი უკანონოდ იხდიან სასჯელს ან უკანონოდ არიან გასამართლებულები, სახელმწიფო ვერ გადაუხდის იმ კომპენსაციას რაც ბუნებრივია, მათ ეკუთვნით. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, კონფერენციაზე ასევე, ვიმსჯელეთ, რა შეიძლება იყოს ალტერნატიული მექანიზმები მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარემ ალეკო ცქიტიშვილმა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ ალტერნატიულ სამართლებრივ მექანიზმებზე ისაუბრა: „დღევანდელი კონფერენცია იმ პრობლემას შეეხო, რაც საზოგადოებას დიდი ხანია, აწუხებს. თავდაპირველად არსებობდა ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის იდეა. ველოდით იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტის კანონად ქცევას, მაგრამ საბოლოოდ მოხდა ისე, რომ მთავრობამ მას მხარი არ დაუჭირა. არსებობს იდეა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჩართულობით მოგვარდეს სასამართლო სისტემაში დადგენილი ხარვეზები ან უზენაეს სასამართლოში შეიქმნას სპეციალური პალატა ამ ტიპის საქმეების განხილვის მიზნით. მოკლედ, იდეები არსებობს, მაგრამ, როგორც ჩანს, არ არსებობს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნება იმისა, რომ ეს ინიციატივები განხორციელდეს“. 

საკონსტიტუციო სასამართლოს ჩართულობის იდეა, როგორც მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრის სისტემა სახალხო დამცველის აპარატს ეკუთვნის. ამის თაობაზე თავის მოხსენებაში სახალხო დამცველის აპარატის, მართლმსაჯულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნათია კიციტაძემ ისაუბრა: „მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გადადებასთან დაკავშირებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, მოგვემზადებინა გარკვეული ალტერნატიული მექანიზმი, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს მართლმსაჯულების ხარვეზების  კომისიის სანაცვლოდ. მოვამზადეთ საკანონმდებლო ინიციატივა და ვფიქრობთ, რომ კარგი მოდელი შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაზრდა, რაც გულისხმობს საერთო სასამართლოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობების არსებობას ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის“. 

კონფერენციის კიდევ ერთი სადისკუსიო თემა, საქართველოში საკუთრების უფლება და ბიზნესის თავისუფლება იყო. ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის სამართლებრივი პროგრამების ხელმძღვანელის, ირაკლი კერესელიძის თქმით, დღეს კიდევ არსებობს საფრთხე, რომ ბიზნესის სფეროში წინა წლების ცუდი პრაქტიკა განმეორდეს: „პროცედურული დემოკრატიის პრინციპები და სამართლებრივი უზენაესობა გულისხმობს იმას, რომ  ადამიანის უფლებები, მათ შორის ბიზნესმენების დაცული იქნას კანონმდებლობით და არა ინდივიდუალური სიმპატიებით ან ანტიპატიებით. ჩვენ ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან იდეაზე, რაც გულისხმობს საერთაშორისო მოკვლევის კომისიის შექმნას, რომელიც საქართველოს მთავრობისთვის სამართლებრივი ხარვეზების ფაქტებს უფრო ნათელს და აშკარას გახდის და დაანახებს აღნიშნული თემის განსაკუთრებულ აქტუალურობას“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსმა, თამარ ავალიანმა კონფერენციაზე წარმოადგინა მოხსენება, თუ რა გავლენას ახდენს მსჯავრდებულთა დღევანდელ მდგომარეობაზე წინა წლების მართლმსაჯულების ხარვეზები.

დისკუსიისას კონფერენციაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სამართლიანობის აღდგენის სხვადასხვა მექანიზმებზე თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ სათანადო ყურადღება მიაქციოს სამართლიანობის აღდგენის პროცესს და პასუხი გასცეს საზოგადოებაში არსებულ მწვავე კითხვებს ამ თემასთან დაკავშირებით. 

ახალი ამბები