კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვინ იბრძოლებს გორის მერობისთვის

14 მაისი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გორის მერობის მსურველი კანდიდატების რაოდენობა იმატებს. „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად ზურაბ ჯირკველიშვილი დაასახელა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩილ საბიაშვილი, სარჩევნო ბლოკმა „ბურჯანაძე - ერთიანმა ოპოზიციამ“ კი ადვოკატ მამუკა ნოზაძის კანდიდატურა წამოაყენა, „ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტიიდან“ - კანდიდატი იქნება კახაბერ ერგემლიძე, „ერთიანობის დარბაზიდან“ - თამაზ მაყაშვილი.

„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ მერობის კანდიდატები პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარუდგინა ამომრჩეველს, საქართველოს სხვა თვითმმართველი ქალაქების მერობის კანდიდატებთან ერთად. გორის მერობის კანდიდატად პრემიერმა ზურაბ ჯირკველიშვილი დაასახელა. 

ღარიბაშვილის არჩევანი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან მერობის კანდიდატად დასახელებას ელოდა მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე და კოალიციაში  შემავალი რესპუბლიკური პარტიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით რაზმაძე. ასევე მერობის კანდიდატად მოიაზრებდა თავს გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი პაპუნა კობერიძე, რომელიც „ეროვნული ფორუმის“ წევრია. მის კანდიდატურას ლობირებას უწევდა პარლამენტში გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი. „ქართული ოცნებიდან“ გორის მერობის მსურველთა რიცხვში მოაზრებოდა პარლამენტისა და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი თამაზ შიოშვილი. ამათგან არც ერთი არ შეირჩა და პრემიერ მინისტრმა არჩევანი ზურაბ ჯირკველიშვილზე გააკეთა. 

ზურაბ ჯირკველიშვილის  კანდიდატურას შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი ლობირებდა.  რუსიშვილი „ქართუ ბანკის“ გორის ფილიალის მენეჯერი იყო და პრემიერ მინისტრის ახლო მეგობარია. ზურაბ ჯირკველიშვილს აქტიური წინასაარჩევნო კამპანია ჯერჯერობით არ დაუწყია. ჯირკველიშვილი 2012 წლის დეკემბერიდან გორის სათბურების დირექტორად მუშაობდა. მისი საქმიანობა გასულ წლებში კერძო ბიზნესში მენეჯერობით შემოიფარგლება. 

ზურაბ ჯირკველიშვილი: „ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება და ცხოვრებისეული მრწამსი მაძლევს უფლებას, შევპირდე ჩემს ძვირფას გორელებს, რომ აღვუდგინო ქალაქელობის განცდა, მაქსიმალურად მოვაწესრიგოთ ინფრასტრუქტურა, ხელი შევუწყოთ განათლების სისტემას, საბავშვო ბაღებს და პენსიონერებს“.
 
ყოფილი მმართველი პარტია მერისა და გამგებლობის კანდიდატის შესარჩევად პრაიმერის ჩატარებას გეგმავდა.  თუმცა, შემდეგ პრაიმერი გამოირიცხა და არჩევნებამდე 40 დღით ადრე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიგი უგულავამ მერობის და გამგებლობის კანდიდატები გორში გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში შეკრებილ მხარდამჭერებს წარუდგინა. გორის მერობის კანდიდატად მან არჩილ საბიაშვილი დაასახელა, ხოლო მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად კახა ტოლიაშვილზე შეაჩერეს არჩევანი. არჩილ საბიაშვილი მოქმედი საკრებულოს ფრაქცია „მამულიშვილების“ თავმჯდომარეა, კახა ტოლიაშვილი  კი პარტიის გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე და გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის ყოფილი უფროსია.

არჩილ საბიაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი: „წინასაარჩევნო კამპანია გათვლილი იქნება ძირითადად სამუშაო ადგილების შექმნაზე და ინფრასტრუქტურული პროექტების აღდგენა-განახლებაზე“.

„ნაციონალური მოძრობის“ მიერ დასახელებული კანდიდატები მოულოდნელი იყო, რადგან მერობის კანდიდატად ანდრო ბარნოვი სახელდებოდა, რომელსაც შიდა ქართლის რეგიონში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტი ეკავა, მოგვიანებით კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. ასევე მერობის ერთ-ერთ კანდიდატად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად ფრაქცია „ნაციონალებების“ წევრი ზვიად ხმალაძეც მოაზრებოდა, მაგრამ ხმლაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა შეხვედრაზე არ მისულა.

გიგი უგულავამ განაცხდა, რომ პარტიულ შეხვედრაზეც ბევრისთვის მოულოდნელი იყო კახა ტოლიაშვილის კანდიდატად დასახელება და ასეთი ისტორია გაიხსენა: „როგორც გაირკვა, რაიონის ხელმძღვანელობის კანდიდატობას გორიდან სხვა ელოდებოდა, მაგრამ პარტიის შიგნით გამოკითხვის შედეგები სხვა დაიდო. ის პიროვნება პარტიის ცენტრალურ ოფისში შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ჩამოვიდა. მასთან ერთად კახა ტოლიაშვილიც ჩამოვიდა. კახა ჩვეულებრივ ფორმაში იყო ბოტასებით, როცა გამოვაცხადეთ ეს გადაწყვეტილება და კახა ტოლიაშვილი დასახელდა (იცით, რომ ასეთი რაღაცეები მიპატიჟებით და სუფრის გაშლით მთავრდება), ტოლიაშვილი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა. ამისთვის არ იყო მზად. ის კი, ვინც შარვალ-კოსტუმით ჩამოვიდა, გვითხრა, რესტორანიც შეკვეთილია და წავედით აღვნიშნოთო“.

„ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ გორის  მერობის კანდიდატად ოფიციალურად ბლოკის ლიდერებს არ წარუდგენიათ ადვოკატი მამუკა ნოზაძე. თუმცა, საარჩევნო ბლოკში არჩევანი მასზე შეჩერდა. შეხვედრიდან გამოსულმა ნოზაძემ დრო მოიგო და ადგილობრივი მედიასაშუალებების მეშვეობით  გორის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად საკუთარი კანდიდატურა დასახელა. მამუკა ნოზაძეს ამომრჩევლებთან აქტიური შეხვედრები ჯერჯერობით არ ჰქონია. როგორც მის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, საარჩევნო ბლოკის ლიდერების მხრიდან ოფიციალური წარდგინების შემდეგ დაიწყებენ აქტიურ საარჩევნო კამპანიას.

„ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტიის“ მერობის კანდიდატად სასამართლოს გადაწყეტილების შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილი მისმა თანაგუნდელმა კახაბერ ეგემლიძემ ჩაანაცვლა. ოქრუაშვილი კანონის იმ ნორმას ვერ აკმაყოფილებდა, რომლის მიხედვითაც საარჩევნო სუბიექტი ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში უნდა ცხოვრობდეს.  ირაკლი ოქრუაშვილმა მერობის კანდიდატად კახაბერ ერგემლიძე დაასახელა და აღნიშნა, რომ არჩევნებიდან გამარჯვებისთანავე იგი იქნება ქალაქის ვიცე-მერი და ჩაერთვება გორის განვითარებაში.

კახაბერ ერგემლიძე: „დიდი შანსი გვაქვს ამ არჩევნებში. უპირობო ლიდერები ვართ და ამ არჩევნებს აუცილებლად მოვიგებთ“. 

„ახალი მემარჯვენეებისა“ და „თავისუფალი საქართველოს“ გაერთიანებით შექმნილი პოლიტიკური ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ უახლოეს მომავალში გეგმავს მერობის და მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატების დასახელებას. ამ ეტაპზე ბლოკი საარჩევნო შტაბის საორგანიზაციო მხარის მოგვარებით არის დაკავებული.

მას შემდეგ რაც საინიციატივო ჯგუფებს მერობის კანდიდატის დასახელება შეეზღუდათ, თამაზ მაყაშვილმა პოლიტიკური გაერთანება „ერთიანობის დარბაზი“ დააფუძნა და მერობის კადიდატად საკუთარ თავს სთავაზობს გორელ ამომრჩეველს. ასევე საინიციატივო ჯგუფის სახელით აპირებდა გორის მერობის კანდიტად დარეგისტრირებას ნუგზარ მაჭავარიანი, რომელიც კანონიდან გამომდინარე, საინიციატივო ჯგუფის სახელით ამჯერად უკვე საკრებულოს დეპუტატობისთვის იბრძოლებს.

ახალი ამბები