კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან ორი თანამშრომელი დაითხოვეს, მინისტრი თანამდებობაზე რჩება

16 მაისი, 2014
 
ინტერპრესნიუსი

სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარის განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის  ორი პირი გათავისუფლდა. როგორც სუბარმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, სამსახურიდან გაანთავისუფლეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი გიორგი ყავლაშვილი და ბათუმის ციხის დირექტორი.

„რაც შეეხება საჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელ დიმიტრი დარბაისელის, თუ ჩემს საკითხს, ზოგადად გეტყვით, რომ შეუცვლელი არავინ არის და თუ როდესმე დადგება დღის წესრიგში საკადრო ცვლილებები, ეს მოხდება“, - აღნიშნა სუბარმა.

როგორც ცნობილია, ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელდა განცხადებები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზოგიერთ თანამშრომელზე მაღალი პრემიების გაცემის შესახებ. გარდა ამისა, სახალხო დამცველმა განaცხადა, რომ სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი მუშაობის დროს ხელოვნურ ბარიერებს უქმნის.

ამასთან, გიორგი ყავლაშვილი ერთ-ერთია, რომელმაც ერთ თვეში პრემიის სახით 17 ათას ლარზე მეტი მიიღო.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემული პრემიები აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს 16 მაისს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.

„ზოგადად სასჯელაღსრულების დეპარტამენტი არის საქვეუწყებო დაწესებულება, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს დამოუკიდებელი ბიუჯეტი და დეპარტამენტის თავმჯდომარე თვითონ გასცემს ამ პრემიებს, თუმცა, ზოგადად გაუმართლებელია მინისტრთან შეთანხმების გარეშე მსგავსი რამ. ამას ითვალისწინებს კიდეც შიდა რეგულაციები და არა კანონი. მეორეც, შეთანხმება რომც არ სჭირდებოდეს ეს არის ყოვლად გაუმართლებელი. ამაზე გვქონდა ძალიან მკაცრი რეაგირება მაშინვე და ძალიან მკაცრად მოვთხოვე პასუხი. მისი მოტივაცია იყო, რომ წლის ბოლოა, ფულია დარჩენილი და გაანაწილეს იმიტომ, რომ ურთულესი დეპარტამენტი ჩაიბარეს და ურთულეს პირობებში უხდებოდათ მუშაობა, თუმცა ვიმეორებ, მე ამის გამართებას ვერ ვხედავ. ვერ ხედავს გამართლებას მთავრობის ვერც ერთი წევრი და ვერც პრემიერი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ მაშინ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელობა თვენახევრის დანიშნული იყო და მთავრობის შეცვლის შემდეგ, ეს იყო მესამე ცვლილება სად-ში, იმ ეტაპზე სხვა გადაწყვეტილებები გარდა მკაცრი გაფრთხილებისა, მიღებული არ იქნა. 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, სოზარ სუბარს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის დიმიტრი დარბაისელის საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თავად სუბარმა განუცხადა. 

„ამ თვეების განმავლობაში ძალიან ბევრი კითხვა მქონდა მე პირადად საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რასაც დარბაისელი ატარებდა. არა იმის გამო, რომ რომელიმეს დანიშვნა არ შეიძლებოდა ან რომელიმეს დანიშვნა უკანონო იყო, არამედ იმის გამო, რომ პირადად ჩემთვის, იქ ზოგიერთი ისეთი პიროვნებაა, რომელიც მორალურად იყო მიუღებელი. ორი მათგანი დღეს უკვე გათავისუფლებულია - ბათუმის ციხის უფროსი და გიორგი ყავლაშვილი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

მისივე თქმით, საკადრო პოლიტიკაც სად-ის უფროსის პრეროგატივაა. 

„ჩვენ შეთანხმებაც გვქონდა ასეთი, რომ თუ მას ჰქონდა ეს მისია მინდობილი, რომ ციხეებში სიტუაცია დალაგებულიყო, მაშინ უნდა გვქონოდა გარკვეული თავისუფლება საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. თუმცა მიუხედავად ამისა, ზოგიერთი საკადრო გადაწყვეტილება ჩემთვის იყო მიუღებელი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

რაც შეეხება თავად სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის გადადგომის საკითხს, რაზეც ბოლო დღეებში საუბრობდნენ, სოზარ სუბარის განცხადებით, გადადგომის შესახებ განცხადება მან აქამდე 3-ჯერ დაწერა. როგორც სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, ორჯერ ასეთი თხოვნით ბიძინა ივანიშვილს, მესამედ კი ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.

„მე პირადად ორჯერ მივმართე ბიძინა ივანიშვილს მისი პრემიერ-მინისტრობის დროს გადადგომის თხოვნით და ერთხელ ამჟამინდელ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

კითხვაზე, თუ როდის მიმართა მან გადადგომის თხოვნით ღარიბაშვილს, სუბარმა განაცხადა, რომ „დიდი ხნის წინ“.

ახალი ამბები