კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში მოვაჭრების პროსტეტი წინასაარჩევნოდ გრძელდება

4 ივნისი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი 

გორში  მოვაჭრეების პროტესტი წინასაარჩევნოდ გრძელდება. მათმა ნაწილმა რადიკალურ ზომებს მიმართა და გურამიშვილის სკვერში, ძველი ბაზრის ტერიტორიაზე შეიჭრა. „ვინც ძველ ბაზარს აღადგენს, იმას მივცემთ ხმას“, - ასეთია მოვაჭრეების განწყობა. 

„ხალხისა უნდა ეშინოდეთ, ამ მშიერი ხალხისა. დადიან ახლა კარდაკარ, ხმა მოგვეცითო. ბოლო ბოლო, აღარ ჰყავს ქალაქს პატრონი“, - ამბობს ეკა ქარელი, მოვაჭრე.

გურამ ჭიღლაძე, მოვაჭრე: „ვიძახი, რატომ ხელი არ მომტყდა, 41 რომ შემოვხაზე-მეთქი. ესენი როცა მოვიდნენ, ისეთი დაიმედებულნი ვიყავით, რომ გვეგონა, ასე არ გაგვწირავდნენ, მაგრამ უარესები გამოდგნენ“.

მოვაჭრეებმა უარი თქვეს გორში წმინდაწყლის დასახლებაში ახალ ბაზარში გადასვლაზე. ამის მიზეზად კი სავაჭრო ცენტრის ადგილმდებარეობას ასახელებენ. ახალი ბაზარი ქალაქის გარეუბანშია, სადაც გამყიდველების განმარტებით, მყიდველი ნაკლებად მიდის და საქონელს ვერ ასაღებენ. მოვაჭრეები ღამით სავაჭრო დახლებთან მორიგეობენ, რათა ბაზრის ადმინისტრაციამ ამ პერიოდში არ მოახდინოს სავაჭრო დახლების აღება.  

ქეთევან ელიკაშვილი, მოვაჭრე: „ჩვენ გადავირჩიეთ წინა მთავრობა იმიტომ, რომ ხალხისთვის არ იყო. ჩვენ ავირჩიეთ ახალი მთავრობა, რომ ყოფილიყო ხალხისთვის. არაფერი არ შეცვლილა“.  

ადგილი, სადაც მოვაჭრეები შეიჭრნენ, ქალაქის ცენტრში ძველი ბაზრის ტერიტორიაა, რომლის მფლობელი  შპს  „ისრაელის პროექტების მენჯმენტია“. კომპანიის  წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოვაჭრეები მათ კერძო საკუთრებაში  შეიჭრნენ და იქ არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ. 

თეა გოგსაძე, „საქართველო ისრაელის პროექტების მენეჯმენტის“ იურისტი: „მე მაინტერესებს, იმ შემთხვევებში, როცა იქ არის ავარიული შენობები და ხვალ რომ იქ რამე მოხდეს, ვინ არის პასუხისმგებელი ამ ხალხის უსაფრთხოებაზე?!  ვკითხოთ ამ ხალხს, არიან თუ არა ისინი კანონიერად იქ და რა უფლებით  ვაჭრობენ“.

პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, გორის  ყველა მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო დაპირებებიდან ერთ-ერთი პრიორიტეტულია გორის ბაზრის დაბრუნება ძველ ადგილზე.  სახელისუფლებო კოალიციის მერობის კანდიდატი ზურაბ ჯირკველიშვილი დაპირებების დროს უფრო ფრთხილია და იმ გარემოებაზე საუბრობს, რომ აღნიშნული ტერიტორია ინვესტორის საკუთრება და ხელისუფლებლებას მხოლოდ რეკომენდაციის სახით აქვს უფლება, ჩაერიოს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დრომდე აგრძელებენ მოვაჭრეებთან და ინვესტორებთან შეხვედრებს.    

სოსო ვახტანგაშვილი, გორის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში: „ვფიქრობთ, რომ გარკვეული წინადადებები მოვამზადოთ და შევთავაზოთ ინვესტორსაც და დაველაპარაკოთ სხვადასხვა საკითხებზე. ამ პრობლემის გადასაჭრელად თუ იქნება საჭირო, რომ ბაზარი დაბრუნდეს ისევ ძველ ადგილას, ჩვენ ამის წინააღმდეგები არ ვიქნებით. თუ ინვესტორს ეს სურვილი ექნება და გამოხატავს ამ ადამიანებისადმი პატივისცემას, ამ ქალაქის მოსახლეობისადმი და ზოგადად ამ პრობლემის გადასაჭრელად, ამ ნაბიჯს გადადგამს“.

გორში „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ მაჟორიტარობის კანდიდატი იოსებ ბორცვაძე ადგილობრივი ხელისუფლებლების წარმომადგენლების ბიზნესინტერესებზე საუბრობს.  ბორცვაძის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანს მაღაზიები აქვს ნაყიდი ახალი ბაზრის ტერიტორიაზე, კვლავ მონოპოლიურად უდგებიან ამ საკითხს და მოვაჭრეების ინტერესებს არ ითვალისწინებენ.

ბაზრის მოვაჭრეების პრობლემის პარალელურად „საქართველო - ისრაელის პროექტების მენეჯმენტს“ სამართლებრივი დავა აქვს რამდენიმე  მოიჯარესთან. ისინი ძველი ბაზრის ტერიტორიაზე არსებული მაღაზიების დემონტაჟის არაკონინიერებაზე მიუთითებენ.  

მაია ჩალაური, ინდ მეწარმე: „რვა კაცი ვართ ეგეთი, რომელსაც 52 წელი აქვს საკუთრებაში ადგილი, რაზეც ვდგავართ და გვაქვს ჩვენი საოჯახო ბიზნესები. პირადად საჯარო რეესტრში გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებით მაქვს მაღაზია, რომლის იჯარის ხელშეკრულებები დამირღვიეს და დაარღვიეს ჩემი, როგორც მეწარმის, უფლებები, გამიფუჭეს ბიზნესი. კონპენსაციაც არ უნდათ, რომ გადაიხადონ არანაირი და არ უნდათ, გაიგონ, მე რით დავზარალდი“.

რამდენიმე ინდ.მეწარმემ  შენობები ბაზრის ტერიტორიაზე თავად ააშენა. მათ ქონება აღნაგობის წესით ჰქონდათ გადაცემული. დაზარალებულების ადვოკატის, მერაბ დაღელაშვილის თქმით,  კომპანიამ მოვაჭრეებს საკომპენსაციო თანხა უნდა გადაუხადოს.

მერაბ დაღელაშვილი, იურისტი: „როდესაც გადის აღნაგობის ხელშეკრულების ვადა, მეიჯარე ანუ ამ შემთხვევაში - „საქართველო - ისრაელის პროექტების მენეჯმენტი“ ვალდებულია გადაუხადოს კონპენსაციის სახით იმ აშენებული შენობის ღირებულება, რაც მათ არ განუხორციელებიათ და ვიდრე არ გადაუხდიან, მათ უფლება არა აქვთ, შენობა დაანგრიონ“.

შპს „საქართველო - ისრაელის პროექტების მენეჯმენტის“ იურისტი თეა გოგსაძე მოვაჭრეებს იმ სამართლებრივი დოკუმენტების წარმოდგენას სთხოვს, რომლის საფუძველზეც ისინი დავობენ. დაზარალებულები კი სასამართლოს გზით მოითხოვენ ბაზრის ადმინისტრაციისგან მიყენებული ზიანის  კომპენსაციას.

ახალი ამბები