კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის მერიამ პარტიები გააფრთხილა

2 ივნისი, 2014
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს წერილობითი გაფრთხილება გაუგზავნა. გაფრთხილება მათ მოსალოდნელ დაჯარიმებას ეხება. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს არასათანადო ადგილებში განთავსებული საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნისათვის ორდღიანი ვადა აქვთ მიცემული.

გასული არჩევნებისაგან განსხვავებით, 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა კანონით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულება დაიწყო. სამსახურის მიერ პოლიტიკურ პარტიებს წერილობით გაფრთხილება გაეგზავნა იმ საარჩევნო მასალების ჩამოხსნისა, რომელიც კანონდარღვევით არის გაკრული. 

„საარჩევნო პლაკატების გაკვრის ადგილი განსაზღვრულია ბათუმის საკრებულოს მიერ. სამწუხაროდ, ხშირია კანონის დარღვევის ფაქტები. თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიას თანაბარი რაოდენობის დარღვევა აქვს“, - აღნიშნა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, გოჩა ძნელაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.  

კანონმდებლობით,  ჯარიმა საარჩევნო პლაკატის კანონით გაუთვალისწინებელ ადგილას გაკვრისათვის თავდაპირველად 50 ლარია, გამეორების შემთხვევაში - 500 ლარი, ხოლო თუ საარჩევნო პლაკატი გაკრულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ზონაში მდებარე შენობაზე - 200 ლარი, განმეორებით კი - 1000 ლარი.

აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, საარჩევნო პლაკატების განთავსებასთან დაკავშირებულ დადგენილებაში ბათუმის საკრებულომ ცვლილებები შეიტანა. საკრებულოს 24 აპრილის რიგგარეშე სხდომის გადაწყვეტილებას დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. 

აქამდე მოქმედი წესის მიხედვით, ძველი ბათუმის ტერიტორიაზე, სადაც საარჩევნო-სააგიტაციო მასალების განთავსება მხოლოდ სპეციალურ სტენდებზე იყო ნებადართული. 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებისთვის კი, დაშვებულია მასალები პარტიათა ოფისების ფასადებზეც განთავსდეს, ფიზიკურ პირებს კი საშუალება ექნებათ, სასურველი სუბიექტის ან პარტიის საარჩევნო პლაკატი საცხოვრებლის ფანჯარაზე, ან კუთვნილი მაღაზიის ვიტრინაზე მხოლოდ შიგა მხრიდან გააკრან. რაც შეეხება სხვა შენობებს, მოქმედი წესი უცვლელი რჩება და სააგიტაციო მასალის გამოკვრა ძველ ბათუმში შენობებზე კვლავ აკრძალული რჩება.

ბათუმის ქუჩებში დღემდეა შემორჩენილი გასული არჩევნების პლაკატები. ამასთან დაკავშირებით humanrights.ge დეკემბერში წერდა. მდგომარეობა, დღესაც უცვლელია. მაშინ, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ჩვენთან საუბარში აცხადებდა, რომ ძველი არჩევნების პლაკატები მას არ შეუმჩნევია. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელის, გია ქარცივაძის განცხადებით, ზედამხედველობის სამსახური კანონით გათვალისწინებულ ნორმას არღვევს: „ქალაქში გასული წლების არჩევნების სააგიტაციო მასალას დღემდე ვხდებით. ნორმა, რომლის თანახმადაც ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია შესაბამის პოლიტიკურ სუბუექტს მიუთითოს, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დააჯარიმოს, რატომრაც არ სრულდება. შესაბამისად, სამსახურის უფროსს უნდა დაეკისროს დისციპლინალური პასუხისმგებლობა, რომელიც გათავისუფლებასაც ითვალისწინებს“.

ახალი ამბები