08:02, Thursday, 09.04.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოსახლეობამ საპროტესტო აქციებით მოითხოვა

17.06.2014

 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

თორტიზა, ხელთუბანი, რეხა, სვენეთი, ბერბუკი, აძვი, მეჯვრისხევი, კირბალი, ზერტი - ეს იმ სოფლების არასრული ჩამონათვალია, სადაც შიდა ქართლში სტიქიის შედეგად  ხეხილის ბაღები და  ნათესები მთლიანად განადგურდა.   

2  ივნისს ძლიერმა სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტის ათზე მეტი სოფელი დააზარალა. ამ სოფლების მაცხოვრებლები, ძირითადად, სოფლის მეურნებით არიან დაკავებული. ძლიერმა სეტყვამ გლეხები ძირითადი  შემოსავლის გარეშე დატოვა.  

გორის მუნიციპალიტეტს სოფელ სვენეთში ამბობენ რომ ასეთი სტიქია ბოლო ოცი წელია, არ ახსოვთ.  სოფლებში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარებაა, რასაც ბოლო დროს შიდა ქართლის სამხარეო ადამინისტრაციული შენობის წინ გამართული აქციებიც მოწმობს. დაზარალებული მოსახლეობა ზარალის შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნას და სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. 

გივი ხარხელი, კირბალის მკვიდრი: „კონფლიქტის ზონაში ვართ. არანაირი საშუალება არა გვაქვს. ჩვენი სოფელი ღარიბია. რაც მოსავალი იყო, ისიც სეტყვამ გაგვინადგურა. წყალი იმდენი აღარ არის, რომ მეორე მოსავალი მოვიყვანოთ და რაც გაგვინადგურდა ვითხოვთ, რომ აგვინაზღაურდეს“.

იოსებ აკოფაშვილი, სოფელ ზერტის მკვიდრი: „მთლიანად განადგურებულია ყველაფერი. მთელი სოფლის მოსახლეობა ვართ ჩამოსული  და ხელისუფლებისგან რეაგირებას ველოდებით. უმეტესობას ბანკის ვალი აქვს გამოტანილი, დახმარებას ვითხოვთ ან პროცენტი გადაუვადონ ან რაღაცა მოხდეს, რადგან ხალხს აღარანაირი საშუალება აღარ გააჩნია“.
 
სოფელ რეხაში თითქმის ყველა ოჯახს ბანკიდან აგროსესხი აქვს აღებული, რომელიც სოფლის მეურნეობაში ჩადეს. გიორგი ქერდიყოშვილმა აღებული 600 დოლარის სესხით შხამქიმიკატები შეიძინა, ხეხილისა და ბოსტნეული კულტურების შეწამვლა მოასწრო და ამ დროს სტიქია დაატყდა თავს.  „მე პირადად ბანკიდან გამოვიტანე ფული 600 დოლარი წამლებისთვის, რომ მოგვეწამლა ძირითადად ის გაიხარჯა და რითი უნდა ვიცხოვროთ“, - ამბობს იგი humanrights.ge-სთან საუბრისას.

ქერდიყოშვილების მსგავსად მოსავლის გარეშე დარჩნენ  სხვა ადგილობრივებიც. როგორც ისინი ამბობენ, სტიქია იმდენად ძლიერი იყო, რომ მოსავალი თითქმის ასი პროცენტით განადგურდა. 

დავით ბიჭიაშვილი, სოფელ რეხის მკვიდრი: „სოფელი რეხა მთლიანად გაუბედურებულია. დახმარება გვჭირდება“.

ნახევარსაათიანი გადაუღებელი სეტყვის შედეგად  სოფელ რეხაში რამდენიმე ადგილობრივს საცხოვრებელი სახლის სახურავებიც დაუზიანდა. მწყობრიდან გამოვიდა  ელექტროგადამცემი ხაზები,  რის გამოც სოფელ რეხას რამდენიმე საათი ელექტროენერგია  არ მიეწოდებოდა.  

სტიქიის შედეგად დაზარალებული  მოსახლეობის პრობლემების გასაცნობად ადგილზე ჩავიდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ სოფლებში უმძიმესი მდგომარეობა დახვდათ. მთლიანად განადგურებულია ვაზი, ბოსტნეული და ხეხილის ბაღები.

„ზარალი იმდენად დიდია რომ მის დათვლას რამდენიმე კვირა დაჭირდება“, - ეს განცხადება სიტუაციის ადგილზე გაცნობის შემდეგ სოფელ რეხაში ჩასულმა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ოთარ დანელიამ  გააკეთა.
  
ოთარ დანელია, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე: „ჩამოყალიბდა კომისია, რომელიც დაითვლის აღნიშნულ ზარალს. ასევე მობილიზებულია ადამიანური რესურსები სხვადასხვა მეზობელი რეგიონებიდან, ვინაიდან ზარალი იმდენად მასშტაბურია, რომ არსებული კადრებით შეუძლებელია მისი შეფასება. პირველ რიგში, პრიორიტეტულია, შეფასდეს ყველაფერი ადეკვატურად და პროფესიონალურად, რათა არც ზედმეტი მოუვიდეს ვიღაცას და არც არავის არაფერი დააკლდეს“.

ზურაბ რუსიშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი: „საჭირო გახდა ცოტა უფრო მასშტაბური კომისიის შექმნა, ვინაიდან პარალელურად უნდა შევიდნენ ყველა ბაღში, ყველა მოსახლის ზარალი დაითვალონ“.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, პაპუნა კობერიძის განცხადებით, უკვე შექმნილია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისია. ზარალის დათვლის შეწავლის შემდეგ კომპენსაციების გაცემა დაიწყება. 

პაპუნა კობერიძე, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი: „სახელმწიფო მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებს. ჩართულია ცენტრალური ხელისუფლება ჩვენთან ერთად. ასევე - ადგილობრივი ხელისუფლებაც. შიდა ქართლის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც მოგვაშველეს სპეციალისტები, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ხალხის ინტერესები. დაითვლება ზარალი და შემდეგ როცა იქნება სრული სურათი, ანგარიშს წარვუდგენთ ცენტრალური ხელისუფლებას“.

სტიქიის მასშატბურობიდან გამომდინარე, ზარალი დიდია და წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე მილიონს აღემატება. საკომპენსაციო თანხა გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საკმარისი არ არის. გორის მაჟორიტარი დეპუტატის, სოსო ვახტანგაშვილის განცხადებით, იგი საკითხს პარლამენტში დააყენებს და ცენტრალური ბიუჯეტიდან მოხდება ზარალის ანაზღაურება.
 
სტიქიის შედეგად დზარალებული სოფლები, ზარალის მიხედვით ოთხ ზონად დაიყო. კომისიამ  სოფლებში მაცხოვრებლების შესწავლა ინდივიდუალურად უკვე დაიწყო.  სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას არჩევნებადე ითხოვდა, რადგან  მათი განცხადებით, არჩევნების შემდეგ შესაძლებელია, მათაც იმ მოსახლეობის ბედი გაიზიარონ, რომლებიც ერთი წლის წინ სტიქიის შედეგად დაზარალდნენ და არაერთი დაპირების მიუხედავად, დღემდე არ მომხდარა ხელისუფლების მხრიდან შესწავლილი ზარალის ანაზღაურება.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

უჩინარი მტერი
2020 წელი სულ ახლახან დაიწყო და მალევე მსოფლიოს დაუჯერებელი ინფორმაცია ეცნო - ინფორმაცია მკვლელი ვირუსის შესახებ, რომელიც ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გაჩნდა, შემდეგ კი
ვრცლად...
აპოკალიფსი არ იქნება
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC