კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის წინადადება პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების თაობაზე

9 ივლისი, 2014
 
Ombudsman.ge 

საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს საქართველოს პარლამენტის წევრების საკანონმდებლო ინიციატივას ადმინისტრაციული პატიმრობის ზედა ზღვარის 90–დან 15 დღემდე შემცირებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, 90 დღიანი პატიმრობის გაუქმება წლების განმავლობაში წარმოადგენდა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციას და 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც იქნა ასახული.  

საქართველოს სახალხო დამცველი ასევე მიესალმება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტით გათვალისწინებულ ინიციატივას,  რომლის თანახმადაც, აუცილებელია დაკავებულს დაუყოვნებლივ, დაკავებისთანავე განემარტოს მისი უფლებები.

თუმცა, მიგვაჩნია, რომ კანონპროექტით არ სწორდება დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელებასთან დაკავშირებული ხარვეზები.

კერძოდ, ინიცირებული კანონპროექტით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262–ე მუხლს ემატება 11 ნაწილი, რომელიც რიგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით ითვალისწინებს საქმის განმხილველი რაიონული/საქალაქო სასამართლოს მიერ ზეპირი განხილვის დაუყოვნებლივ დაწყების ვალდებულებას, სამართალდარღვევის ოქმისა და საქმის მასალების მიღებისთანავე.  მართალია, აღნიშნული ცვლილება ემსახურება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის გაჭიანურების პრაქტიკის აღმოფხვრას, თუმცა,  ის შეიძლება გახდეს დაცვის უფლების შეზღუდვის საფუძველი.

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის უფლებას – ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალებები საკუთარი დაცვის მოსამზადებლად. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მიცემული პირის უფლებათა შორის არც საქმის გადადების უფლებაა მკაფიოდ გათვალისწინებული. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის პრაქტიკაც ადასტურებს, რომ სამართალდამრღვევს არ ეძლევა ადეკვატური დრო და საშუალებები დაცვის მოსამზადებლად.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების დაჩქარების შესაძლებლობის პარალელურად, აუცილებელია კანონპროექტი ითვალისწინებდეს მყარ სამართლებრივ გარანტიებს დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით.

შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი წინადადებით მიმართავს საქართველოს პარლამენტს, კანონპროექტის შემოთავაზებულ ცვლილებებთან ერთად, დაცვის უფლების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, გასწორდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ხარვეზები და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის უფლებებს შორის მკაფიოდ გაიწეროს დაცვის მოსამზადებლად საკმარისი დროისა და საშუალებების ქონის უფლება, მათ შორის, საქმის გადადების მოთხოვნის შესაძლებლობა, თუ პირის ხელთ არსებული დრო და საშუალებები არაა საკმარისი დაცვის უფლების განსახორციელებლად.

ახალი ამბები