კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სატელეფონო ზეწოლა ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზე

16 ივლისი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას, სადაც დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე უნდა აერჩიათ, უხმაუროდ არ ჩაუვლია. ხმაურის მიზეზი კი საკრებულოს თვმჯდომარის ტელეფონზე განხორციელებული ზარი გახდა. 

საკრებულოს თავჯდომარედ  ხმათა სრული უმრავლესობით ივანე არდემანიშვილის არჩევის შემდეგ,  ჯერი მისი მოადგილის კანდიდატურაზე მიდგა. არდემანაშვილმა საკრებულოს წევრებს მის მოადგილედ ჯუმბერ შუბითიძის კანდიდატურა შესთავაზა. დეპუტატები ფარული კენჭისყრისთვის ემზადებოდნენ, როცა საკრებულოს თავმჯდომარის ტელეფონმა დარეკა.  არდემანაშვილმა ტელეფონს საკრებულოს სხდომაზევე უპასუხა. მისი პასუხებიდან გამომდინარე, იქ დამსწრე დეპუტატებსა და ჟურნალისტებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ საკრებულოს საქმიანობაში გარეშე პირი ერეოდა. ეს ეჭვები გააღრმავა არდემანაშვილის პასუხებმა იმ პირისადმი, ვინც მას ტელეფონით ესაუბრებოდა. ფაქტობრივად, საკრებულოს თავმჯდომარემ ირიბად საჯაროდ მოახდინა დემონსტრირება, რომ საკრებულოს გადაწყვეტილებებში პირველივე სხდომაზე ხდებოდა ჩარევა. ამით მან დეპუტატების მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად განამტკიცა, მათ შორის - ოპოზიციური კვოტით შესული საკრებულოს წევრებისაც. 

აი, ის ფრაზები, რაც ივანე არდემანიშვილმა წარმოთქვა ტელეფონზე საუბრისას (სატელეფონო ზარს პასუხობს, დამსწრეებს არ ესმის მეორე მხარის საუბარი): „მე მივიღე გადაწყვეტილება და წარვადგინე კანდიდატურა მოადგილის ვაკანსიაზე...“ „ეგეთი ლაპარაკი...“ „რატომ ვიხდი? რაზე ვიხდი?..“ მე ეს თანამდებობა, ერთი იცოდეთ, არაფრად!.. „მე გითხარით ჩემი გადაწყვეტილება. შევეწირები თუ არ შევეწირები, ეგ დროის საკითხია!..“

საკრებულოს თავმჯდომარის პასუხებიდან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ ჩვენთვის უცნობი პიროვნება ტელეფონით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის შეცვლას მოითხოვდა. თუმცა, არდევანიშვილმა გადაწყვეტილება არ შეცვალა და მის მოადგილედ ფარული კენჭისყრით ჯუმბერ შუბითიძის კანდიდატურას ეყარა კენჭი. ფარულ კენჭისყრაში პროტესტის ნიშნად სამმა დეპუტატმა არ მიიღო მონაწილეობა. 27-მა წევრმა კი შუბითიძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. 

კენჭისყრის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

„მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პოლიტიკურად სხვადასხვა პლატფორმაზე ვიდგეთ, მე მჯერა, რომ ყველა ჩვენთაგანს  გვინდა ქარელის რაიონის კეთილდღეობა და ქარელის რაიონის მოსახლეობის წინსვლა“, - აღნიშნა ივანე არდემანიშვილმა თავის სიტყვაში და საკრებულოს წევრებს მადლობა გადაუხადა ნდობისათვის.

ჯუმბერ შუბითიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე: „პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გულწფელად მადლობას გიხდით. მე ასე ვთვლი, რომ ეს დიდი ვალდებულებაა ჩემს წინაშე და თქვენს წინაშე და კაცი როცა მავალებს რაღაც გავაკეთო რაიონისთვის თუ მოსახლეობისთვის, მე თუ ამაზე უარს ვიტყვი, მაშინ არც ჩემი ნდობა არ უნდა გქონდეთ“.

შუბითიძის სიტყვით გამოსვლისას საკრებულოს თავჯდომარემ სხდომათა დარბაზი დატოვა. იგი ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზაზა გულიაშვილს შეხვდა და მოგვიანებით ისევ  დარბაზში დაბრუნდა. სავარაუდოდ, საკრებულოს თავმჯდომარესა და გამგებელს შორის საუბარი სატელეფონო ზარს ეხებოდა. საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ ქარელის  მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა ქარელი დატოვა და სავარაუდოდ,  შიდა ქართლის გუბერნატორთან შესახვედრად გორში გაემგზავრა. 

მოგვიანებით  გულიაშვილმა ეს ინფორმაცია ჟურნალიტებთან საუბარში არ დადასტურა. ასევე განაცხადა, რომ საქმის კურში არ არის საკრებულოს თავმჯდომარესთან განხორციელებულ სატელეფონო ზართან დაკავშირებითაც.

ზაზა გულიაშვილი ქარელის გამგებელი: „ახლა ეს ინფორმაციები საიდან გავრცელდა და როგორ გავრცელდა, არ ვიცი, მაგრამ მე შესვენებაზე ვიყავი გასული და მოვედი. გუბერნიაში ვიყავი თუ სად ვიყავი, ეს ჩემი პირადი საქმეა. ეს უნდა კითხო საკრებულოს თავჯდომარეს - თუ ვინმემ დაურეკა, თუ ვინმემ რამე უთხრა, თუ ვინმემ რამე ზეწოლა მოახდინა მასზე. მე საერთოდ არაფერი არ ვიცი. მე მქონდა თათბირი ჩემს რწმუნებულებთან და სამსახურის უფროსებთან და იქ სხდომა მიმდიოდა ჩვეულებრივი მიმართულებით.“

საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომის დამთავრების შემდეგაც არ დაასახელა თუ ვინ დაურეკა მას ტელეფონით საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას.

ერთ-ერთი ვერსიით, საკრებულოს თავმჯდომარეს მოადგილის თანამდებობაზე ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე, ნათია გოჩაშვილი უნდა დაესახელებინა. თუმცა, არდემანაშვილმა შეთანხმება დაარღვია და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, ნათია გოჩაშვილის ნაცვლად მოდგილედ ჯუბერ შუბითიძის კანდიდატურა წამოაყენა. შეთანხმების დაღვევამ სამი დეპუტატის პროტესტი გამოიწვია, რომლებმაც შუბითიძის დასახელების შემდეგ, აღარ მიიღიეს ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა. პიროვნება, რომელმაც საკრებულოს თავმჯდომარეს დაურეკა, მოადგილის კანდიდატურის შეცვლას სთხოვდა. 

საინტერესოა, რომ საკრებულოს წევრმა ნათია გოჩაშვილმა, მას შემდეგ, რაც თავმჯდომარემ  მოადგილის კანდიდატურაზე  შუბითიძე წამოაყენა, სხდომა პროტესტის ნიშნად,  უკომენტაროდ დატოვა.

ხმაურიანი საკრებულოს სხდომის შემდეგ კულაურებში დაიწყეს საუბრები „ნაციონალებიდან“ „ოცნებაში“  „გადაპორტირებულ“  წევრებზე და მათ შორის - საკრებულოს თავმჯდომარეზეც, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი „შემწირველი“ იყო. ივანე არდემანიშვილმა 2012 წლის 12 ივნისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყულაბას  25 000 ლარი შემატა.

ახალი ამბები