კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტში სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშის განხილვა დაიწყო

21 ივლისი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, იმერეთი

საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშის განხილვა   ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დაიწყო. სქელტანიან დოკუმენტში თითქმის ყველა გახმაურებული საქმეა ასახული, რომლის ეფექტური გამოძიებისთვის ომბუდსმენი დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნას და  ობიექტურ მოკვლევას ითხოვს. 

პირველი საკომიტეტო მოსმენა 17 ივლისს საკმაოდ მწვავე ვითარებაში, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა. 

მთავარი პრუკურატურა, სასჯელაღსრულების, იუსტიციის, შინაგან საქმეთა,  ჯანდაცვის, განათლების, ბუნებრივი რესურსებისა და დევნილთა სამინისტროები - ეს ის უწყებებია, რომლებიც სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის ანგარიშში მოხვდა. თუმცა, რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი მაინც ძალოვანი უწყებებისთვის გაიცა. 

ანგარიშის მოსმენის შემდეგ სხვადასხვა სამინისტროების პირველმა პირებმა უშუალოდ იმ საკითხებზე გააკეთეს კომენტარები, რაზეც სახალხო დამცველმა თავის მოხსენებაში გაამახვილა ყურადღება. პროკურატურის წარმომადგენელთა სხდომაზე არყოფნა კი არა მარტო საპარლამენტო ოპოზიციის, არამედ მმართველი გუნდის კრიტიკის მიზეზიც გახდა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენლების ყოფნის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა.   

„შეხვედრა საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. რაც შეეხება პროკურატურას, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ამ უწყებიდან უკვე იყვნენ პარლამენტში საკომიტეტო განხილვაზე, ამჯერად კი დეტალური ინფორმაცია გამოაგზავნეს“, - განმარტა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ. 

ლაფანყურის, მამუკა მიქაუტაძის, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის, მაღალჩინოსნების, ასევე, მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა დაკავების,   ე.წ. „ტრაქტორების“ საქმეები - ეს ის თემებია, რომლის ეფექტური და დროული გამოძიებისთვისაც უჩა ნანუაშვილი დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნას და საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

რაც შეეხება ლაფანყურის საქმეს, ბესელიას განმარტებით, ეს ის საკითხია, რომელიც აქტუალობას არ კარგავს და კვლავ დღის წესრიგში დგას: „საკანონმდებლო ხელისუფლებამ პროკურატურასთან ერთად უნდა იმუშაოს (რასაც აპირებს კიდეც) და გადაწყვიტოს, თუ ვინ, რომელმა უწყებამ გამოიძიოს ეს საქმე. ვის დაქვემდებარებაში უნდა იყოს გამოძიება -  შს სამინისტროსა თუ მთავარი პროკურაურის. სახალხო დამცველის რეკომენდაციით, საქმე კვლავ პროკურატურაში უნდა წარიმართოს, ყოველგვარი მიკერძოებისა და გაწელილი ვადების გარეშე.

„იყო საუბარი დარღვევებზე, ადამიანების უფლებების ხელყოფაზე, წინასწარ დაკავებებსა და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე, მაგრამ სახალხო დამცველის მხრიდან არაფერი თქმულა პოლიტიკურ მოტივაციებზე. რატომღაც ის ამის შესახებ არაფერს ამბობს. ვერ არის საკმარისად თამამი“, - ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი. 

მაშინ, როცა საპარლამენტო ოპოზიცია კრიტიკულად აფასებს სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვას პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მიაჩნიათ, რომ ქართული პარლამენტის ცხოვრებაში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი მკვიდრდება.  

„ჩვენ შევცვალეთ ის ცუდი პრაქტიკა, რაც წლების განმავლობაში არსებობდა. ეს იყო შემთხვევა, როცა ომბუდსმენი საკმაოდ სქელტანიან ანგარიშში აღნიშნავდა, თუ როგორ აწამებდნენ და ლახავდნენ ციხეებში პატიმართა უფლებებს, ხოლო წინა მოწვევების პარლამენტი ამაზე დუმდა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ არც ერთი მინისტრი და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები არასოდეს ანგარიშის განხილვას არ ესწრებოდნენ. დღეს ჩვენ აბსოლუტურად სხვა სურათი გვაქვს. ეს პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიდის. გარდა ამისა, ჩვენ შევიმუშავეთ დადგენილების პროექტი, სადაც რეკომენდაციების დიდი ნაწილი გაზიარებული იქნება“, - აცხადებს ეკა ბესელია.

სახალხო დამცველის ანგარიშისა და შესაბამისად, რეკომენდაციების მოსმენა კვლავ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გაგრძელდება და საბოლოოდ, შესაბამისი დადგენილების შემუშავებით დასრულდება. დადგენილებას კი, როგორც ირკვევა, პარლამენტი  კენჭს მოგვიანებით უყრის.

ახალი ამბები