კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება 19 ივლისს თბილისში სომხურ ეკლესიასთან მომხდარი ინციდენტის თაობაზე

28 ივლისი, 2014
 
არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა შეისწავლა 2014 წლის 19 ივლისს ქალაქ თბილისის სურბ ეჩმიაძინის ეკლესიასთან მომხდარი ინციდენტი. შესწავლის დროს ჯგუფმა გამოიკითხა დაზარალებული პირები და რამდენიმე თავდამსხმელი, ასევე შეაფასა ვიდეო მასალა, რომელიც კონფლიქტის ამსახველ ეპიზოდებს აღწერს. ინციდენტთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების პირველადი ანალიზის შედეგები აჩვენებს, რომ კონფლიქტის მიმდინარეობის დროს ჩანდა ეთნიკური სიძულვილის კონტექსტი, რაც ძირითადად ეთნიკური კუთვნილების გამო სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა. თუმცა, გამოვლენილი ძალადობის მიზეზებში ეთნიკური შუღლის ან მტრობის მოტივი არ დომინირებდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო მასალა და მოწმეთა ახსნა-განმარტებები აჩვენებს, რომ კერძო ხასიათის დავა, რომელიც შემდგომში მასშტაბურ აგრესიაში გადაიზარდა, უფრო მეტად ინციდენტში მონაწილე სომხური ეკლესიის ცალკეული წარმომადგენლებისკენ იყო მიმართული, ვიდრე ზოგადად ეკლესიის ან ეთნიკური ჯგუფის მიმართ. აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელთა შორის ასევე იყვნენ ეთნიკურად სომეხი წარმოშობის პირები.   

აღნიშნულის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების მანდატისა და რესურსების მასშტაბის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ საქმეზე სიმართლის დადგენის მიზნით მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა ორგანოებმა აწარმოონ ყოველმხრივი გამოძიება საქმეზე და მათ შორის გამოიკვლიონ ეთნიკური სიძულვილის გავლენა გამოვლენილ ჯგუფურ ძალადობაზე. საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს უზრუნველყონ დროული გამოძიების ჩატარება და მისი შედეგების გასაჯაროება. ამასთან, საზოგადოებაში არმენოფობიური განწყობებისა და 19 ივლისის ინციდენტის შემდეგ შექმნილი დაძაბული სოციალური გარემოს გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია პოლიციამ მიიღოს ეფექტური პრევენციული ღონისძიებები სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით.
 
მიგვაჩნია, რომ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე არასათანადო სამართლებრივი რეაგირების პრაქტიკა, რომელიც განსაკუთრებით მწვავედ ბოლო პერიოდში რელიგიური უმცირესობების მიმართ გამოვლენილი ძალადობრივი შემთხვევების დროს გამოჩნდა, საზოგადოებაში შეუწყნარებლური განწყობებისა და დამოკიდებულებების გაზრდას უწყობს ხელს და მომავალში, მან შესაძლოა რელიგიური და ეთნიკური ხასიათის კონფლიქტების რისკები გააჩინოს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ პროცესში სახელმწიფომ გაიაზროს  საკუთარი როლი და ადეკვატური სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებითა და ტოლერანტობისა და თანასწორობის მხარდაჭერი ოფიციალური განცხადებებით აჩვენოს მისი მზადყოფნა დემოკრატიული, უსაფრთხო და შემწყნარებლური პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფისთვის. ამ მიმართებით სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს არმენოფობიურ განწყობების დაძლევასა და მისგან მომდინარე რისკების პრევენციას.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI),

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC),

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA),

მედიის განვითარების ფონდი (MDF),

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI),

კონსტიტუციის 42-ე მუხლი,

იდენტობა,

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI),

აღმოსავლეთ პარტნიონორობის უმცირესობათა ქსელი ICICC,

უმცირესობათა უფლებების ჯგუფი MRG,

საქართველოს რეფორმების ასოციაცია  GRASS,

გენდერული თანასწორობის ქსელი (GEN),

კავშირი „საფარი“,

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია,

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები