კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამერიკელი სენატორებისადმი წერილში ღარიბაშვილი სააკაშვილის სისხლის სამართლებრივ დევნაზე წუხილებს პასუხობს

14 აგვისტო, 2014
 
სივილ ჯორჯია

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით ოთხი ამერიკელი სენატორისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მათ საქართველოში ჩამოსვლა შესთავაზა, რათა „უშუალოდ დაესწროთ საქმის მსვლელობას“ და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების მიერ ჩადენილი სავარაუდო სამართალდარღვევების გამოძიება არის იმ ძალისხმევის ნაწილი, რომელიც „მიმართულია დაუსჯელობის პოლიტიკის აღკვეთისაკენ“, რაც  „საქართველოს აქცევს უფრო ძლიერ ქვეყნად და მოკავშირედ“.

ღარიბაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ გამართულ საპარლამენტო მოსმენებზე ნაციონალური მოძრაობა გააკრიტიკა, როგორც „არაკონსტრუქციული“ და „არაჯანსაღი“, აღნიშნავს წერილში, რომ ის მზად არის იმუშავოს „ნებისმიერ ადამიანთან საქართველოში, რომელსაც შესწევს უნარი გაგვიწიოს კონსტრუქციული პარტნიორობა ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ“ და აცხადებს, რომ „ბევრი ამჟამინდელი პოლიტიკური და საკანონმდებლო გადაწყვეტილება მივიღეთ ოპოზიციის მნიშვნელოვანი თანამონაწილეობით“.

პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილისთვის 1 აგვისტოს გაგზავნილ წერილში სენატორებმა ჯონ მაკკეინმა, ჯიმ რიშმა, ჯიმ შაჰინმა და მარკო რუბიო განაცხადეს, რომ “შემაშფოთებელია“ საქართველოს მთავრობის „ძალისხმევა გაასამართლოს წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ისე, რომ პროცესი პოლიტიკასთან უფროა კავშირში, ვიდრე დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებთან“.

„მე გეთანხმებით..., რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ წაყენებული ბრალდებების პროცესი უნდა წარიმართოს ყოველგვარი ხარვეზის გარეშე და ყველა საქმე უნდა იქნეს გამოძიებული სამართლიანად, გამჭვირვალედ და მიუკერძოებელად“, – ნათქვამია პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილის 6 აგვისტოს საპასუხო წერილში ამერიკელი სენატორებისადმი. „მე მესმის და ვიზიარებ იმ მღელვარებას, რომ ეს ბრალდებები შეიძლება აღქმული იყოს, როგორც პოლიტიკური დევნა და ამან შეიძლება გავლენა იქონიოს საქართველოს შიდაპოლიტიკურ სტაბილურობასა და საგარეო ურთიერთობებზე“.

„მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, საჯარო მოხელის მიერ კანონდარღვევის შემთხვევაში, მისი პასუხისგებაში მიცემა იშვიათად ხდებოდა - ამას ბოლო უნდა მოეღოს და ჩვენ უნდა დავამკვიდროთ უფრო მაღალი სტანდარტი“, – წერს პრემიერ–მინისტრი და დასძენს: „მეც საჯაროდ განვაცხადე, რომ თუ თანამდებობაზე ყოფნისას ოდესმე დავარღვევ კანონს, მზად ვარ წავიდე ციხეში“.

ღარიბაშვილის თქმით, წარსულში ადამიანის უფლებათა დარღვევების გამოძიება ერთ–ერთი ის საკითხი იყო, რის გამოც მისი მთავრობა აირჩიეს და „ჩვენი ყოველგვარი ჩარევის გარეშე, მთავრობისგან დამოუკიდებელ პროკურატურას მიენიჭა უფლება გამოიძიოს წინა და ახლანდელი სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი მძიმე კანონდარღვევები“.

„მაშინ, როდესაც დამოუკიდებელი პროკურორი თავად განსაზღვრავს, რომელი საქმე აწარმოოს, ჩემი პოლიტიკური ჩარევა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების საქმეში, სრულიად გააუფასურებდა იმ გამოცდილებას, რომელიც ჩვენ გვინდა გავუზიაროთ ქართველ ხალხს - არავინ არ დგას კანონზე მაღლა და ჩვენი მზარდი სასამართლო სისტემა არ გადაიქცევა ადამიანთა მცირე ჯგუფის ინტერესების დამცველად“, – ნათქვამია პრემიერ–მინისტრის წერილში, რომელიც 11 აგვისტოს გამოქვეყნდა.

„გულწრფელად გთხოვთ, თვალყური მიადევნოთ ამ სასამართლო პროცესებს და ჩამობრძანდეთ საქართველოში, რათა უშუალოდ დაესწროთ საქმის მსვლელობას. მე მოგიწოდებთ, შეისწავლოთ მიმდინარე სასამართლო პროცესები, რომლებმაც აქამდე საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან მაღალი შეფასება მიიღეს, რათა თავად დარწმუნდეთ, რომ ბრალდებულთა სასამართლომ კანონის დაცვით ჩაიარა. პროკურორმა უნდა მოახერხოს საქმის სამართლიანად წარმოება და დამაჯერებელი მტკიცებულებების წარდგენა. და თუ ის ამას ვერ შესძლებს, ბრალდებული გამართლდება“, – ნათქვამია წერილში.

„ჩვენ პასუხს ვაგებთ ქართველი ხალხის წინაშე იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ქართული სახელმწიფოს წინსვლა კონსოლიდირებული დემოკრატიის შენების შეუქცევად გზაზე, რაც მიუღწევადია, თუ არ ვაღიარებთ იმას, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა. ჩვენ გვჯერა იმის, რომ დრო გვიჩვენებს - ჩვენი ძალისხმევა მიმართული დაუსჯელობის პოლიტიკის აღკვეთისაკენ საქართველოს აქცევს უფრო ძლიერ ქვეყნად და მოკავშირედ“, – ნათქვამია წერილში.

წერილში ღარიბაშვილი ასევე ადასტურებს საქართველოს პრო–დასავლურ საგარეო პოლიტიკურ კურსს და ამბობს, რომ საქართველო არ აპირებს „ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ხელს შეუშლის ჩვენს მისწრაფებებს“.

„ჩვენი სვლა ამ გზაზე დაკავშირებულია ბევრ ხიფათთან - ჩვენი ქვეყნის ნაწილი უკანონოდ აქვს ოკუპირებული რუსეთს და სულ ახლახანს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის გამო, მათ გაგვიუქმეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება“, – წერს ღარიბაშვილი.

„ ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებული სასამართლო პროცესი უფრო გააღრმავებს ჩვენს წინსვლას დემოკრატიისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – ნათქვამია წერილში. „თქვენთან და ჩვენს სხვა დასავლელ პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე სახელმწიფოს, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებითა და დინამიური ეკონომიკით. ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა გადამწყვეტია იმისათვის, რომ საქართველოში გამჭვირვალე და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა მოქმედებდეს“.

ახალი ამბები