კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იუსტიციის სამინისტრო უცხოელებისა და საქართველოს მოქალაქეთა ოჯახური მთლიანობის წინააღმდეგ

15 აგვისტო, 2014
 
კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დაუსაბუთებელ ცნობებს სასამართლოც იზიარებს

გიორგი რობაქიძე

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს მოქალაქეთა უცხოელ მეუღლეებს საქართველოში ცხოვრების დროებით უფლებას არ აძლევს. სააგენტოს უარი განპირობებულია კონტრდაზვერვის დეპარტამენტის „დასკვნით“. იმის მიუხედავად, რომ კონტრდაზვერვის დოკუმენტში მოცემული უარყოფითი დასკვნა დასაბუთებული არ არის, იუსტიციის სამინისტროც და სასამართლოც ამ დოკუმენტს მაინც ეყრდნობიან და გამოაქვთ გადაწყვეტილება, რომელიც ფაქტობრივად, იწვევს საქართველოს მოქალაქეთა ოჯახების დანგრევას.

ჩვენი სტატია შეეხება ოჯახურ ისტორიას. რა უნდა ქნას ოჯახმა, რომლის უცხოელ წევრს სახელმწიფო ბინადრობის უფლებას არ აძლევს, ან ბავშვმა, რომელსაც არც დედასთან უნდა განშორება და არც მამასთან? მარეხ ჯიშიაშვილის ოჯახის ისტორია, რომლის მაგალითზეც უნდა შევეხოთ მთავარ პრობლემას, 13 წლის წინათ ეგვიპტეში დაიწყო.

მარეხ ჯიშიაშვილი: „ეგვიპტეში მაშინ ტურისტად ჩავედი. იბრაჰიმი იმ სასტუმროს წინ ცხოვრობდა, სადაც მე ვისვენებდი. ერთმანეთს მაშინვე გავუგეთ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მასთან მიწერ-მოწერა მქონდა. დაქორწინებაც მალე გადავწყვიტეთ. ჩვენი შვილი უკვე 11 წლისაა. იგი ეგვიპტეში დაიბადა. თავიდან ეგვიპტეში ვცხოვრობდით. ორი წელია, რაც საქართველოში ჩამოვედით“.

– თქვენ საქართველოს მოქალაქე ხართ?

– კი. ეგვიპტის მოქალაქეობა როცა მივიღე, მეც და ჩემს შვილსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. მერე, როცა მე მოქალაქეობა დავიბრუნე, ბავშვს იუსტიციის სამინისტრომ მოქალაქეობაზე უარი უთხრა. 

– საქართველოში დაბრუნება რატომ გადაწყვიტეთ?

– ყველა აქ მყავს - დედა, და, ნათესავები... დედა უკვე მოხუცია და გადავწყვიტეთ, მასთან ერთად ვიყოთ. ჩემი შვილი, სამირიც ქართულ სკოლაში შევიყვანეთ. 

– ბავშვს აქვს ბინადრობის უფლება?

– თავიდან უარი უთხრეს ორივეს – შვილზეც და ქმარსაც. მერე სამირს მისცეს ბინადრობის უფლება, მაგრამ იბრაჰიმს კიდევ უარს ეუბნებიან. თავის დროზე, მე ეგვიპტეში უპრობლემოდ მომცეს მოქალაქეობა და რატომ იქმნება აქ ასეთი პრობლემები ბინადრობაზე, აბსოლუტურად გაუგებარია. ახლა უკვე მეორედ გვაქვს საქმე სასამართლოში.

– უარს რის საფუძველზე გეუბნებიან?

– კონტრდაზვერვიდან გაგზავნილი ცნობის გამო...

ბიუროკრატიული საფეხურები 

თავიდან ოჯახმა იბრაჰიმის საქართველოში დროებითი ბინადრობის თხოვნით შეიტანა განცხადება იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. იქიდან მიიღო პასუხი: „განცხადების განხილვისას დადგინდა, რომ იბრაჰიმ მუჰამედ იამანი აბდელგავადის მიმართ არსებობს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძველი“. 

კიანონის მითითებულ ნორმაში ვკითხულობთ, რომ უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს კომპეტენტური ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. კომპეტენტური ორგანო კი ამ შემთხვევაში კონტრდაზვერვის დეპარტამენტია, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში ერთი წინადადებით წყვეტს ოჯახის ბედს – „კონტრდაზვერვის დეპარტამენტს საქმეში მითითებული პირისთვის მუდმივი ბინადრობის მინიჭების უფლება მიზანშეუწონლად მიაჩნია“. მსგავს წინადადებას თან, როგორც წესი, არგუმენტები არ ახლავს. თუმცა, ამ ფაქტს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არავითარ ყურადღეას არ აქცევს და უცხოელ მოქალაქეებს საქართველოში დროებით ცხოვრებაზე უარს ეუბნება. 

იუსტიციის სამინისტროს ეს გადაწყვეტილება იბრაჰიმ მუჰამედ იამანი აბდელგავადმა სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ იქაც მოსამართლე ვერ შეეწინააღმდეგა კონტრდაზვერვის დაუსაბუთებელ ინფორმაციას. ოჯახმა გადაწყვიტა, სამართლებრივი ბრძოლა გაეგრძელებინა და კიდევ ერთხელ ეცადა ბედი. ამჯერად, იბრაჰიმისთვის საქართველოში მუდმივი ბინადრობის თხოვნით შეიტანა განცხადება. იუსტიციის სამინისტროსგან იგივე პასუხი მიიღო. გადაწყვეტილება კვლავ გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა სარჩელი, ისევ და ისევ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის „დასკვნის“ გამო. საქმე ამჟამად სააპელაციო სასამართლოშია.

იბრაჰიმ იამანი აბდელგავადი: „ჩემთვის უფრო კომფორტული ჩემს ქვეყანაში ცხოვრება იქნებოდა. იქ კარგი სამსახურიც მქონდა. ერთ-ერთ სერიოზულ კომპანიაში ვმუშაობდი მენეჯერად. თუმცა, დაოჯახების მერე მარეხს საქართველოში მამა გარდაეცვალა. ეს მან ძალიან განიცადა. დედაც უკვე მოხუცია, თან - მძიმე ავადმყოფი. იგივე რომ განმეორებულიყო, მარეხი ვერ გადაიტანდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩამოვსულიყავით და მის დედასთან ერთად გაგვეტარებინა ეს წლები. მერე, რა თქმა უნდა, ისევ ვგეგმავთ დაბრუნებას“. 

მარეხ ჯიშიაშვილი: „დედას სიცოცხლე და ჯანმრთელობა ფინანსურად ჩვენზეა დამოკიდებული. მეუღლეს წასვლა რომ მოუწიოს, არჩევანის წინაშე ვდგები – ან დედა უნდა გავწირო, ან ჩემი ოჯახი. ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის რომელიღაც ჩინოვნიკს მონაცემების ჯეროვნად გადამოწმება ეზარება და სიტუაციიდან მარტივი გამოსავალს პოულობს – ერთი ხელის მოსმით ეუბნება უარს იბრაჰიმს საქართველოში დროებით ცხოვრებაზე“.

სამეულის დისკრიმინაციული ვერდიქტი

მარეხისა და იბრაჰიმის ოჯახი გამონაკლისი არ არის. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაში კიდევ ორი მსგავსი საქმეა.

ალეკო ცქიტიშვილი, ადამიანის უფლებების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი: „ასეთი ადამიანებისთვის ყოველთვის პრობლემა იყო ბინადრობის უფლების მიცემა. წინა ხელისუფლების პირობებშიც გვქონდა მსგავსი საქმეები წარმოებაში. თუმცა, ამ უკანასკნელ ხანს მასშტაბები თვალშისაცემად გაიზარდა. აშკარად ჩანს, როგორ სახელმწიფო უფრო ხისტ პოლიტიკას მიმართავს. წინა ხელისუფლება უცხოელ ბიზნესმენებს საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის ყველა პირობას ჰპირდებოდა. ამ დაპირებამ ყველაზე მეტად ინდოეთის, ეგვიპტის, არაბეთის, პაკისტანისა და აფრიკისა და აზიის ზოგიერთი სხვა ქვეყნის მოქალაქეები დააინტერესა. ჩამოვიდნენ, იყიდეს მიწები და დაიწყეს მუშაობა. ხშირ შემთხვევაში, მუშახელი ქართველები არ იყვნენ და ამან ადგილობრივების გარკვეული გულისწყრომა გამოიწვია. უცხოელებზე მიწების მიყიდვა მასობრივ და ქაოსურ ხასიათს იძენდა. საქართველოს მოქალაქეები უკვე ვერ არკვევდნენ, რატომ იყიდებოდა, ვთქვათ, მათი საძოვრები. შეიცვალა ხელისუფლება და ახლა სახელმწიფო მეორე უკიდურესობაში გადავარდა. დაიწყო ასეთი ინვესტორების შევიწროება. ზოგიერთ შემთხვევაში, მათ ჩამოერთვათ მიწები. გახშირდა კონფლიქტები ადგილობრივებ გლეხებთან. გაიზარდა ქსენოფობიური დამოკიდებულებები, თითქოს ინდოელები და ჩინელები მოდიან იმისათვის, რომ საქართველოს მიწა ზურგზე მოიკიდონ და თავიანთ ქვეყანაში წაიღონ. ამავე დროს, შეიზღუდა ე. წ. მესამე რანგის ქვეყნებიდან მოქალაქეების მიღება. როგორც ჩანს, სახელისუფლებო კულუარებში გადაწყდა, რომ მკვეთრად შეიზღუდოს უცხოელებისთვის ბინადრობის უფლების მიცემა. 

ნესტან ლონდარიძე, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, იბრაჰიმ იამანი აბდელგავადის ადვოკატი: „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი, რასაც ხშირად იშველიებს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, ერთგვარი შაბლონი გახდა ასეთი უარისთვის. ბინადრობაზე უარი უნდა ეთქვას ადამიანს, თუკი იგი არის ძებნილი ან ნასამართლევი ან ტერორისტული ორგანიზაციის წევრი ან მას არა აქვს დასაბუთებული შემოსავალი, რითაც სახელმწიფოს მისცემს გარანტიას, რომ აქ საქურდლად და სამათხოვროდ არ მოდის. 

იბრაჰიმის შემთხვევას რომ შევეხოთ, იგი არც ძებნილია, არც ტერორისტი და არც ნასამართლევი ყოფილა თავის ქვეყანაში. მისი მეუღლე არის საქართველოს მოქალაქე, რომელთანაც ჰყავს საერთო შვილი. ეს ბავშვი დადის ქართულ სკოლაში. ფაქტობრივად, ჩვენი სახელმწიფო აიძულებს თავის მოქალაქეს - მარეხ ჯიშიაშვილს, რომ დაანგრიოს ოჯახი, ანუ მამა უნდა წავიდეს თავის ქვეყანაში და დედა და შვილი დატოვოს საქართველოში. ასეთი რამ, ალბათ, ყველაზე არადემოკრატიულ ქვეყანაშიც არ ხდება. ეს არის ოჯახის ერთიანობის დანგრევა. ოჯახის ერთიანობა კი ძალიან სენსიტიური თემაა და არავის აქვს უფლება, ასე უხეშად ჩაერიოს მოქალაქის პირად ცხოვრებაშო. მით უმეტეს, ასეთ შემთხვევებზე უკვე არსებობს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები (მაგალითად, საქმეზე - იუსუფ ქარასი რუმინეთის წინააღმდეგ), როცა სასამართლომ სახელმწიფო პირდაპირ დაავალდებულა, დაეცვა ოჯახის ერთიანობა. შესაბამისად, ჩვენს სასამართლოსაც აქვს ვალდებულება, რომ ეს გაითვალისწინოს“. 

ალეკო ცქიტიშვილი: „ჩვენს შემთხვევაში, ყველაფერი ჯაჭვური რეაქციით ხდება: პირველ რიგში, დამრღვევად გვევლინება იუსტიციის სამინისტრო, რომელიც, რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, დისკრიმინაციის შესახებ კანონის ინიციატორია. იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია, ობიექტურად შეისწავლოს უცხოელის ესა თუ ის განცხადება და გასცეს ობიექტური პასუხი. ის კი ავტომატურად ეყრდნობა კონტრდაზვერვის დაუსაბუთებელ „დასკვნას“ და დაუსაბუთებელ უარს ეუბნება უცხოელ მოქალაქეს საქართველოში დროებით ცხოვრებაზე. ასეთი შემთხვევებით იუსტიციის სამინისტრო თავად მიმართავს დისკრიმინაციის პოლიტიკას და პირველ რიგში, ეს პოლიტიკა მიმართულია საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. თანაც, საინტერესოა, რომ ძირითადად, საქართველოს მოქალაქე ქალბატონები არიან იუსტიციის სამინისტროს და კონტრდაზვერვის მსხვერპლნი. ანუ სახეზე გვაქვს დისკრიმინაციის ორი ფორმა - ეთნიკური და გენდერული.

– ანუ ასეთი პრობლემები არ ექმნებათ უცხოელებს, რომლებსაც ქმრები ჰყავთ საქართველოს მოქალაქეები?

– ასეთი შემთხვევა ჯერ არ გვქონია და არც გვსმენია. როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე მამაკაცებს, რომლებმაც უცხოელები მოიყვანეს ცოლად, მსგავსი პრობლემა არ ექმნებათ. ალბათ, იმიტომ, რომ მათი შვილი ქართული გვარის გამგრძელებელია და ამ გზით, სტერეოტიპული შეხედულებით, „ქართველი ერის გენოფონდს საფრთხე არ ემუქრება“.

- ასეთი პრობლემა ასევე, არა აქვთ ევროპელებსა და ამერიკელებს...

– სწორედ ეს არის პრობლემა, რომ ჩვენი სახელმწიფო ახარისხებს ადამიანებს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ იუსტიციის სამინისტრო არის პირველი კანონდამრღვევი, რამდენადაც მისი კომპეტენციაა ამ ნებართვების გაცემა. მის მიერ გამოცემული ყველა ადმინისტრაციული აქტი უნდა იყოს დასაბუთებული. მე საშუალება მომეცა, რომ ამ პრობლემის შესახებ უშუალოდ მინისტრისთვის, თეა წულუკიანისთვის დამესვა კითხვა ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვისას, ერთ-ერთ შეხვედრაზე. ჩემდა გასაკვირად, მან თქვა, რომ იუსტიციის სამინისტრო არაფერ შუაშია და ის ეყრდნობა კონტრდაზვერვის ინფორმაციას. გამოდის, რომ იუსტიციის სამინისტრო რეალურად არ სწავლობს განაცხადს და ბრმად ეყრდნობა კონტრდაზვერვის ინფორმაციას. შესაბამისად, კიდევ ერთი დამნაშავე ამ უკანონობაში არის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, სადად ძაღლის თავი არის დამარხული. ცხადია, მისი გადაწყვეტილებაც დასაბუთებული უნდა იყოს, მაგრამ ამის ნაცვლად იგი გასცემს ფარატინა ფურცელს, სადაც ყოვლად დაუსაბუთებლად გამოაქვს განაჩენი საქართველოს მოქალაქეებისთვის და აიძულებს მათ, დაანგრიონ ოჯახები. ეს კი ძალიან შეურაცხმყოფელია ისეთი ადამიანებისთვის, როგორიც არის იბრაჰიმ იამანი აბდელგავადი. ეს ადამიანი ჩამოვიდა საქართველოში საქმის გასაკეთებლად, დააბანდა თანხა მცირე ბიზნესში, კაფე გახსნა, სახელმწიფო ბიუჯეტში იხდის გადასახადებს და ეწევა აბსოლუტურად მშვიდობიან ცხოვრებას. ახლა კი ეუბნებიან, რომ წავიდეს თავის ქვეყანაში. ხოლო თუკი ცოლ-შვილი ვერ ახერხებს, მას გაჰყვეს, გამოდის, რომ ოჯახი უნდა დაინგრეს. სახელმწიფო პოლიტიკის რანგში რომ არის ეს გადაწყვეტილება აყვანილი, იქიდანაც ჩანს, რომ კონტრდაზვერვის ინფორმაციას ბრმად ეყრდნობა სასამართლო. შესაბამისად, ისიც ჩართულია ამ უკანონობაში... ანუ, ეს სამეული („ტროიკა“) - იუსტიციის სამინისტრო, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი და სასამართლო ასე მარტივად და დაუსაბუთებლად ანგრევს საქართველოს მოქალაქეთა ოჯახებს“.

ახალი ამბები