კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეთიკის ქარტიის საბჭოს შეფასებით, „მოამბეში“ გასული ინფორმაცია დისკრიმინაციულია

19 აგვისტო, 2014
 
media.ge

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს შეფასებით, მთავარი საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ ეთერში (საზოგადოებრივი მაუწუყებელი) 6 აგვისტოს გასული ინფორმაცია, სადაც საუბარია მშობლების დაუდევრობით ჩვილის  სიკვდილზე, დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსს, ასევე  მაუწყებელთა ქცევის კოდექსს.

„მოამბეში“ ხაზი გაესვა კანზასის შტატში (აშშ) მცხოვრები ოჯახურ წყვილის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას, რომელსაც 10 თვის გოგონა  30-გრადუსიან სიცხეში  მანქანაში დარჩა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 8 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს,  რომ ამ ინფორმაციის გადაცემისას მაუწყებელმა გარკვეული აქცენტებისა და ინტერპრეტაციის გამო მას დისკრიმინაციული ხასიათი შესძინა.  

საბჭოს განცხადებით,  „მოამბის“ ეთერში გასულ  გრაფიკაშივე, რომელიც, უცხოეთის მედიიდან იყო აღებული, „ნათლად იკითხება, რომ ინფორმაციის წყარო უბედური შემთხვევის მიზეზად უბრალოდ მამაკაცს ასახელებს და არ უსვამს ხაზს მის სექსუალურ ორიენტაციას“.

„მეტიც, მთლიან ტექსტშიც კი არსადაა საგანგებო მითითება, რომ წყვილი ჰომოსექსუალია. პირველი არხი კი სწორედ ორიენტაციაზე მიუთითებს, რითიც ქმნის განწყობას, თითქოს ტრაგედიის მიზეზი სწორედ წყვილის ორიენტაციაა“, -აცხადებს საბჭო, რომელიც შენიშნავს, რომ „მოამბემ“ მხოლოდ იმ უბედურ შემთხვევას გაუსვა ხაზი, რომელიც ჰომოსექსუალ წყვილს შეემთხვა, მაშინ როცა, 2013 წელს აშშ-ში მშობლების მიერ მანქანაში დატოვებული 40 ზე მეტი ბავშვი გარდაიცვალა.  2014 წელს ეს რიცხვი უკვე 21-ია.

საბჭოს აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ინფორმაციის ამ ფორმით გადაცემა არღვევს როგორც მაუწყებელთა ქცევის კოდექსს, ისე თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსს – „მასში არ არის დაცული ჯეროვანი სიზუსტე და ამავე დროს ის დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს“.

აქვე მოყვანილია საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის შესაბამისი მუხლი:

მუხლი: 15.9 – სექსუალური უმცირესობები

„ჰომოსექსუალები ხშირად შეურაცხმყოფელი სტერეოტიპების მსხვერპლნი ხდებიან. ჰომოსექსუალები და ბისექსუალები უმცირესობას შეადგენენ და გადაცემის ავტორებს უნდა ახსოვდეთ, რომ ისინიც, სხვების მსგავსად, საზოგადოების ნაწილს წარმოადგენენ.

გადაცემაში ჰომოსექსუალის სექსუალური ორიენტაცია აღნიშნეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს თემას უშუალოდ უკავშირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დაარღვევთ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და ხელს შეუწყობთ სტერეოტიპის გაძლიერებას“.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, მუხლი 33. სახელმძღვანელო რეკომენდაციები მაუწყებლის  მიერ მრავალფეროვნების, თანასწორობის და ტოლერანტობის პრინციპების დაცვის შესახებ:

1. მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს ეთნიკურ ან რელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას, მათ შორის ცალკეული პიროვნებების საქმიანობის ასოცირებას მთელ ჯგუფთან.

2. მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს უმცირესობების და სოციალური პრობლემების შესახებ არასწორი და შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებას, ხელი არ უნდა შეუწყოს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას, აუცილებლობის გარეშე არ უნდა აღნიშნოს პირის ეთნიკური წარმოშობა და რელიგიური მრწამსი.

ქარტიის საბჭო მიმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის „მოამბის“ რედაქციას, ყურადღებით და სიფრთხილით მოეკიდოს როგორც მსგავს თემებში ადამიანების რელიგიური, ეთნიკური ან სექსუალური კუთვნილების აღნიშვნას, ისე მთლიანად უმცირესობების გაშუქებას და სთხოვს, აღნიშნული ვიდეოფრგამენტი აიღოს ოფიციალური ვებგვერდიდან და სხვა ოფიციალური ინტერნეტ წყაროებიდან.

ახალი ამბები