კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოქალაქის თქმით, მას პოლიციის განყოფილებაში ცემეს

10 ოქტომბერი, 2014
 
ნინო ახობაძე                                                                                                                                                                                                  
8 ოქტომბერს  ადამიანის უფლებათა ცენტრმა, „კონსტიტუციის 42–ე მუხლმა“ და „საზოგადოებრივმა დამცველმა“ ვაკე–საბურთალოს რაიონის პოლიციის მე–2 განყოფილებაში გიორგი ცომაიას ცემის ფაქტზე ექსპერტიზების დასკვნები წარმოადგინეს.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ გიორგი ცომაიას მაისურზე ჩატარებული  ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია: „გიორგი ცომაიას მაისურზე, ფრაგმენტულად გამოსახულია მოშავო ფერის კვალი (ანაბეჭდი), რომელიც ფორმისა და კონტურის მიხედვით ემსგავსება ფეხსაცმლის ლანჩას.“

ცომაიას განცხადებით, მას 14 აგვისტოს, შუაღამისას ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის მე-2 გაყოფილებაში სცემეს. ცომაიამ პოლიციის განყოფილებას თავად მიაკითხა, და მორიგე პოლიციელს თხოვა წინა ნასამართლეობის დროს პოლიციის მიერ ჩამორთმეული მობილური ტელეფონის დაბრუნებაში. 

როგორც ცომაია თავად აღწერს, პოლიციის შენობაში მყოფმა მამაკაცმა უხეშად მიმართა გიორგი ცომაიას, უწოდა მას „ლაწირაკი“ და ჰკითხა, რატომ მიაკითხა პოლიციას ღამის საათებში.  ცომაიას თქმით,  მას პოლიციის შენობაშივე სცემა 11-მა ადამიანმა  (სავარაუდოდ პოლიციელებმა).  

ცომაია იმავე ღამეს დააკავეს და გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში. 

გიორგი ცომაიას ბრალი წარედგინა პოლიციაზე თავდასხმის მუხლით და აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ამავე საქმეში ფიგურირებს ცივი იარაღი - დანა და ბრალდების მხარის მტკიცებით, ცომაიამ პოლიციაზე თავდასხმისას სწორედ ეს დანა გამოიყენა.  ლევან სამხარაულის ბიუროს მიერ დანაზე ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ცომაიას ანაბეჭდები იარაღზე არ ფიქსირდება: „დანაზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეული ტიპისაა და ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთზე მეტ პირს. გიორგი ცომაიას გენეტიკური თანამონაწილეობა გამოირიცხება.“

ამავე დასკვნის მიხედვით, „გიორგი ცომაიას აღენიშნება დაზიანებები, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი–ბლაგვი საგნის მოქმედებით“.

გიორგი ცომაიას ინტერესებს კერძო ადვოკატთან ერთად, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი თამარ ავალიანი იცავს: „სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან ჩვენ სამი დასკვნა მივიღეთ. როგორც კი მივიღეთ ახალი მტკიცებულებები, მივმართეთ გამოძიებას და ეს სამივე დასკვნა გადავეცით მათ. განცხადებითაც მივმართეთ, რათა დაიწყოს გამოძიება და დაისაჯოს დამნაშავე პირები, სავარაუდოდ, პოლიციის თანამსრომლები. ეს გამოძიების დასდგენია, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, 14 აგვისტოს ღამით პოლიციის შენობაში პოლიციის თანამშრომლების გარდა კიდევ სხვა ყოფილიყო. დღეს გიორგი ცომაია იმყოფება #8 სასჯელაღსეულების დაწესებულებაში და სასჯელს იხდის,როგორც ბრალდებული, თითქოს ერთი ადამიანი უიარაღოდ თავს დაესხა  პოლიციის შენობას და  შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის 11 თანამშრომელს, ამ ბრალდებას აბათილებს ექსპერტიზის ბიუროდან მიღებული დასკვნები.“

ალეკო ცქიტიშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენი მოთხოვნაა, რომ  ცომაიას ცემის ფაქტი იქნას შესწავლილი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიერ და დაისაჯონ მის ცემაში მონაწილე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. გიორგი ცომაიას ინტერესებს იცავს ადამიანის უფლებათა ცენტრი. ჩვენ მივმართეთ შესაბამის ორგანოებს, თუმცა არც პროკურატურისა და არც შინაგან სამინისტროსაგან არ არის ადეკვატური რეაქცია, თუ არ ჩავთვლით შ.ს.ს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კომენტარს, სადაც პირიქით, გიორგი ცომაია არის დადანაშაულებული“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, „საზოგადოებრივი დამცველი“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მოუწოდებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის ორგანოებს, სასწრაფოდ გამოიძიონ აღნიშნული საქმე, პასუხისგებაში მისცენ ყველა ის პირი, რომელიც  რაიმე ფორმით ჩართულნი იყვნენ ამ პროცესში. 

ნინო ელბაქიძე, „კონსტიტუციის 42–ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი: „კონსტიტუციის 42–ე მუხლი“ უერთდება არასამთავრებო ორგანიზაციებს და ცალსახად ითხოვს შესაბამისი ორგანოებისაგან ამ ფაქტზე გამოძიების დაწყებას, რათა გამოვლინდეს დამნაშავე პირები და შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროთ მათ.“

ახალი ამბები