კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შედუღებული კარი

3 ოქტომბერი, 2014
 
გიორგი ჯანელიძე, humanrighshouse.org 

თბილისში, ბორჯომის ქუჩაზე მდებარე მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის სამკურნალო-პედაგოგიური სკოლა-ბაღი 1994 წელს დაფუძნდა. სასწავლო დაწესებულების ვებ-გვერდის ცნობით, მისი მთავარი მისია არის ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარების პრობლემების მქონე ბავშვების, მოზარდებისა და ახალგაზრდების განათლების, აღზრდისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, რამაც საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას უნდა შეუწყოს ხელი.

ოთხი წლის ანასტასის მშობლები ამბობენ, რომ ეს პატარა, ლამაზი გოგონა ჯიუტია: როგორც კი თავის ცერა თითს კბილებში მოიხელთებს, თავის სამყაროში გადადის. მშობლებისა და ახლობლების არაერთი მცდელობის მიუხედავად, მას ვერც საქართველოში და ვერც ევროპაში ზუსტი დიაგნოზი ვერ დაუსვეს. სავარაუდოდ, ბავშვს აუტიზმი აქვს. თუმცა, მის ქცევებში შეინიშნება ამ ვარაუდის საწინააღმდეგო სიმპტომებიც, რაც ექიმების საბოლოო მოსაზრების ჩამოყალიბებას ხელს უშლის. ფაქტია, რომ ანასტასი ვერ ან არ დადის და ვერ ან არ ლაპარაკობს. „პატარა ფერია“    სამკურნალო-პედაგოგიური სკოლა-ბაღის აღსაზრდელია. ის დედას 11:00 საათზე მოჰყავს და 17:00 საათამდე იქვე ელოდება, რომ ბავშვს არაფერი დასჭირდეს. 

სათამაშო მოედნის უკან რკინის სათადარიგო კარია, მაგრამ ის ორი წლის წინ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შეადუღეს. შესაბამისად, ეს კარი უფრო ბუტაფორიაა, რადგან მასზე დაკისრებულ ვერც ერთ ფუნქციას ვერ ასრულებს - აღარც სათადარიგოდ გამოდგება და მითუმეტეს, არც სკოლის ძირითად არტერიად. 

ანასტასის მამა მუხრან სხვედიანი უცხოეთში ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. როგორც კი მიმდებარე კორპუსების მობინადრეთა მიერ თავისი შვილის სასწავლო დაწესებულების კარის შედუღების ამბავი შეიტყო, განგაში ატეხა: „ძველი სათადარიგო კარი 2004 წელს ჩაანაცვლეს რკინის კარით, რომელიც ასევე სათადარიგოა. იგი საშიშროებისას ბავშვების ევაკუაციას უზრუნველყოფს. თუმცა, ახლა კარი გარედან შედუღებულია. მოსახლეობამ გამოიტანა ვერდიქტი, რომელსაც ვერ დავეთანხმებით, რადგან მოსახლეობა სასამართლო არ არის“.

სასწავლო დაწესებულება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიით ფუნქციონირებს. მინისტრმა თამარ სანიკიძემ ამ ინცინდენტის გამო ატეხილი აჟიოტაჟის კვალდაკვალ, საინტერესო რამ განაცხადა. „სამინისტრო სხვადასხვა მიზეზის გამო, პირდაპირ ვერ ჩაერევა. ეს დავა არაა საგანმანათლებლო თემების ასპექტში. თუმცა, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. რეკომენდაციას გავუწევთ, რომ მიიღონ ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომელიც ბავშვებისთვის საუკეთესო იქნება“,  - ციტირებს თამარ სანიკიძეს ჟურნალი „ლიბერალი“. მინისტრის ფრაზამ, რომ „სამინისტრო პირდაპირ ვერ ჩაერევა“ საზოგადოების დიდ ნაწილს უკმარისობის გრძნობა გაუჩინა. 

სათადარიგო კარი ჭრიდა სკოლისკენ უმოკლეს და შედარებით მარტივად მისასვლელ გზას. მოდიოდნენ მანქანიანებიც, მაგრამ ეს მოსვლა-წასვლა მხოლოდ იმდენ დროს იკავებდა, რამდენიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ან მოზარდის მსუბუქი ავტომობილიდან გადმოყვანას ან პირიქით, მანქანაში ჩასმას უნდა სჭირდებოდეს. სულ რამდენიმე წუთზეა საუბარი და თუ ამას ტოლერანტობით ცნობილ ქვეყანაში ადამიანურსა და მორალურ-ზნეობრივ ფაქტორებს დავურთავთ, საგანმანათლებლო დაწესებულების ბენეფიციარებს, თავიანთი გადაადგილების შეზღუდული უნარითა თუ სხვა შეზღუდული შესაძლებლობებით, წესით, არავინ უნდა შეეწუხებინათ. 

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა დაუდასტურა  გარკვეული ბარიერების არსებობა, რასაც სამინისტრო აწყდება მსგავს სიტუაციებში: „განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არსებობს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო, რომლის მიზანია განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება, განვითარება, ინკლუზიური განათლების საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრირების ხელშეწყობა. სწორედ სიახლეების დანერგვის, ინკლუზიური განათლების ინტეგრირების პროცესში განათლების და მეცნიერების სამინისტრო ხშირად ხვდება ბარიერებს საზოგადოების, მშობლების, სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლების მხრიდან“.

„ზოგს არგუმენტად პარკინგის პრობლემა მოჰყავდა, ზოგი კი შშმ ბავშვების გადაადგილებით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ დათრგუნვასა და სტრესს იმიზეზებდა. გავიგეთ, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციების ქვეშ მუქარის შემცველი კომენტარებიც კი დაუწერიათ. მსურს, ყველაფერი გამოვიკვლიოთ და სასამართლოს მივმართოთ“, - ამბობს ანასტასის მამა. 

ბენეფიციარების მშობლები, ისევე, როგორც დაწესებულების დირექცია, კარის შედუღებისთანავე, დროულად შეშფოთდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ ადგილობრივ მოსახლეობასთან  ხანგრძლივი და დამღლელი დისკუსიის დასაწყებად ძალები არ ეყოთ.

„მე საქართველოში არ ვცხოვრობდი. ჩამოვედი, შვილი მოვიყვანე 15 სექტემბერს ბაღში და კარი პირველად სწორედ იმ დღეს ვნახე ასეთ მდგომარეობაში. შესაბამისად, სწორედ იმ დღეს დაიწყო ბრძოლა. მანამდე იყო ერთი შემთხვევა, როცა წინიდან შემოსასვლელი ეზო ჩაიკეტა რაღაც სამუშაოების გამო და ეს კარი მერე პატრულის დახმარებით, დროებით გაიხსნა. როგორც კი სამუშაოები დასრულდა და ძირითადი შემოსასვლელი ამოქმედდა, სათადარიგო კარი მეორე დღესვე ისევ შეადუღეს. დირექციას კი აღარ შესწევდა ძალა, რომ ბრძოლა განეგრძო. ზუსტად არ ვიცი, ვის მიმართეს, მაგრამ არანაირი გამოხმაურება და შედეგი არ მოჰყოლია მათ ქმედებებს. თავად სკოლის ძალიან კმაყოფილები ვართ. საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება სკოლა, რომელიც მას კონკურენციას გაუწევს“ , - ამბობს მუხრან სხვედიანი. 

„სკოლებში ინკლუზიური განათლების წარმატებით განხორციელებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი არსებობს. მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ მოსწავლისთვის კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა. ბორჯომის ქუჩაზე მდებარე სკოლაში მომხდარი შემაშფოთებელი ფაქტი, სამწუხაროდ, არის ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ნათლად ასახავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მიმართ საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულებას“, - აღნიშნავენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

სკოლა-ბაღის შენობა გერმანიის საელჩოს დაფინანსებითაა აგებული. დამხმარე ნაგებობაში მოზარდები პედაგოგთა მეთვალყურეობის ქვეშ, თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში, ამა თუ იმ დისციპლინასა თუ ხელსაქმეს ეუფლებიან. მშობლების დიდი ნაწილი სასწავლო დღეს იქვე ატარებს. მართალია, კარის შედუღების პრობლემა მათ შვილებსაც შეეხო და მათთვისაც არანაკლებ მტკივნეული თემაა, მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბარს ერიდებიან. 

ამდენად, სკოლის ბენეფიციარების უფლებებისთვის ბრძოლა ყველას ნაცვლად, ანასტასის მშობლებმა იტვირთეს. სკოლის დირექციამ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გადამღებ ჯგუფთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. გაჩუმდნენ იქ შეკრებილი დანარჩენი მშობლებიც. კარი არ გაგვიღო მობინადრემაც, რომლის მიშენებული ლოჯია თითქმის სკოლა-ბაღის ეზომდე გადის და სკოლის ღობემდე არც თუ ისე დიდ მანძილს მნიშვნელოვნად ამცირებს. ეს ოჯახი, სავარაუდოდ, ბავშვებისთვის კარის გაუქმების ინიციატორია. მეზობლები ამბობენ, რომ მანქანებისა და შშმ პირების მოძრაობა, ყველაზე მეტად მას უშლიდა.   

ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელმაც თავისი ვინაობა არ გაგვიმხილა, განაცხადა, რომ წარმოქმნილ დავაში მან ნეიტრალური პოზიცია დაიკავა. „კარის შედუღების მომხრე არ ვარ. სკოლას უწერია დებულებაში, რომ ეს სათადარიგო კარია და რაღაც თუ ხდება, უნდა გამოიყენონ. ამის ამოქოლვის უფლება არავის აქვს. თუმცა, თუკი მანქანებსაც აყენებდნენ დაწესებულების ხელმძღვანელები, ასეთი ღია კონტაქტიც მე მგონი არ არის კარგი, ისედაც უზარმაზარი ეზო გვაქვს. რამდენადაც გავიგე, წინ მცხოვრები მეზობლები წუხდებოდნენ და მგონი, უთქვამთ, რომ დაავადებული ბავშვები ჩვენ ბაღში შეიკრიბებიანო და ა.შ., რასაც არავითარ შემთხვევაში არ ვემხრობი. ბავშვი როცა ავადაა, ყველამ უნდა გაითავისოს ეს და ასეთი აკრძალვები არ უნდა იყოს“, - განაცხადა დიასახლისმა და თავის სამურაბე ქვაბებს მიუბრუნდა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების პროცესში სისტემატიურად უწევს სხვადასხვა სკოლის ადმინისტრაციასთან და მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა, რათა შეწყდეს შშმ/სსსმ პირის მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია და  უფლებების დარღვევა. განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს ცნობით, „თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრში’’ მომხდარი ფაქტის შემდეგ სამინისტრო წარმომადგენლები დაუკავშირდნენ როგორც სკოლის ადმინისტრაციას, ისე მშობლებს და გამოთქვეს მზაობა სკოლასა და საზოგადოებას შორის მედიატორის როლის შესრულებაზე.

სკოლის კეთილი და ალალი ბენეფიციარები ეზოში ყოველ ნახევარ საათში, შენობიდან შენობაში ხან ერთმანეთთან ხელიხელჩაკიდებულნი, ხანაც დამოუკიდებლად გადაადგილდებიან. ისინი ძალიან კონტაქტურები და ცნობისმოყვარენი არიან. ზოგიერთი მორიდებულია და ამხანაგის ჩრდილში დგომას ამჯობინებს, ზოგი - პირიქით, საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის საზოგადოებაში ადგილს ეძებს. 

საქართველოს აღებული აქვს მნიშვნელოვანი ვალდებულება, შეცვალოს განათლების სისტემა ისე, რომ ყველა მოსწავლეს ეფექტურ სწავლებაზე მიუწვდებოდეს ხელი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიაჩნია, რომ უმჯობესი იქნება, თუკი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ფიქრი და ზრუნვა მხოლოდ მომხდარი ფაქტების შემდეგ არ მოხდება და საზოგადოება, მედია დაიწყებს აქტიურ საუბარს იმაზე, რომ მნიშვნელობა არა აქვს, ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობის თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტატუსის მატარებელია - ყველა ბავშვი თანასწორია, აქვს თანაბარი უფლება, მიიღოს განათლება და იყოს საზოგადოების სრულუფასოვანი წევრი. ეს ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
 

ახალი ამბები